“საშინელი კაცი იყო, ბიჭი გამოკეტილი ჰყავდა, გოგოებზეც ძალადობდა” – რა მოხდა თერჯოლაში

"საშინელი კაცი იყო, ბიჭი გამოკეტილი ჰყავდა, გოგოებზეც ძალადობდა" - რა მოხდა თერჯოლაშიბავშვი ძალადობის მსხვერპლი იყო, მამა მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა, – ამის შესახებ თერჯოლაში გარდაცვლილი მოზარდის ნათესავები აცხადებენ.

ისინი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

მათი თქმით, კაცი შვილებზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ბოლო ორი დღე კი 11 წლის მოზარდი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა – ის მამას სახლში ჰყავდა ჩაკეტილი და გარეთ არ უშვებდა, რომ მომხდარზე არ ესაუბრა.

“საშინელი კაცი იყო. გოგოებზეც ძალადობდა. ბოლო ორი დღე ბიჭი ჰყავდა გამოკეტილი, გარეთ არ უშვებდა, რომ არ მოეყოლა, რა მოხდა. ორი დღის წინ დამირეკა, დეიდა, ცემას გადავურჩიო, ვუთხარი გამოდი-მეთქი და არა, რომ გამოვიდე, მერე თქვენც გეჩხუბებათო”, -განაცხადა ბავშვის დეიდამ, ია ბოგვერაძემ.

კითხვაზე, თუკი იცოდნენ ძალადობის შესახებ, რა მოიმოქმედეს და რატომ არ დაუძახეს პატრულს, ნათესავები აცხადებენ, რომ მათ მამაკაცთან კონფლიქტი ჰქონდათ და მის სახლში მისვლას ვერ ახერხებდნენ.

შეგახსენებთ, რომ შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თერჯოლაში მამა დააკავეს. ნათესავებისგან განსხვავებით, მეზობლები აცხადებენ, რომ მამას 11 წლის შვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ძალადობის შესახებ არ სმენიათ.

იპნ