ხატია დეკანოიძე: „ჩვენს პარტიულ სიაზე ინფორმაცია ყალბია“

ხატია დეკანოიძე: „ჩვენს პარტიულ სიაზე ინფორმაცია ყალბია“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
არის თუ არა სასამართლოს მხრიდან გიორგი რურუასთვის პატიმრობის შეფარდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ელოდებიან თუ არა პოლიტიკური მართლმსაჯულების გაძლიერებას, რას უნდა ველოდოთ დასავლელი პარტნიორებისგან, ეთანხმება თუ არა თავისი თანაპარტიელების აზრს, რომ გიორგი ვაშაძე ვანო ჩხარტიშვილისგან ფინანსდება? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საუბრობს.
– გიორგი რურუას სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. მიიჩნევთ თუ არა ამას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად?
– ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მიიღო ბიძინა ივანიშვილის მონურმა სასამართლომ. მართლმსაჯულების არც ერთი რგოლი აღარ მუშაობს და ყველაფერი ერთ კაცს ემორჩილება. ამიტომ ზოგადად „ქართული ოცნებისა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან მძიმე შედეგები იქნება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ საარჩევნო გარემო უნდა იყოს თავისუფალი და მართლმსაჯულება არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკურ იარაღად. ამაზე განსაკუთრებით ხაზგასმა იყო პომპეოსა და გახარიას საუბრის დროს. სამწუხაროა, რომ საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში შედის ამ ფაზაში და პოლიტპატიმარი გიორგი რურუა შედის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
– რა რეაგირება გექნებათ თქვენ, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელს?
– რეაგირება ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს და მათ შორის მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. მათ ძალიან კარგად იციან, რა მდგომარეობაც არის საქართველოში, მათ შორის წინასაარჩევნო ვითარებაში, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს კიდევ უფრო მკაფიოდ გავაგებინოთ მათ.
ამიტომ მე დარწმუნებული ვარ ივანიშვილის დამარცხებაში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში არასდროს აღარ იყვნენ პოლიტპატიმრები და მათ შორის კანონის უზენაესობა დამყარდეს ერთხელ და სამუდამოდ. მართლმსაჯულების ყველა რგოლმა უნდა იმუშაოს ხალხისთვის და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ.
– როდესაც ამბობთ, რომ ივანიშვილის რეჟიმს მძიმე შედეგები ექნება, იმას გულისხმობთ, რომ არჩევნებში დამარცხდება?
– მათ შორის არჩევნებშიც დამარცხდება და თუ გაბედავს, კიდევ უფრო გაააქტიუროს პოლიტიკური მართლმსაჯულების ბერკეტები, იქნება ძალიან მძიმე შედეგები. არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, მათ შორის თქვენთან ინტერვიუებშიც, რომ ამაზე იქნება სანქციები. ამიტომ მთელი დასავლეთი აფრთხილებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ისტებლიშმენტსა და ივანიშვილს. უკვე პირდაპირ უწოდებენ რუსული გავლენების ადამიანსა და ოლიგარქს. ამიტომ ეს იქნება მისთვის მძიმე მოცემულობა.
– ფიქრობთ, რომ შესაძლოა, კიდევ
უფრო გაააქტიუროს პოლიტიკური მართლმსაჯულება?
– არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება იმ ვითარებაში, როდესაც საქართველო ნელ-ნელა ღრმა დიქტატურის კრიზისშია, იმიტომ, რომ როდესაც მართლმსაჯულება ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული, ეს უკვე დიქტატორულ რეჟიმს ნიშნავს. შესაბამისად, გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ, რაც არ უნდა გადაწყვიტოს, რომ აქტიურად აამოქმედოს თავისი რეპრესიული მექანიზმი, მით უფრო დადგება ის შედეგი, რომელიც მისთვისვე იქნება ცუდი.
– ახლა, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდია, რამდენად აძლევთ ხელს, რომ ახლა აამოქმედონ პოლიტიკური მართლმსაჯულება?
– ეგენი ხომ რაციონალურად არ მსჯელობენ. ეგენი მსჯელობენ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის თვალსაზრისით. ამიტომ, თუ ეს მოხდება, კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და მით უფრო მძიმე შედეგები დადგება.
– საერთაშორისო პარტნიორებისგან ელოდებით ისეთივე მწვავე განცხადებებს, როგორიც წინა შემთხვევებში იყო?
– ნამდვილად. 29 ივლისსაც გავრცელდა ძალიან მძიმე წერილი, სადაც პირდაპირ უწოდებენ ოლიგარქსა და რუსული გავლენების მატარებელს საქართველოში და გაცილებით უფრო მწვავე შეფასებები იქნება.
– პომპეოს გზავნილები ახსენეთ და როგორ თარგმნეთ თქვენ პოლიტიკურ ენაზე?
– პირველი, სამართლიანი არჩევნები არის უპირობო მოთხოვნა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან. ასევე უპირობოა კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების განმტკიცება, აგრეთვე კორუფციის დამარცხება. ამიტომ პომპეოს გზავნილი იყო მხოლოდ ერთი – ივანიშვილმა არ გაბედოს არჩევნებში აგრესიული მექანიზმების გამოყენება და ხელისუფლება გადააბაროს ხალხის მიერ არჩეულ ძალებს. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო მისი მხრიდან.
