გიგა ბოკერია – „სააკაშვილი ივანიშვილს ძალიან დაემსგავსა“

გიგა ბოკერია - „სააკაშვილი ივანიშვილს ძალიან დაემსგავსა“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და „ძალა ერთობაშია“-ს პრემიერობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა 20 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ვერ ხედავს პარტიულ კოალიციას მომდევნო პარლამენტში და ხედავს მხოლოდ „საზოგადოების კოალიციას“. სააკაშვილი ამბობს, ამ არჩევნებზე უმრავლესობას აიღებს ან ნაციონალური მოძრაობა, ან საქართველო დაიღუპება.

სააკაშვილის ეს განცხადება გააკრიტიკეს რიგმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, რასაც საპასუხოდ ნაციონალური მოძრაობის წევრების კრიტიკა მოჰყვა „ევროპული საქართველოს“ მისამართით.

რატომ არის სააკაშვილის ეს განცხადება მისთვის და მისი პარტიისთვის მიუღებელი, რას პასუხი აქვს ნაციონალური მოძრაობის კრიტიკაზე და რა მსგავსებას ხედავს მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის? – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია საუბრობს.

_ სააკაშვილის განცხადებებზე გააკეთეთ შეფასება, რასაც ნაციონალური მოძრაობის წევრების კრიტიკა მოჰყვა და თქვეს, რომ „ევროპული საქართველო“ ცდება იმ გზას, რასაც ადგა და დაკარგა მთავარი ორიენტირი, რასაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლა. რა პასუხი გაქვთ ამაზე და განმარტეთ ჩვენი მკითხველისთვისაც, რატომ არის მიუღებელი სააკაშვილის განცხადება?

_ სააკაშვილი და მისი გარემოცვა დღეს ავლენს იმას, რაც მათი არსია, რაც აინტერესებთ მათ. პერსონალურად ძალაუფლების დაბრუნება, მხოლოდ ეს არის და ეს ამოძრავებს მას. ამაში ძალიან ჰგავს ივანიშვილს. ივანიშვილს უნდა დღევანდელობის შენარჩუნება, იმიტომ, რომ დღეს აქვს აბსოლუტური ძალაუფლება, ხოლო სააკაშვილს უნდა წარსულში დაბრუნება, როდესაც ჩვენი გუნდი ვაკონტროლებდით ყველა შტოს და როდესაც ამან მოიტანა ცუდი შედეგები. ივანიშვილს უნდა დღევანდელობა, ხოლო სააკაშვილს წარსულში დაბრუნება. ქვეყანას კი სჭირდება წინსვლა და გარდამტეხი ცვლილებები. ამის გეგმა გვაქვს ჩვენ – „ევროპულ საქართველოს“.

როდესაც სააკაშვილი მე-40-დ დააანონსებს, რომ ჩამოვდივარ და მერე არ ჩამოდის, ეს ჰგავს იმას, როდესაც ივანიშვილი გვეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის და გვეუბნება, რომ უნდა ვუმადლოდეთ მას, ეს მაშინ, როდესაც ასეთი კრიზისი და გაჭირვებაა ქვეყანაში. ანუ, დაემსგავსა ერთმანეთს ეს ორი ძალა და დღეს მათ აინტერესებთ ძალაუფლების სურვილი, როგორც ყველაფრის მამოძრავებელი. ამ დროს ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, სჭირდება გადასახადების დაწევა, სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი ქონების, მიწის და ყველაფრის რაც მთავრობის ხელშია, კერძო საკუთრებაში გადასვლა. ქვეყანას სჭირდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, სამუშაო ადგილები… ქვეყანას სჭირდება წინსვლა და არა _ კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ძალის ხელში, რაც ქმნის დღეს უკონტროლობას. ეს იყო პრობლემა ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც. ეს არის „ევროპული საქართველოს“ მკაფიო პოზიცია და ვთვლი, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილის პოზიციაც იგივეა.

ნაციონალური მოძრაობის წევრების პოზიციები მე არ მაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს, როგორ გამოვიყვანთ ქვეყანას იმ კრიზისიდან იმ ცვლილებებით, რაც აუცილებელია. ჩვენ გვაქვს გეგმა და კომპასი იმის, როგორ ვიაროთ წინ.

