გია ბარამიძე – „სიის პირველ ათეულში არ ვიქნები“

გია ბარამიძე - „სიის პირველ ათეულში არ ვიქნები“ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პარტიული სიის შესახებ საუბრობს.

_ თქვენ თუ იქნებით სიის პირველ ათეულში?

_ პირველ ათეულში ნამდვილად არ ვიქნები. ეს არ არის ჩემი ამოცანა. ამ ტერმინებით არც ვსაუბრობთ, რომ ვინ სად იქნება. მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, მე სად ვიქნები, არამედ სად იქნება საქართველო. შიგნით როგორ დავლაგდებით და არჩევნების შემდეგ ვინ, სად ვიქნებით, ეს არ არის მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის.

_ როგორ არ არის მნიშვნელოვანი.

_ მნიშვნელოვანია ის, რომ გაიმარჯვოს ნაციონალურმა მოძრაობამ ან მთლიანად ოპოზიციამ და დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენ დიდ გუნდში ყველას გვექნება ჩვენი საკეთებელი საქმე და ის ადგილი, სადაც ამას გუნდი ჩათვლის საჭიროდ.

_ გამსვლელ სიაშიც არ იქნებით?

_ ეს არ არის სალაპარაკო თემა. რამდენიმე დღეში გაიგებთ, როდესაც სია გამოქვეყნდება.

_ თქვენ თვითონ არ გაქვთ სურვილი თუ გუნდის გადაწყვეტილებაა ასეთი?

_ მერამდენედ გიპასუხოთ ერთი და იგივე კითხვაზე?!

_ საინტერესო საკითხია. იქნებ აღმასრულებელი ხელისუფლებისკენ მიგიწევთ გული?

_ ამას გუნდის შიგნით გადავწყვეტთ, ეს არ არის საყურადღებო, როგორც კი ამ თემაზე რამეს გიპასუხებთ, თქვენ რას გამოიტანთ სტატიის სათაურად, არ ვიცი, მაგრამ სააგენტოები ამას გამოიტანენ სათაურად. ეს არანაირად არ გვაწყობს და არც გვჭირდება.

_ თითოეულ სიტყვას ზომავთ?

_ რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. ჩვენ მოვძებნით ჩვენ ადგილს გუნდში. მთავარია, ჩვენი ქვეყანა სად იქნება. მერაბ კოსტავას დავესესხები, მთავარი ის კი არ არის, ჩვენ სად ვიქნებით გუნდში, არამედ ის, ჩვენი ქვეყანა სად იქნება.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა