გია ხუხაშვილი: “სააკაშვილი და ივანიშვილი ტყუპის ცალივით გვანან ერთმანეთს”

გია ხუხაშვილი: "სააკაშვილი და ივანიშვილი ტყუპის ცალივით გვანან ერთმანეთს"“ბოკერიას მაჟორიტარობა მოულოდნელობაა, ამხელა ანტირეიტინგით ბრძოლაში შესვლას სერიოზული გამბედაობა სჭირდება”
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები ერთპიროვნულად უნდა მოიგოს, ამასთან სააკაშვილი გიორგი ვაშაძის შესახებ ამბობს, რომ ის ბნელ მხარეს დადგა. სააკაშვილს გიორგი ვაშაძე კრიტიკით არ პასუხობს, ის ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ ახლა ტალახის სროლის დრო არ არის. პარალელურად ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ის არც პარლამენტში იქნება და არც – რაიმე თანამდებობაზე.
რას ნიშნავს სააკაშვილის განცხადებები, რამდენად სწორი იყო მერაბიშვილის გადაწყვეტილება და რას ფიქრობს “ევროპული საქართველოს” მხრიდან მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის თაობაზე? – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს.
– მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა. რას ნიშნავს ეს თქვენი აღქმით?
– ეს დამახასიათებელია ჩვენი ლიდერებისთვის. ამით ძალიან გვანან მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს. ტყუპის ცალებივით გვანან ისინი ერთმანეთს ამ თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ისინი ყოველთვის მოქმედებენ პრინციპით – ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი მტერია. ეს არის პრინციპი და დავუშვათ, როგორც ბიძინა ივანიშვილის საუბრობს დავით უსუფაშვილზე, ასევე საუბრობს სააკაშვილი ვაშაძეზე და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ვინც მათთან არ არიან, ისინი ყველანი მათი მტრები არიან.
– ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველს მხოლოდ ნაცებად და ქოცებად განიხილავენ?
– ორპოლუსიანობა მარტო “ქართული ოცნების” ინტერესში არ არის. ეს არის სულელური თამაში ორ ხელში – “ქართული ოცნებისა” და ნაციონალური მოძრაობის შესრულებით. ეს არის სიმბიოზი, რომელიც ჩამოყალიბებულია ქართულ პოლიტიკაში და რომლებიც ერთმანეთით იკვებებიან.
– სააკაშვილი საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია და ვერ ხვდება, რომ ეს ივანიშვილისთვის არის მომგებიანი?
– როგორ ვერ ხვდება, ხვდება, მაგრამ მისი პოლიტიკური სტრატეგია აბსოლუტურად გამჭვირვალეა – თუ ნაციონალური მოძრაობა ექსკლუზიურად ვერ მოდის ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში ურჩევნია, რომ ისევ “ქართული ოცნება” დარჩეს. იმიტომ, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას შეინარჩუნოს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი. მხოლოდ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში შეინარჩუნებს ამას. ყველა სხვა შემთხვევაში ეს ვერ მოხდება.
– ანუ კოალიციის სახით ხელისუფლებაში მოსვლას ნაციონალურ მოძრაობას მეორე ადგილზე გასვლა ურჩევნია?
– საქმეც მაგაშია, რომ კოალიციას ვერ კრავენ. იმიტომ, რომ მათი გაგებით კოალიცია არ არის თანაბარი კალიბრის პარტიების ერთიანობა. კოალიცია, ნაციონალური მოძრაობის გაგებით, არის ნაციონალური მოძრაობა და ყველა სხვა დანარჩენი. ანუ თვითონ უნდა იყოს ცენტრში და თვითონ უნდა იყოს ძალაუფლების წყარო. სხვა პარტიები კი უბრალოდ სტატისტის როლში უნდა იყვნენ. მხოლოდ ამგვარ კოალიციას აღიარებს ნაციონალური მოძრაობა. თანაბარ პარტიებთან თანამშრომლობას არ აპირებს. ანუ, როგორც ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს ძალაუფლების ვინმესთან გაყოფას, ასევე არ აპირებს მიხეილ სააკაშვილი ძალაუფლების გაყოფას. ორივე ლიდერის პრინციპი ასეთია, რომ ან ყველაფერი, ან არაფერი. ასე მოქმედებენ ისინი.
– ნაციონალური მოძრაობა მაინც იქნებოდა კოალიციის ცენტრში, იმიტომ, რომ სწორედ ის არის ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტია, მაგრამ ესეც არ აკმაყოფილებს და სხვა პარტიები მის ირგვლივ მხოლოდ ფორმალურად უნდათ, რომ იყვნენ და არა – პარტნიორების როლში?
– დიახ. ზუსტად ეს უნდათ, მაგრამ ეს დღეს შეუძლებელია და რადგანაც დღეს ეს შეუძლებელია, ამიტომ ურჩევნია, რომ ისევ “ქართული ოცნება” დარჩეს ხელისუფლებაში ახლა და შეინარჩუნონ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი, რაც მას უტოვებს შანსს, რომ 2024 წელს მაინც მიიღებს შედეგს. მათთვის ახლა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენა უფრო კომფორტულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ძალის მოსვლა. იმიტომ, რომ სხვა ძალის გამოჩენა გამოიწვევს იმას, რომ თვითონ დაკარგავს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს და ეს მათთვის ძალიან სახიფათოა.
– ვანო მერაბიშვილმა გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ის არ აპირებს არც პარლამენტში და არც მთავრობაში რაიმე თანამდებობაზე ყოფნას.
– ეს მისი გადასაწყვეტია.
– ხომ არ არის ეს ტაქტიკის ნაწილი მისი იმიჯიდან გამომდინარე, რადგან ხელს ხომ არ უშლის ეს ნაციონალურ მოძრაობას?
– იმიჯში არ არის აქ საქმე. ეს არის მისი გადასაწყვეტი საკითხი და შეიძლება ითქვას, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. იმიტომ, რომ ის მაინც კულისური მენეჯერი უფროა და ალბათ შტაბის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
– სააკაშვილის ამ გზავნილებზე, რაც მან გააკეთა, უნდა ჰქონდეს თუ არა ოპოზიციას, იგივე ვაშაძეს ან სხვებს პასუხი თუ სწორად იქცევა ვაშაძე, რომ არ პასუხობს მწვავედ და უკეთესია დუმილის შენარჩუნება?
– რა თქმა უნდა, სჯობს, რომ ხიდები არ დაიწვას, რათა თანამშრომლობის შესაძლებლობა იყოს შენარჩუნებული.
– “ევროპულმა საქართველომ” დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატები. როგორ უყურებთ ამ პროცესს?
– აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გიგა ბოკერია დადგა მაჟორიტარად, რაც ჩემთვის კიდევ ერთი მოულოდნელობა იყო. მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა, ეს გადაწყვეტილება პატივისცემასაც იმსახურებს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ამხელა ანტირეიტინგით მაჟორიტარულ ბრძოლაში შესვლას სერიოზული გამბედაობა სჭირდება.
– ამ პროცესისგან რა მოლიდინი გაქვთ?
– არაფერს არ ველოდები. პროგნოზებისგან თავს შევიკავებ.