_ გეუბნებიან, რომ რომელ პოლიტიკურ ძალას არ სურს ხელისუფლებაში მოსვლა ერთპარტიულად, თუ ეს შეუძლიაო. ამაზე რა პასუხი გაქვთ, თქვენ არ გინდათ?

_ „ევროპულ საქართველოსაც“ და ყველა პოლიტიკურ ძალასაც სურს, რომ მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს, მაგრამ გააჩნია, რის ფასად. თუ მხოლოდ ძალაუფლება გაინტერესებს და ამისთვის უპირისპირდები და თუ დასკვნები ვერ გამოიტანე შენი საკუთარი მმართველობიდან, რომ ერთპარტიული მმართველობა პრობლემაა…

ერთი პიროვნების მმართველობა ივანიშვილის მმართველობის სახით არის კატასტროფა, მაგრამ ერთპარტიული მმართველობაც პრობლემაა, რაც ჩვენ გვქონდა. ამასთანავე, თუ რეალობას თვალს არ უსწორებ, რომ არცერთ პარტიას არ აქვს 50%-იანი მხარდაჭერა, ეს ნიშნავს, რომ არ ხარ მზად, რომ ქვეყანა წაიყვანო წინ. სწორედ იგივე მიზეზებით ჩაშალა სააკაშვილმა მოლაპარაკებები და კოორდინირება მაჟორიტარებზე, რაც მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ რისკები შეგვემცირებინა და შანსი ყოფილიყო, რომ ივანიშვილის კანდიდატები პირველივე ტურში დამარცხებულიყვნენ. ეს არ გააკეთა სააკაშვილმა და მისმა ახლო გარემოცვამ. ეს არის მიზეზი იმ პოზიციის რაც ჩვენ და არა მარტო ჩვენ გვაქვს.

მას აინტერესებს მხოლოდ ძალაუფლება, ქვეყანას კი სჭირდება ხედვა, როგორ წავალთ წინ და როგორ შევცვლით არსებულ ვითარებას რადიკალურად და როგორ გავატარებთ გარდამტეხ ცვლილებებს.

_ ხშირად გითქვამთ თქვენც და სხვა პოლიტიკოსებსაც ოპოზიციიდან, რომ ივანიშვილი ხელს უწყობს პოლარიზაციას. სააკაშვილიც ამას ხომ არ აკეთებს და ხომ არ ხედავთ, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის კავშირები იკვეთება. ანუ გარიგების ნიშნებსაც ხომ არ ხედავთ?

_ არა. ეგ შეთქმულების თეორიები სწორედ ივანიშვილის და სააკაშვილის სტილია. მათ აქვთ ერთი და იგივე გზავნილები. სწორედ გვანან იმაში, რომ აბსოლუტური ძალაუფლება უნდათ და არა იმაში, რომ ფიქრობენ, ქვეყანას რა მოუვა. მათი გზავნილები ერთმანეთს ემთხვევა და ივანიშვილის პროპაგანდა მუდმივად იყენებს სააკაშვილს – დასაცინად და საქილიკოდ ჰყავს და რაც მთავარია იგივე ამბავს ეუბნება ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას, რომელსაც უნდა ივანიშვილის მმართველობის დასრულება მშვიდობიანად, მაგრამ არ უნდა სააკაშვილის მმართველობის დაბრუნება.

ივანიშვილის პროპაგანდა გვეუბნება ამას და სააკაშვილი ამაში პირდაპირ უწყობს ხელს. ივანიშვილის პროპაგანდა ხალხს ეუბნება, რომ სააკაშვილი მოვა ისეთი ძალაუფლებით, როგორიც დღეს არის ივანიშვილი, სხვა არჩევანი თქვენ არ გაქვთო.

ეს არის სიცრუე, ჩვენ არჩევანი გვაქვს სწორედ აი ამ მიდგომასთან, წინსვლას და გარდამტეხ ცვლილებებს შორის გასაკეთებელი. მეორე არჩევანზე ვდგავართ ჩვენ, „ევროპული საქართველო“, პირველი არჩევანი კი არის ივანიშვილი და სააკაშვილი.

