სერგო რატიანი – „პატრიოტთა ალიანსი“ პუტინისთვის მირთმეული ივანიშვილის ძღვენია“

სერგო რატიანი - „პატრიოტთა ალიანსი“ პუტინისთვის მირთმეული ივანიშვილის ძღვენია“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

ცენტრმა “დოსიემ” 24 აგვისტოს მასალები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით,  კრემლი “პატრიოტთა ალიანსს” 2020 წლის არჩევნებისთვის ფინანსურად ეხმარება და წინასაარჩევნო კამპანიის შინაარსთან დაკავშირებით ინსტრუქციებს აძლევს.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა საგამოძიებო სტატიის შინაარსი უარყო და ამბობს, რომ თავად სააკაშვილმა და ბოკერიამ ინტერნეტგვერდზე დააწერინეს ტყუილი. „ევროპულმა საქართველომ“ გამოძიების დაწყების თხოვნით პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩარევის საკითხზე და იმაზე, რამდენად ადეკვატურად მოიქცა საქართველოს ხელისუფლება „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი საუბრობს.

_ გაჩნდა ინფორმაცია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ კრემლიდან იღებს დაფინანსებას. თქვენ როგორ აფასებთ ამ ვითარებას და თუ დაინახეთ ხელისუფლების რეაქცია ამ საკითხზე ან რამდენად ადეკვატური იყო ის?

_ არამარტო საქართველოში, არამედ მთელ თავისუფალ სამყაროში რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს არჩევნებზე და შესაბამისად ჩაერიოს შიდა ცხოვრებაში. მით უმეტეს ეს სახიფათოა ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და რუსეთი ღია აგრესორია.

რა უნდა ვთქვათ?! ამ წლების განმავლობაში პირველი, რაც „ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა, არის ის, რომ გაათავისუფლა რუსი ჯაშუშები და ასევე ამ წლების განმავლობაში მას არცერთი ჯაშუში არ გამოუვლენია და დაუჭერია. ასევე გაძლიერდა პრორუსული ძალები, რომლებიც ანტიდასავლური ნარატივით მოქმედებენ და ძალადობრივი და სიძულვილის ენით საუბრობენ.

„პატრიოტთა ალიანსი“ და „ქართული მარში“ არის „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ძღვენი რუსეთისთვის და პირადად პუტინისთვის, როდესაც ისინი არიან პარლამენტში. ეს მაშინ, როდესაც იგივე რეიტინგის მქონე სხვა ოპოზიციური ძალები პარლამენტს გარეთ დარჩნენ.

როდესაც დღეს სრულიად გამჭვირვალე დაფინანსებას ვხედავთ, როდესაც ის მოდის რუსეთიდან ამ ძალების მხარდასაჭერად და ამაზე საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს რეაგირება, ეს იმას ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთ საჩუქარს უმზადებენ პუტინს.

_ ანუ, ივანიშვილი რეალურად პუტინს უმზადებს საჩუქარს? ამას ამბობთ?

_ დიახ, რასაკვირველია. ეს ძალა არის პრორუსული ძალა და როდესაც ხელისუფლება ეხმარება და ამ ქმედებებზე თვალსა ხუჭავს, ეს არის ის, რომ ივანიშვილი გარკვეულ საჩუქარს უმზადებს რუსეთს.

_ ირმა ინაშვილმა ამ ინფორმაციის გაჟღერება დაუკავშირა სააკაშვილს და ბოკერიას და თქვა, რომ მათი დაწერილი ინფორმაციაა და რეალობასთან საერთო არაფერი არ აქვსო. ამ განცხადებამ რა გითხრათ – ეს თავის მართლების მცდელობაა თუ რა?

_ რას უნდა დაუკავშირო სხვა, როდესაც ინაშვილი ღიად ამბობს, რომ ის პრორუსულია და ღიად დადიან რუსეთში და ღიად ქადაგებენ რუსულ პოლიტიკას, მათ შორის სიძულვილის ენას. ღიად საუბრობენ ანტიდასავლური რიტორიკით, ის, რომ ამ დღეებში ცნობილი გახდა დაფინანსების შესახებ, ამაზე მეტყველებს.

თუ ხელისუფლებას სურს, უნდა გამოიძიოს. იგივე ინაშვილს თუ სურს, რომ ეს იარლიყი არ ჰქონდეს, მაშინ ის თვითონ უნდა ითხოვდეს გამოძიებას. ამიტომ ამის სხვაზე გადაბრალება არის მათი სტილი.

ინაშვილს განსაკუთრებულად „უყვარს“ ბოკერია და სააკაშვილი. ვერ გეტყვით, რომელი უფრო. ხან ერთი და ხან მეორე. ეს მისი პირადი ამბავია.

_ თქვენ პირადად ელოდებით თუ არა, რომ რუსეთი საქართველოში ჩასატარებელი არჩევნების კონტექსტში სხვა მიმართულებითაც გააქტიურდება. ეს ალბათ არის საერთო კონტექსტის ერთი მხარე და გველოდება ამ პრიზმის სხვა მხარეებიც. თქვენ ეს მოლოდინი გაქვთ?   

_ რა თქმა უნდა. მოდი გავიხსენოთ, რომ თავად რუსეთს აქვს ნათქვამი, რომ 2008 წელს ტანკებით რომ შემოსულიყვნენ თბილისში, დაახლოებით იგივე შედეგი ექნებოდათ, რაც აგერ დღევანდელი ხელისუფლების – „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის პირობებში. იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლება გარკვეულწილად სწორედ ამ პოლიტიკას ეწევა. ამიტომ, „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომლითაც გააქტიურებულია რუსეთი ერთი მხრივ და მეორე მხრივ სხვა სატელიტი.

_ ბურჯანაძე აღარ არის პუტინის პრორუსული სატელიტი და დასაყრდენი?

_ რასაკვირველია, ბურჯანაძეც არის, მაგრამ ის დღეს ოდნავ განსხვავებული რიტორიკით არის, მაგრამ სწორედ ეს ძალები არიან, რომლებიც ღიად პრორუსულ პოლიტიკას ეწევიან. სწორედ ეს არის ჩარევა და სწორედ ამ სატელიტების მეშვეობით იბრძვის რუსეთი და პუტინი საქართველოში. ოღონდ ყველაზე დიდი საფრთხე „ქართული ოცნებაა“.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის სახელისუფლებო ძალა და ფაქტობრივად ის არის რუსეთის მოკავშირე, რაც ყველაზე სახიფათოა ჩვენი ქვეყნისათვის.

_ ვინაიდან ამბობთ, რომ ეს არის ივანიშვილის ძღვენი პუტინისთვის, აქედან გამომდინარე არ ელოდებით გამოძიებას? თუნდაც ფორმალურად, რომ სათქმელად მაინც ჰქონდეთ, რომ აი საზოგადოებას მაინც უთხრან ეს?

_ ჯერჯერობით ეს არ ჩანს. ის რომ მაინც ეთქვათ, რომ გამოვიძიებთო, ესეც კი არ უთქვამთ ჯერჯერობით. ეს მაინც იქნებოდა სასურველი, რომ ასეთი განცხადება მაინც გაეკეთებინათ, მაგრამ ესეც კი არ უთქვამთ.

ამიტომ, ჩვენ არც ველოდებით მსგავს რამეს.