გია ხუხაშვილი ჩერგოლეიშვილს – “მის ნარატივში ყოფნას ტყემლის ხეზე ყოფნა მირჩევნია”

გია ხუხაშვილი ჩერგოლეიშვილს - "მის ნარატივში ყოფნას ტყემლის ხეზე ყოფნა მირჩევნია"ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ოპოზიციის და ხელისუფლების შანსებზე საუბრობს.

გია ხუხაშვილი:

_ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ სააკაშვილს მართლა ჰგონია, რომ 50%-ს აიღებს არჩევნებზე?! არ ჰგონია! სააკაშვილი იდიოტი არ არის და მან იცის, რომ ექსკლუზიურად ხელისუფლებაში ვერ მოვა, მაგრამ ლაპარაკობს როგორც პოლიტიკოსი და ცდილობს, რომ რაც შეიძლება თავისი პარტიისკენ მოქაჩოს მეტი ხმები და მრავალპარტიულობასა და კოალიციაზე ილაპარაკონ პოსტსაარჩევნო პერიოდში.

– რა უნდა გააკეთონ ოპოზიციურმა პარტიებმა მაშინ, როცა ეკითხებიან, დაუჭერენ თუ არა სააკაშვილის პრემიერობას მხარს?

– დიდი ბოდიში, მაგრამ რატომ არის ამაზე ლაპარაკი ახლა საჭირო. მოუკლავი დათვის ტყავზე დღეს რატომ უნდა იყოს ლაპარაკი?! სამიზნე ხომ ხელისუფლების დამარცხებაა?!

დღეს არჩევნების ბედი წყდება გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიერ.

– ხაზარაძე ამბობს, რომ 25%-ს ავცდები გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხარჯზეო. რეალურია ეს?

– დღეის მდგომარეობით ეს ასე არ არის და ვერც იქნება.

– პირადად თქვენი მოლოდინი როგორია?

– ვითარება ბუნდოვანია. ხელისუფლებას აქვს უპირატესობა და შანსი შეინარჩუნოს ძალაუფლება კორონავირუსიდან გამომდინარე, მაგრამ ეს შანსი არ არის აბსოლუტური.

– თამარ ჩერგოლეიშვილმა მოგიძღვნათ პოსტი და თქვა, რომ გია ხუხაშვილი ვინმემ ჩამოსვას ტყემლის ხიდანო. თუ უპასუხებთ მას?

– თქვენი გაზეთის მეშვეობით ასე გადავცემ ჩერგოლეიშვილს, რომ მის ნარატივში ყოფნას, ტყემლის ხეზე ყოფნა მირჩევნია ნამდვილად.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა