ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობა დაითხოვა

ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობა დაითხოვაოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობა დაითხოვა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ალან თადტაევმა „დეპუტატების“ საგანგებო შეკრებაზე განაცხადა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ინალ ჯაბიევის დაკავების შემდეგ გარდაცვალების გამო შედგა. „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება მთავრობა დაითხოვოს, რათა განიმუხტოს მწვავე ვითარება, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა“,- განაცხადა თადტაევმა.

ერთ-ერთმა ე.წ. დეპუტატმა ალიკ პლიევმა კი „გენერალური პროკურორის“ გადაყენებაც მოითხოვა.

28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ინალ ჯაბიევი ოკუპირებული რეგიონის „სამართალდამცავებმა“ დააკავეს. არსებობს ვარაუდი, რომ ის წამების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულს ოკუპირებულ ცხინვალში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ცხინვალის ცენტრში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, სადაც ე.წ. გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენება მოითხოვეს.