“ოცნების” წევრები დაჩი ბერაია და ედიშერ ჯობავა ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ოცნების" წევრები დაჩი ბერაია და ედიშერ ჯობავა ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა ხობში მერიის შენობასთან ღამით მოხდა. თვითმხილველი „მთავართან” იხსენებს, რომ მაჟორიტარ დეპუტატს და საკრებულოს თავმჯდომარეს დაცვის პოლიციის წარმომადგენლები აშველებდნენ, თუმცა აგრესიულობით დაჩი ბერაია გამოირჩეოდა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაჩი ბერაიასა და ედიშერ ჯობავას შორის დაპირისპირება პროპორციულ საარჩევნო სიაში მოხვედრას უკავშირდება. მაჟორიტარი დეპუტატიც და საკრებულოს თავმჯდომარეც თვლიან, რომ საარჩევნო სიაში ყოფნას იმსახურებენ.

დაჩი ბერაია ინციდენტზე  საუბარს თავს არიდებს და უპასუხოდ ტოვებს კითხვას – რატომ დაუპირისპირდა საკრებულოს თავმჯდომარეს.

პარლამენტის წევრმა პასუხისგან თავის არიდების მიზნით „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს საარჩევნო შტაბის შენობა დაატოვებინა.

ინციდენტის მეორე მონაწილე ედიშერ ჯობავა არ გამორიცხავს, რომ თვითმხილველებმა საარჩევნო თემებთან დაკავშირებით ხმამაღალი საუბარი მოისმინეს ან მას ვინმე სხვა პირი მიამსგავსეს. რაც შეეხება პროპორციულ სიაში მოხვედრას, ჯობავა ამბობს, რომ პარტიას მასთან ამ საკითხზე კონსულტაცია არ ჰქონია.

მაჟორიტარ დეპუტატსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის არსებული დაპირისპირება რომ მუნიციპალიტეტში ყველასთვის კარგადაა ცნობილი, ამაზე საუბრობენ ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები.

ამბობენ, რომ დაჩი ბერაიას, რომელმაც საზოგადოებას თავი ე.წ. ამბოხებულ დეპუტატად დაამახსოვრა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა, დეპუტატის მანდატის მოპოვება კიდევ ერთხელ სურს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ბერაიას მსგავსად ჯობავაც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთგულებისა და მისი ასწლოვანი ხეების უპრობლემოდ გადატანის ხელშეწყობის გამო, პარლამენტში მოხვედრას იმსახურებს.

მთავარი