“ძალა ერთობაშიას” რესპუბლიკელები და კახა ოქრიაშვილის პარტია დაემატნენ

"ძალა ერთობაშიას" რესპუბლიკელები და კახა ოქრიაშვილის პარტია დაემატნენ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “რესპუბლიკური პარტია”, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის”, მოძრაობა “ჩვენ თვითონ” და “პროგრესი და თავისუფლება” ერთიან საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.

სწორედ ამ შემადგენლობით წარსდგება მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ძალა ერთობაშია”.

დღესვე გაირკვა რამდენიმე კანდიდატი, რომელიც მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანების სახელით იბრძოლებს.

“მოლაპარაკების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათაც ის მიზნები აქვთ, რაც იმ პარტიებს აქვთ, რომლებიც 2018 წლიდან იყვნენ გაერთიანებაში. წარდგენა იქნება მასშტაბური, საზეიმო. შემიძლია გითხრათ ის გვარები და ოლქები, რომლებიც ჯერ არ იცით. გურიაში იქნება ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ხაშურში ნატო ჩხეიძე, ბოლნისში კახა ოქრიაშვილი, მხეთა-მთიანეთში ცეზარ ჩოჩელი, რაჭა – დოლარ ხაბულიანი,”- განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ.

“პოლიტიკა არ არის არც სიძულვილი, არც შიში, არც წარსულის კომპლექსები. პოლიტიკა არის პრინციპები და ღირებულებები და საერთო ინტერესებით იმის გაკეთება, რომ ეს ქვეყანა წავიდეს წინ. ქვეყანაში არ არსებობს სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც ასე აზიანებდეს და ნერვებს უშლიდეს ბიძინა ივანიშვილს, როგორიც არის მთავარი ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობა”. დღეს არ არის შესაძლებელი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე, მაგრამ არ არის საკმარისი ამისთვის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” აქტიურობა და სწორედ ამიტომ აერთიანებს სხვა პოლიტიკურ ძალებს,”- აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.