– როცა არჩევნებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები. გვესმის, რომ მატულობს შემთხვევები და ეს ხომ არ გიჩენთ ეჭვებს, რომ ხელოვნურად ხდება ფონის დამძიმება, რათა მინიმუმამდე იყოს დამკვირვებელთა ჩართულობა არჩევნებში?
– არაფრის გამორიცხვა არ შემიძლია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებაში გვყავს ჩრდილოვანი მმართველი, მაგრამ, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, დაამძიმოს ეს საკითხები, მაშინ ჩნდება კითხვა – რას უშვრებიან ადამიანებს, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში არიან? ამიტომ ადამიანებს მაქსიმალურად უნდა ვესაუბროთ, ჩვენი გზავნილები გვქონდეს და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ივანიშვილი ჩამოშორდეს ხელისუფლებას.
– ექიმები წავლენ ამაზე იმ ფონზე, როცა ამბობენ, რომ მეორე ტალღა აღარ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც პირველი?
– სიმართლე გითხრათ, ექიმების, რომლებიც არიან ხელისუფლების ფარად, ბოლომდე არ მჯერა, მაგრამ, მე მგონი, მათ მოუწევთ ძალიან დიდი და სერიოზული კონტექსტის გათვალისწინება ამ პროცესში.
– გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პაატა ბურჭულაძე იქნება პარტიული სიის მეორე ნომერი. მიდასტურებთ?
– მე არ ვიცი, საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია. პატივცემული ადამიანია პაატა ბურჭულაძე, მაგრამ სიასაც და მაჟორიტარული კანდიდატების სრულ შემადგენლობასაც პარტია დაასახელებს უახლოეს პერიოდში. ამწუთას ვერაფერს დაგიდასტურებთ.
– არც უარყოფთ?
– დადასტურება არ შემიძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამწუთას არ ვიცი, როგორი სიტუაცია იქნება.
– პარტიაში აქტიურად მსჯელობთ სიებზე, პროგრამაზე და ა.შ?
– რა თქმა უნდა. უახლოეს პერიოდში გვექნება პროგრამა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამა და სერიოზული ბრძოლა. რაც შეეხება ადგილებს, მაჟორიტარებსა და ა.შ. ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. გასაგებია, რომ არსებობს საჯარო ინტერესი, მაგრამ მთავარია ჩვენი კონტაქტი ამომრჩეველთან.
– კიდევ არის ინფორმაცია, რომ ათეულს მიღმა დარჩნენ ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან სალომე სამადაშვილი, თინა ბოკუჩავა, გია ბარამიძე. ამაზე რას იტყვით?
– არ ვიცი, თქვენ რა ინფორმაციას ეყრდნობით, მაგრამ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ჩვენს პარტიულ სიაზე, არ არის პარტიის პოზიცია. ეს ინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა სააგენტოზე დაიდო, არის ყალბი მანამ, სანამ პარტიის პოზიცია არ იქნება ნაცმოძრაობის სიასთან და მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით.
– პირადად თქვენ იქნებით თუ არა ათეულში?
– ჩემს თავზეც შემიძლია, იგივე გითხრათ, რომ პარტიის შეჯერებული პოზიცია იქნება მნიშვნელოვანი.
– ეთანხმებით თქვენი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებს იმაზე, რომ გიორგი ვაშაძე ფინანსდება ვანო ჩხარტიშვილისგან?
– ვაშაძესთან დაკავშირებით სტრატეგიაში გვქონდა შეუთანხმებლობა, მათ შორის სიაში მისი მხრიდან მოთხოვნილ ადგილებთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით და, მერწმუნეთ, დაფინანსებაზე დასმულ ყველა კითხვას აქვს არსებობის ლეგიტიმური უფლება.
– როდესაც ეს კითხვა მაშინ ისმება, როცა ის კოალიციიდან გადის, ეს რამდენად სწორად მიგაჩნიათ?
– მე გეტყვით, რომ ეს კითხვა ყოველთვის შეიძლება დაისვას. თუ შტაბზე მესაუბრებით, როდესაც ის შტაბის ხელმძღვანელი იყო, ჯერ ერთი, გიორგი ვაშაძეს არ დაუფინანსებია ჩვენი პარტია და მათ შორის არც საპრეზიდენტო კამპანია. შტაბის უფროსობა არის ტექნიკური პოზიცია.
– ტექნიკური ფიგურა რას ნიშნავს? როგორც შტაბის ხელმძღვანელი, ყველაზე აქტიურად ჩანდა საპრეზიდენტო კანდიდატის შემდეგ.
– ეგ ხომ არ ნიშნავდა იმას, რომ ვინმე აფინანსებდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას! მეტს ვერაფერს გეტყვით, რაც არ უნდა ჩამიბრუნოთ სიტყვები. მეტი სათქმელი არაფერი მაქვს.