აკაკი ბობოხიძე – „სააკაშვილს უნდა, რომ ერთპარტიულად მართოს ქვეყანა, ჩვენი ამოცანა კი ივანიშვილის დამარცხებაა“

აკაკი ბობოხიძე - „სააკაშვილს უნდა, რომ ერთპარტიულად მართოს ქვეყანა, ჩვენი ამოცანა კი ივანიშვილის დამარცხებაა“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ როდესაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ციხეში ჩასვეს, მას ოპოზიცია „ტანკად“ მოიხსენიებდა და მას აინტერესებს, სად არის „ტანკი“. თალაკვაძემ ამით საარჩევნო კამპანია და აქტიურობა დაუწუნა ოპოზიციას.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ „9 წლის ძახილში“ ამჯერად თალაკვაძე იქნება „ლიდერი“, რა პასუხი აქვთ უგულავას პარტიაში ამაზე და რა პროცესებს ელოდებიან კორონავირუსის კვალდაკვალ? – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე საუბრობს.

_ პარტიების ქცევის კოდექსი მომზადდა, მოაწერეთ თუ არა მას ხელი „ევროპულმა საქართველომ“ და რას გულისხმობს ეს თქვენი გაგებით?

_ არ ვიცი. არ წამიკითხავს და არ გავცნობივარ მას. 2.5 თვეზე მეტია გადართული ვარ ჩემ სამაჟორიტარო ოლქში და მაქვს შეხვედრები. სამწუხაროდ, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ არ მინდა პასუხის გაცემა, არამედ მართლა არ ვიცი, თორემ კითხვებზე პასუხებს არ გავურბივარ. 1 თვეზე მეტია, ტელევიზორისთვისაც კი არ მიყურებია.

_ „პალიტრანიუსის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა თქვენი პარტიის ლიდერზე გიგი უგულავაზე და თქვა, რომ როცა ის დაიჭირეს, მაშინ ოპოზიცია ამბობდა, ტანკი იყოო. ახლა სად არის, სად გაქრა ეს ტანკიო. ანუ, ფაქტობრივად აქტიურობა დაგიწუნათ. რა პასუხი გაქვთ ამაზე?

_ ის, რომ გიგი უგულავა იჯდა ციხეში, არის ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაული, ხოლო ის, რომ არჩილ თალაკვაძე იჯდა ხელისუფლებაში და 2012 წლამდე სხვადასხვა თანამდებობებზე იყო, არის წინა ხელისუფლების შეცდომა.

_ რატომ, რა გაქვთ მხედველობაში?

_ შეცდომაა. არჩილ თალაკვაძისნაირი კაცი ჩვენთან ერთად არ უნდა ყოფილიყო.

_ არჩილ თალაკვაძე ნაციონალური მოძრაობიდან არის პორტირებული „ქართულ ოცნებაში“ და ამას უსვამთ ხაზს?

_ რა თქმა უნდა. ბიძინა ივანიშვილიც კი პორტირებულია. ბიძინა ივანიშვილი #5-ით დარბოდა 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე. კახი კალაძეც პორტირებულია. რომელი არ არის პორტირებული?! მათ პორტირება ე. წ. „ქართულ ოცნებაში“ მას შემდეგ გააკეთეს, როდესაც თავიანთი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ვერ მოვიდნენ წინა ხელისუფლებასთან უნისონში.

_ იკითხეთ, რომელი არ არის პორტირებულიო და მე მგონი ირაკლი კობახიძე არ არის. არ მეთანხმებით?

_ კობახიძე არ არის პორტირებული. იმიტომ, რომ კობახიძე პირდაპირ რუსულ კავშირებზე იყო და პირდაპირ მოსკოვთან იყო კავშირზე.

_ იმას გულისხმობთ, რომ ბურჯანაძესთან და მის პარტიასთან ჰქონდა რაღაც კავშირები?

_ არა, პირველ რიგში საკუთარ მამასთან.

_ მამამისი პრორუსია?

_ ჰკითხეთ და ალბათ დაადასტურებს.

_ არჩილ თალაკვაძის ეს გამოსვლა ნიშნავს თუ არა იმას, რომ თალაკვაძე იქნება ერთ-ერთი, ვინც წარსულზე ილაპარაკებს?

_ არა, არჩილ თალაკვაძის გამოსვლა არაფერს არ ნიშნავს. გარდა იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერაფერს ვერ სთავაზობს საქართველოს მოსახლეობას თავისი სახელით. ერთი იმით ტრაბახობდნენ, რომ კოვიდ 19 დაამარცხეს და აღმოჩნდა, რომ დამარცხებული კი არ არის, არამედ ყველაფერი წინ გველოდება. ყველაფერი უტვინოდ გააკეთეს. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა გაეხსნათ 3 თვის წინ, როდესაც ტურიზმის სეზონი იყო, ახლა გვეუბნებიან, რომ ახლა ვერ დავკეტავთო. ამდენ ხანს რატომ ვკეტავდით, ეგ არ მესმის. რატომ გავაღარიბეთ და გავაჩანაგეთ ეს ქვეყანა.

ერთადერთი სალაპარაკო ეს ჰქონდათ, რომ კოვიდს მოერივნენ, მაგრამ დღეს ირკვევა, რომ ამაშიც, ისევე როგორც ყველაფერში, უბრალოდ უვარგის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე.

_ ამ შემთხვევაში ხელისუფლების არათანმიმდევრულობაზე საუბრობთ თუ საუბრობთ იმაზე, რომ ვიწრო პარტიული ინტერესების მიხედვით მოქმედებდნენ?

_ ხელისუფლების უგუნურობაზე ვსაუბრობ პირველ რიგში. ის, რომ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ანაცვალეს ქვეყნის ინტერესებს, ეგეც უგუნურობაა. იმიტომ, რომ შეუძლებელია ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფით საკუთარი პოლიტიკური ინტერესების ბოლომდე დაცვა.

_ რას ელოდებით ამ მიმართულებით? არის საუბარი არჩევნების შესაძლო გადადებაზე. გაქვთ ამის მოლოდინი?

_ არა. „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ გადადებს. იმიტომ, რომ წინ საშინელი ზამთარი გველოდება. ბიუჯეტი დაცარიელებული აქვთ და „ქართული ოცნება“ მიდის ვა-ბანკზე. ან ახლა რამენაირად უნდა მოიგონ არჩევნები, თორემ შემდეგ კიდევ უფრო უარესი და მძიმე მდგომარეობა გვექნება, რაზედაც „ოცნებას“ პასუხისგება მოუწევს.

_ მათ დაიწყეს რეიტინგებით მანიპულაციები. გამოქვეყნდა „იმედის“ ეთერით „გორბის“ რეიტინგები. როგორ გგონიათ, ეს საზოგადოებაზე გავლენას არ იქონიებს?

_ მხოლოდ ბრიყვებზე.

_ გგონიათ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ მაინც წააგებს არჩევნებს?

_ რა თქმა უნდა.

_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს, მაშინ როდესაც არც ისე აქტიურად ჩანს ოპოზიცია?

_ „ქართულ ოცნებას“ 50%-ზე მეტი არცერთ არჩევნებზე არ აუღია 2012 წლის შემდეგ და მანამდე თუ ჰყოფნიდა 48%, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო სისტემა აღარ არის 77/73-ზე, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს წააგებს. მთავარია, ქართული ოპოზიცია მოვიქცეთ გონივრულად.

_ თუმცა არის კოვიდი, რომელიც უწყობს ხელს ამ პროცესს „ოცნების“ სასარგებლოდ. ამომრჩევლის რაღაც ნაწილი შეუშინდება ვირუსს და საერთოდ არ წავა არჩევნებზე. „ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსის მობილიზებას ალბათ მოახდენს.

_ ამიტომ ვთქვი, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს არ გადადებს და ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ეგეც იქნება იმისა, რომ არ გადადოს. ვა-ბანკზე მიდიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ რამენაირად ახლა მოიგონ არჩევნები. იმიტომ, რომ შემდეგ ამის თეორიული შანსიც კი არ ექნებათ. ამ ეტაპზე აქვთ შანსი, ოღონდ მხოლოდ თეორიული შანსი.

_ სააკაშვილი ხომ არ უწყობს ხელს იმას, რომ რაღაცნაირად მისგან ისევ საფრთხობელა შექმნან და ისევ ორპოლუსიანობაში გადავიდეს ბრძოლა?

_ მესმის სააკაშვილის – მას უნდა, რომ ერთპარტიულად მართოს ქვეყანა. მისთვის მთავარია, რომ მისი პარტია იყოს უმრავლესობაში და იმის იქით აღარ იხედება. მისთვის მთავარია, რომ პოლარიზებული იყოს გარემო. ამომრჩევლის ნაწილი იყოს მასთან, ხოლო მეორე ნაწილი _ ხელისუფლებასთან. მისი ამომრჩევლის რაოდენობამ თუ აჯობა ხელისუფლებისას ხომ კარგი, თუ არა და დაელოდება 2024 წელს.

სააკაშვილს აქვს მოთმენის რესურსი, მოთმენის უნარისგან განსხვავებით. მას შეუძლია დიდხანს გაუძლოს, მაგრამ ამას ვერ გაუძლებს საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, სააკაშვილს რა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი.

არ არის სააკაშვილი ამ ეტაპზე მთავარი, მთავარია, როგორ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი.