ირაკლი ოქრუაშვილი – „ჩემი თავდაცვისმინისტრობა არარეალურია. საკუთარ თავს პარლამენტში ვხედავ“

ირაკლი ოქრუაშვილი - „ჩემი თავდაცვისმინისტრობა არარეალურია. საკუთარ თავს პარლამენტში ვხედავ“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
რამდენად ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს ოპოზიციაში? რას სთავაზობს ამომრჩეველს? რას ფიქრობს სააკაშვილის ფაქტორზე? რატომ არ საუბრობს ოპოზიცია ჩრდილოვან კაბინეტზე და რატომ არის ნაადრევი პრემიერზე საუბარი? – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ვრცელ ინტერვიუში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საუბრობს.
– როგორ მიმდინარეობს თქვენი საარჩევნო კამპანია, რამდენად ჯანსაღად მიგაჩნიათ ოპოზიციაში პროცესები და გეგმავთ თუ არა, რომ თქვენი პარტიიდან კიდევ რამდენიმე ოლქში დაასახელოთ მაჟორიტარობის კანდიდატები?
– კამპანია რაიმე განსაკუთრებული ნიშან-თვისებით არ გამოირჩევა, ჩვეულებრივად მიდის. მარტო საბურთალოზე არა, ბევრგან მიწევს სიარული და მოსახლეობასთან შეხვედრები, როგორც თბილისის სხვა უბნებში, ასევე რეგიონებშიც.
ოპოზიციას რაც შეეხება, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ვინმეს ეგონოს, რომ რაღაც გარკვეული არასასიამოვნო პროცესები ვითარდება. ეს ასე არ არის. ჩვეულებრივი პროცესია, რაღაცაზე ვთანხმდებით, რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით. მთავარია, ყველა ერთად ვაცნობიერებთ იმას, რომ ქვეყნის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს ივანიშვილი და მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება უნდა მოხდეს მშვიდად, ყოველგვარი ექსცესებისა და რყევების გარეშე. უნდა მოხდეს მისი ოპოზიციაში გადაბარგება, რაც ასევე ჯანსაღი პროცესი იქნება.
რაც შეეხება დანარჩენ ოლქებს, მომდევნო კვირაში რამდენიმე ოლქში ზოგადი შეთანხმებით ვგეგმავთ კანდიდატის დასახელებას.
– ანუ რამდენიმე ოპოზიციური პარტია მხარს დაგიჭერთ?
– დიდი ალბათობით. ამას ვცდილობთ და ალბათ მივაღწევთ.
– მათ შორის გურამ ჩალაგაშვილის დასახელებასაც უნდა ველოდოთ?
– მოვლენებს არ მინდა გავუსწრო. მომდევნო კვირაში ცალსახა და ნათელი სურათი გვექნება.
– ოპოზიციას ივანიშვილის დამარცხების თვალსაზრისით ბრძოლა გაქვთ გამოცხადებული ოლიგარქიის წინააღმდეგ. თქვენთვის მისაღები იყო რამდენიმე დღის წინ ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილება კოალიციაში „ძალა ერთობაშია“ ოქრიაშვილის, ჩოჩელისა და სხვების შეერთების თაობაზე?
– სხვა პარტიების შიდა სამზარეულო ჩემი საქმე არ არის. ეს არის მათი გემოვნების საკითხი, ოქრიაშვილს დაუჭერენ მხარს თუ მე არ დამიჭერენ მხარს საბურთალოზე. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. ამასთან მიმართებით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც თვეების განმავლობაში აპროტესტებდნენ ჩაგდებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ალბათ გაბრაზებული და ნაწყენია. სრულიად ვიზიარებ მათ პათოსს.
– თქვენ არ ხართ ნაწყენი, რომელმაც ამის გამო ციხეში გაატარეთ რამდენიმე თვე?
– ჩემი საქმე არ არის, ოქრიაშვილი სად იქნება, მაგრამ ყველა პარტია უნდა აცნობიერებდეს, რომ ასეთი პერსონები დღეს ერთგან არიან, ხვალ მეორეგან გადახტებიან. ასე რომ, წინასწარ ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს, დანარჩენი მათი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებისა და გემოვნების საკითხია.
– არ ხართ ადამიანურად ნაწყენი, რომ ციხეში იჯექით ამის გამო და ისინი მაინც პირადი ამბიციებისა თუ სხვა მიზეზის გამო ასე იქცევიან? თუნდაც ის, რომ საბურთალოზე არ დაგიჭირეს მხარი. მაშინ, როდესაც თქვენ საპრეზიდენტო არჩევნებზე მათ კანდიდატს მხარი დაუჭირეთ ძველი წყენების მიუხედავად?
– ზოგადად პოლიტიკა წყენებით არ იმართება. ეს გულუბრყვილობად მეჩვენება. ცივი გონებით უნდა განსაჯო ყველაფერი. რაც შეეხება საბურთალოს, არსებობს მაქსიმალური მხარდაჭერა და არსებობს მინიმალური. ის, რომ მათ კანდიდატი არ დამიყენეს, არის მინიმალური მხარდაჭერა, რაც სრულიად საკმარისი და დამაკმაყოფილებელია ჩემთვის და ეს არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის.
– სააკაშვილმა მოიხადა ბოდიში ამომრჩევლის წინაშე. თქვენც ხომ არ იყავით ერთ-ერთი ადრესატი, რომელსაც ბოდიში მოუხადა? მან დააანონსა, რომ იტყვის ჩამოსვლის თაობაზე გეგმას. როგორ უყურებთ ამ პროცესებს?
– ზოგადად, თუ ადამიანი შეცდომას უშვებს და ამის გამო ბოდიშს იხდის, ცუდი არ არის. რა ეტაპზეც არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი, ღირსეული საქციელია. ამ შემთხვევაში მარტო სააკაშვილს არ ვგულისხმობ, ჩემს თავსაც ვგულისხმობ. მის ჩამოსვლას რაც შეეხება, ვნახოთ. როგორც თქვენ, ისე მე, შესაძლოა, მოლოდინით ვუყურებდით, რას იტყოდა ამასთან დაკავშირებით.
– ეს ოპოზიციაში პროცესებს ხომ არ აზიანებს?
– არა მგონია. შეიძლება, ამან, პირიქით, სიცოცხლე შემოიტანოს დაჭაობებულ პროცესში.
– რის იმედი გაქვთ საბურთალოზე, რა ტიპის მხარდაჭერას ელოდებით და როგორ კამპანიას აწარმოებთ მხარდაჭერის მოსაპოვებლად?
– ყველანაირს, ისეთს, რაც წეღან ჩამოვთვალე და ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას. ვის შეუძლია ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა, ვის რა გამოცდილება გააჩნია იმისთვის, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეთ, ვის რა რეფორმები აქვს გატარებული, რა სჭირდება ქვეყანას. გაზრდილი კრიმინალი და კორუფციაა, არაქმედებაუნარიანი სახელმწიფო ინსტიტუტებია, რომლებიც ერთი ადამიანის ნება-სურვილს ემორჩილებიან, შეინიშნება ელიტური კორუფციის აშკარა ნიშნები და არა მხოლოდ ელიტური, შუა რგოლშიც არის.
– თქვენ რას სთავაზობთ ამომრჩეველს?
– ზუსტად მაგას ვთვლი, ვის შეუძლია ამ პრობლემების გადაჭრა და, ბუნებრივია, ეს საკითხი მათი გადასაწყვეტია. მე რომ დაგიწყოთ იმაზე საუბარი, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტია უმრავლესობით მოდის ხელისუფლებაში და ამას ერთი ხელის მოსმით გადავჭრით, იქნება ტყუილი. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი რესურსი და არ გვექნება ასეთი მხარდაჭერა, რომ ამ მანდატით მოვიდეთ, მაგრამ კოალიციურ მმართველობაშია ამის გასაღები. ვისაც აქვს ამ ტიპის გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობები, ერთად დავსხდებით და გადავწყვეტთ. ეს შეიძლება იყოს საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატი და ეს შეიძლება იყოს კოალიციური მთავრობის.
– თქვენი თავი სად წარმოგიდგენიათ?
– პარლამენტში, რისთვისაც ვიბრძვი, ამ შემთხვევაში საბურთალოელების გულის მოსაგებად და მანდატის მოსაპოვებლად.
– ისევ ხომ არ უნდა ველოდოთ ირაკლი ოქრუაშვილს თავდაცვის მინისტრად?
– არა, არა მგონია, ეს რეალური იყოს და დიდად არც ვიხიბლები აღმასრულებელი ხელისუფლებისკენ სწრაფვით.
– პარტნიორად ვის განიხილავთ და ვინ არის ისეთი, ვისთანაც არ ითანამშრომლებდით?
– პარტნიორები მეტ-ნაკლებად გარკვეულია. ეს არის ლეიბორისტების ოფისში შემდგარი ფორმატი. დანარჩენს პროცესი გვიჩვენებს. გრძელდება ეს პროცესი და, შესაძლოა, ვიღაც გამოაკლდეს და ვიღაც დაემატოს.
ამ ფორმატმა მკაფიო რამ გამოაჩინა – ჩვენ შევძელით საერთო კანდიდატებზე შეთანხმება თბილისში, ასევე ხმების ურთიერთდაცვაზე შეთანხმება. შევძლებთ იმას, რომ ამ მონაწილეთაგან „ქართულ ოცნებას“ არავინ უნდა გაურიგდეს კოალიციის შექმნის თაობაზე. თუ ვინმე ხვალ შემოუერთდება ამ ფორმატს, ავტომატურად მასთან თანამშრომლობაც გაადვილდება კოალიციური მმართველობის საკითხებზე.
– ამ ფორმატში არის წამყვანი ძალა ნაციონალური მოძრაობა?
– როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პარტიას, ბუნებრივია, მას აქვს ყველაზე მეტი ამბიცია და პრეტენზია სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ კონკრეტული საკითხიდან გამომდინარე ვნახავთ, რა და როგორ იქნება. შესაძლოა, მას ჰქონოდა მეტი მოთხოვნა, მაგრამ მან მოითხოვა 2 ოლქი, რაც სრულიად ლოგიკური და სამართლიანი იყო. როგორ გადაწყდება დანარჩენი საკითხები, ამაზე წინასწარ საუბარი რთულია.