სალომე სამადაშვილი – „ეპიდსიტუაციით „ოცნებამ“ და მასთან დაკავშირებულმა ბიზნესმა ხელი მოითბო“

სალომე სამადაშვილი - „ეპიდსიტუაციით „ოცნებამ“ და მასთან დაკავშირებულმა ბიზნესმა ხელი მოითბო“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობ
რატომ ეძებს „ქართული ოცნება“ შიდა მტრებს წინა ხელისუფლების სახით და რატომ აყენებს მას რუსეთზე მთავარ მტრად? რას ფიქრობს ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით – რეალური პრობლემაა თუ სხვა ეჭვები ჩნდება? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობს.
– „ქართული ოცნების“ ლიდერები დღემდე აგრძელებენ აგვისტოს ომზე კომენტარებს, სადაც ისევ წინა ხელისუფლების როლზე საუბრობენ. რატომ ხდება ასე, შიდა მტერს ეძებენ და გარე მტერ რუსეთზე უფრო დიდ საფრთხეს მასში ხედავენ თუ რასთან გვაქვს საქმე?
– არა. მე მგონი, საქმე ის არის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ რუსეთი მტერი საერთოდ არ არის, პირიქით, მისი მოკავშირეა. აგვისტოს ომის შეფასებისას რუსეთისა და „ქართული ოცნების“ გზავნილები იდენტურია. ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის, იმიტომ, რომ ეს დარტყმას აყენებს საერთაშორისო სამართლებრივ ინფრასტრუქტურას. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მოკავშირედ თვლის რუსეთს და პირიქითაც – რუსეთი მოკავშირედ თვლის „ოცნებას“ კონკრეტულად ამ საკითხში.
– აღნიშნეთ, რომ ეს სახიფათოა. სახელმწიფოებრიობისთვის არ არის სახიფათო ის, რაც ხდება ზოგიერთ რეგიონში? მაგალითად, რა პროცესებიც ვიხილეთ ახალქალაქში? ამაში ხელისუფლების როლი არ არის და რუსეთის კვალიც ხომ არ ჩანს დესტაბილიზაციის თვალსაზრისით?
– რასაც ჩვენ გარშემო ვხედავთ, ეს ზოგადად არის სახელმწიფოს ჩამოშლის შედეგი. წლების განმავლობაში მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა და ამას თავისი შედეგი მოჰყვება. ვხედავთ, რომ ნდობა არ არსებობს სამართალდამცავი უწყებების მიმართ ქვეყანაში. არც მართლმსაჯულების სისტემის მიმართ არის ნდობა. შესაბამისად, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის 8 წლის თავზე საქართველო დაუბრუნდა იმ მდგომარეობას, რომელშიც ქვეყანა იყო 1990-იან წლებში, როდესაც სახელმწიფო ძალაუფლებას ნაკლები ძალა ჰქონდა, ვიდრე არაფორმალური მმართველობის ბერკეტებს. მაშინ ჩვენს მოქალაქეებს არ ჰქონდათ სახელმწიფო ინსტიტუტების იმედი.
ასე რომ, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში, გარდა იმისა, რომ უკიდურესი ეკონომიკური ვარდნა და სიღარიბე მოიტანა, ასევე ხელი შეუწყო სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას. ეს რუსეთის ინტერესებშია. რუსეთის მუდმივი ამოცანაა ასეთი ქმედებები. მას საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვაგვარი ამოცანა აქვს. მათ შორის ერთ-ერთია სახელმწიფოს მაქსიმალური დასუსტება. თუ შენ სუსტი სახელმწიფო გაქვს, ან ფაქტობრივად არ გაქვს სახელმწიფო, ან ის მიტაცებულია ოლიგარქის მიერ, ასეთ ქვეყანას შანსი და პერსპექტივა არ აქვს. მათ შორის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა არ არის და რუსეთს შეუძლია, მშვიდად იყოს.
რუსეთის ამოცანა საქართველოში იყო წარუმატებლობა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოსი. ამის უზრუნველყოფა მოახდინა ბიძინა ივანიშვილმა და ამიტომ არის, რომ შემოდგომაზე ქართველმა ხალხმა ამ ხელისუფლებას ის პასუხი უნდა გასცეს, რომელსაც ისინი იმსახურებენ.
– ეპიდსიტუაციის გამო ჩაიკეტა სვანეთი. ეს რეალურ პრობლემებს უკავშირდება თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რომ ამის უკან სხვა მიზეზია და ის ჯერ არ ვიცით ხალხმა?
– სამწუხარო რეალობა ის არის, რომ როდესაც არ არის საზოგადოებაში ნდობა სახელმწიფოს მიმართ, ეს ყველაფერზე ვრცელდება, მათ შორის ეპიდსიტუაციის ნდობაზეც. როდესაც გყავს ხელისუფლება, რომელიც არ არის სანდო, ადამიანებს ყველაფერთან დაკავშირებით უჩნდებათ შეკითხვები, მათ შორის იმავე ეპიდსიტუაციის მართვასთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევა. საზოგადოებამ თავად დაიცვა ეპიდსიტუაციის აფეთქების შემდეგ ყველა ზომა, რომლებიც ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას. მაგრამ, ზოგადად, ნდობა ხელისუფლების მიმართ არ არსებობს. ეს ყველაფერზე ვრცელდება და ყველა სფეროს უკავშირდება.
– ხომ არ გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია, რომ ეს უკავშირდებოდეს რაიმე კონკრეტულ თემას, იმავე დამკვირვებლების ჩამოსვლას? ვრცელდება ხოლმე ინფორმაციები კორუფციულ ინტერესებზე და ა.შ. გაქვთ რაიმე ინფორმაცია?
– ზოგადად, ნახეთ შესაბამისი ანგარიშები, რომლებიც მომზადდა, სადაც ჩანს, როგორ მოითბო ხელი „ქართულმა ოცნებამ“ და მასთან დაკავშირებულმა ბიზნესმა პანდემიის გამო. როდესაც ხელისუფლება ქვეყანაში თავიდან ბოლომდეა კორუმპირებული, ისინი ყველაფერში ხედავენ კორუფციის შესაძლებლობებს. ვნახეთ ანგარიში, სადაც პირდაპირ არის მითითებული, როგორ სარგებლობს „ოცნება“ თავისი კორუფციული ინტერესებისთვის. მათ შორის ეს ეხება პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი განსაკუთრებული მონდომებითა და დიდი მადით არიან ჩართული საკუთარი სარგებლობის სანახავად მმართველობის ბოლო თვეებში, რადგან თავადაც ხვდებიან, რომ ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ.
რა თქმა უნდა, ბევრი შეკითხვა არსებობს პანდემიის კონტექსტში თუნდაც ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებულ წესებზე. მაგალითად, როდესაც ტესტირებით შეიძლება გაიგო, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენს კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, გაუგებარია, რატომ უნდა ჩაკეტო ისინი კარანტინში. ამ ნაწილში ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება.