ზურაბ ჯაფარიძე – “ყველა ანგარიშზე ყადაღა დამადეს”

ზურაბ ჯაფარიძე - "ყველა ანგარიშზე ყადაღა დამადეს"აღსრულების ეროვნულმა ბიურომ “გირჩის” ლიდერის ანგარიშებს, ძველი ჯარიმების გადაუხდელობის გამო ყადაღა დაადო. პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ფაქტს იმას უკავშირებს, რომ დღეს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ამ გზით მისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას ცდილობს.

“მაქვს რამდენიმე ჯარიმა, მათ შორის 2.000 და 3.000 ლარიანი. არის ისეთი ჯარიმებიც, რომელიც ორი წლის წინ დამაკისრეს. აქამდე სახელმწიფოს არ გახსენებია, რომ მოეკითხა ამ ჯარიმებისთვის და აღსრულება დაეწყო, ამიტომ გასაგებია, რომ ეს არ არის დამთხვევა.

ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ დღეს დილით განცხადება გავავრცელე და დავასახელე საკუთარი თავი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად. ასევე მაქვს შანსი, რომ ვიყო ერთიანი ოპოზიციური კანდიდატიც.

ამ ყველაფერს პირდაპირ ვუკავშირებ ამ ამბავს იმიტომ, რომ მეტი ფანტაზია “ქართულ ოცნებას” არ აქვს და პირველი რაც მოიფიქრეს არის ის, რომ ფინანსური პრობლემები შემიქმნან, ამიტომ ყადაღა დამადეს ყველა ანგარიშზე”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ინფორმაციას „გირჩი“ ავრცელებს.

იპნ