“საფრანგეთში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა ნანო კვინიტაძე” – რას იხსენებს მამუკა კუდავა

"საფრანგეთში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა ნანო კვინიტაძე" - რას იხსენებს მამუკა კუდავამამუკა კუდავამ ფეისბუქში დაწერა:

“საფრანგეთში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა ნანო კვინიტაძე – გასაბჭოების შემდეგ ევროპაში პირველი ემიგრაციის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი, დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი მთავარსარდლისა და ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის (ჩიქოვანი) ქალიშვილი.
ქალბატონი ნანო აკვანში იყო, როცა გენერლის ოჯახი რუსული ოკუპაციის გამო იძულებით საფრანგეთში დევნილობაში წავიდა. რთული დასაწყისი გამოიარეს, მათ შორის კვინიტაძის მუშაობა ქარხანაში მექანიკოსად და მისი მაწვნის გაყიდვის ბიზნესი ნანოს ძიძის ბაბალეს დახმარებით.
ნანო კვინიტაძესთან სასიამოვნო და სენტიმენტალური მოგონებები მაკავშირებს. პარიზში მუშაობის პერიოდში ის, მიუხედავად 90-ს გადაცილებული ასაკისა, მუდმივი მხარდამჭერი და აქტიური მონაწილე გახლდათ საქართველოს და საელჩოს ძალისხმევებისა. არ დამავიწყდება მისი შეშფოთებული სატელეფონო ზარი აგვისტოს ომის დღეებში, რამაც ბუნებრივად გენერალი მამის ერთი საუკუნისწინანდელი ბრძოლები გაახსენა იგივე მტერთან.
ქალბატონი ნანო ბოლო წლებამდე აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა: ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ამბებს სამშობლოდან, მონაწილეობდა დიასპორის ღონისძიებებში, ატარებდა მანქანას, მასპინძლობდა სააღდგომო წვეულებებს ბაბალეს რეცეპტით გაკეთებული პასკით და ა.შ.
დღესასწაულებზე მასთან ხშირად იმყოფებოდა ერთადერთი შვილი, ლონდონში მცხოვრები ვარსკვლავი მსახიობი და ჯეიმს ბონდის გოგო მარიამ დ’აბო, რომელსაც საქართველოს სიყვარული თვით გენერალმა ჩაუნერგა და ასწავლა.
სიამაყით გავიხსენებ იმადაც, რომ ჩემი ინიციატივით 2006 წლიდან თბილისში არსებობს გენერალ კვინიტაძის ქუჩა, სადაც თავდაცვის სამინისტრო მდებარეობს.”