_ გახარიამ განაცხადა, 8 წელი არ გვეყო ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდაო და ა. შ. მან თქვა, 4 წელი კიდევ გვჭირდება ამისთვისო. ეს როგორ გაიგეთ? მისი გზავნილი იყო, რომ 4 წელი კიდევ უნდა მივცეთ „ოცნებას“?

_ გახარია ხომ არავინ არის, ხვალ შეიძლება გაქრეს პოლიტიკურად, თუ ამას ივანიშვილი მოინდომებს. მას არავითარი წონა არ აქვს, ისევე როგორც ყველა წინა პრემიერ-მინისტრს. ივანიშვილი კი ხალხს ეუბნება, რომ არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, ყველაფერი კარგად არისო. ეს არის მისი მთავარი გზავნილი. ლარის კურსი რომ ეცემოდა, უტიფრად ამუნათებდა ხალხს, თქვენი ბრალია მრჩევლები რომ არ აიყვანეთო. ეს დამოკიდებულებაა.

ამიტომ გვჭირდება ამ კაცის ჩამოცილება ხელისუფლებიდან და სისტემის მთლიანი ცვლილება. გახარია ვინ არის საერთოდ, ის გაქრება პოლიტიკიდან, როგორც კი ამას ივანიშვილი მოინდომებს. უბრალოდ, ერთ თვეში ივანიშვილის გადასაწყვეტი აღარ უნდა იყოს ის, თუ რა მოხდება ამ ქვეყანაში.

ჩვენ გველის უმძიმესი რეალობა. 90.000-მდე ავიდა დაკარგული სამუშაო ადგილების რაოდენობა ოფიციალური მონაცემებით, რაც არ არის სრულყოფილი სურათი. ეს ხალხი კი უტიფრად აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების გადასახადების ზრდით და მათი ფულით ქვეყნის ჩიხში შეყვანას. ასევე კორუფციით და ამ დამოკიდებულებით, რაც მათ აქვთ.

ჩვენს მოთხოვნაზე, რომ დაეწიათ გადასახადები და მეტი დოვლათი დარჩებოდა ხალხს, ყური არ გვათხოვეს. ამიტომ, მათი გადარჩევა უნდა მოხდეს და გვჭირდება რადიკალური ცვლილებები. ჩვენი გეგმით, საშუალოდ 2.000 ლარი დაეზოგება ყველა ოჯახს გადასახადების ყველა მიმართულებით შემცირების შედეგად. ისევე როგორც მნიშვნელოვანია ყველა ქონების დაბრუნება კერძო საკუთრებაში, რაც დღეს მთავრობის ხელშია.

ბოლოს, თავისუფალი სასამართლო, რომელიც ვერ შექმნა ვერცერთმა პოლიტიკურმა გუნდმა, რომელიც ხელისუფლებაში იყო, ჩემი ჩათვლით, როდესაც მე ვიყავი ხელისუფლების ნაწილი. აქ ჩვენ გვაქვს რადიკალური რეფორმის გეგმა. დავიწყეთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, მაგრამ ეს ივანიშვილმა გააჩერა. ეს არის საკვანძო ნაწილი, როდესაც მოქალაქეები ხდებიან საკვანძო ნაწილი მართლმსაჯულების განხორციელებაში. ეს არის ის, რაც გაიარა თავისუფალმა სამყარომ და ამით მოიპოვა ის შედეგები, რაც მათ დღეს აქვთ. ამაზე საუბრობდა თავის დროზე ილია ჭავჭავაძე, მისი ცნობილი ციტატაა ამაზე. ამიტომ, ეს არის ის კომპონენტი, რა გეგმაც აქვს „ევროპულ საქართველოს“ გარდამტეხ ცვლილებთან დაკავშირებით და რა გზითაც უნდა ვიაროთ წინ.

გახარია ან ივანიშვილის რომელიმე კლოუნი რას იტყვის, მესამე ხარისხოვანია. მათი დამოკიდებულება ცნობილია და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, ყველაფერი კარგად არის და არაფერს არ შევცვლითო.