ხათუნა ლაგაზიძე – „ოცნების“ რეიტინგი 35-38%-ის ფარგლებშია, არჩევნების შედეგები კოვიდზეა დამოკიდებული“

ხათუნა ლაგაზიძე - „ოცნების“ რეიტინგი 35-38%-ის ფარგლებშია, არჩევნების შედეგები კოვიდზეა დამოკიდებული“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

მიმდინარე პლიტიკური პროცესების შესახებ  „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს.

_ კვლევები რა სურათს გვაძლევს? ურთიერთსაპირისპირო შედეგების მიუხედავად, ყველა კვლევაში ჩანს, რომ ამომრჩევლის თითქმის მეოთხედი გადაუწყვეტელია.

_ კვლევები აჩვენებს უპირველესად იმას, რომ თავად კვლევების მიმართაც ბევრი კითხვის ნიშანია: თავად ამ კვლევების მიმართ მცირდება სანდოობა საზოგადოებაში. რაც შეეხება რეიტინგებს, ენდიაის რეიტინგებში კარგად ჩანს 2012 წლიდან დღემდე იმ ამომრჩევლის პროცენტული რაოდენობა წლების განმავლობაში, რომლებიც საკუთარ პოზიციას არჩევნებამდე არ ამჟღავნებენ და მთელი ამ წლების მანძილზე მათი რიცხვი 60%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც დამაფიქრებელია.

ეს, ერთი მხრივ, ზოგადად კვლევების მიმართ უნდობლობას ნიშნავს, მეორეს მხრივ, ხელისუფლების მიმართ შიშს, რომ საკუთარ არჩევანს ვერ ამჟღავნებენ, ხოლო მესამეს მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთს საკუთარი არჩევანის გამჟღავნების უბრალოდ სრცხვენია, ეს კატეგორიაც ძირითადად ხელისუფლების მომხრეა, რადგან იძულებულია, ხელფასის შენარჩუნების მიზნით მას მისცეს ხმა, მაგრამ შინაგანი რწმენა სხვას ეუბნება.

2013 წლიდან დღემდე ყველა არჩევნებზე ეს „ჩამოყალიბებელ-გამოუცნობი“ ამომრჩევლის უმეტესობა არჩევნების დღეს ხმას აძლევს მმართველ პარტიას ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ არარევოლუციურ სიტუაციაში ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის უმრავლესობა სახელისუფლო პარტიის ამომრჩეველია.

_ დღეს არარევოლუციური სიტუაცია გვაქვს?

_ მე ვფიქრობ, რომ ახლა უფრო ფრუსტრაციის და დეპრესიის მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე რევოლუციის. ეს ძალიან დამაფიქრებელი უნდა იყოს ოპოზიციური პარტიებისთვისაც. ბოლო დროს ჩატარებული ყველა კვლევა გვაჩვენებს, რომ ხელისუფლების რეიტინგი მინიმუმ ორჯერ უსწრებს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს. თუ ამას დაემატა ნიკა მელიასა და ვანო მერაბიშვილის დაპირისპირების გამო ნაციონალური მოძრაობის შიგნით დემორალიზაცია, ეს კარგს არაფერს უქადის ამ პარტიის პერსპექტივებს კარსმომდგარ არჩევნებში.

_ თქვენ რა შედეგებს ელოდებით არჩევნებზე? რამდენ პროცენტს აიღებს „ქართული ოცნება“?

_ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. არასახელისუფლებო ტელევიზიების რეიტინგებშიც კი მინიმუმ ორმაგია „ოცნების“ რეიტინგი ნაცმოძრაობასთან შედარებით, ამ კრიზისს ლიდერებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავებს. მხედველობაში ისევ მელიას განცხადება მაქვს. სახელისუფლებო ტელევიზიების რეიტინგებში კი ეს რიცხვი საერთოდ კოსმიურია. 56%-ს რომ უწერენ „ოცნებას“, ეს აბსურდია და განხილვად არც ღირს, თუმცა საბოლოოდ შედეგები დამოკიდებულია ქვეყანაში კოვიდსიტუაციის მდგომარეობაზე.

ეს დიდწილად განსაზღვრავს ბევრ რამეს. მარტი-აპრილის პერიოდში, როდესაც კოვიდის პირველი შემოტევა იყო, ოპოზიციამ თავისი როლი საერთოდ დაკარგა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობაში. მაშინ ეს ახსნადი იყო, რადგან კრიზისების დროს საზოგადოება უყურებს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს რეალური სახელისუფლებო ბერკეტები, რომ მას უშველოს. მაგრამ ოპოზიცია დღესაც ვერ არის ისეთი აქტიური და მეჩვენება, მოტივირებულიც, როგორიც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა იყოს. ხელისუფლებაც არ იკლავს თავს აქტიურობით, რადგან, როგორც ჩანს, მას აიმედებს მის ხელთ არსებული საზოგადოებრივი აზრის რეალური კვლევების შედეგები.

_ „ოცნების“ მხრიდან უმრავლესობის მოპოვებას არ ელოდებით?

_ ამ ეტაპზე მისი რეიტინგი 35-38%-ის ფარგლებში მერყეობს, საარჩევნოდ მოიმატებს თუ დაიკლებს, ამას ოპოზიციის აქტიურობაზე მეტად კოვიდსიტუაცია განსაზღვრავს: თუ ინფიცირების რიცხვმა დაიწია, ეს ხელისუფლების კარგი მენეჯმენტის კიდევ ერთი ხაზგასმა იქნება და ხელისუფლება საარჩევნოდ შედეგებს გაიუმჯობესებს. თუ ზრდა მოხდა და ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი გაორმაგდა და გასამმაგდა, ამ შემთხვევაშიც არ არსებობს ცალსახა პასუხი, თუ საით წავა ხმები. იმიტომ, რომ ასეთ პირობებში ხალხმა შესაძლოა არჩევნებზე წასვლასაც კი აარიდოს თავი. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ დღეში რამდენიმე ასეული შემთხვევაა, ეს გამოიწვევს უმკაცრესი რეგულაციების და დისტანციის დაცვით არჩევნების ჩატარებას. ბევრი ადამიანი მოერიდება საათობით რიგში დგომას და  ინფექციის გადადების რისკის გამოც თავს შეიკავებს საარჩევნო უბანზე მისვლისგან. რაც უფრო ნაკლები ადამიანი მივა არჩევნებზე, მეტი შანსი როგორც წესი ხელისუფლებას ეძლევა, რადგან ის თავისი ამომრჩევლის მობილიზებას ნებისმიერ შემთხვევაში მოახდენს. ხოლო თუ ოპოზიციამ ვერ შეძლო თავისი ამომრჩევლის გამოყვანა, მისი შედეგი არათუ გაუმჯობესდება, არამედ გაუარესდება.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ თუ კორონა ზემოთ აიჭრა და ამას მიჰყვა ლარის გაქცევაც, ასეთ შემთხვევაში იმ რეალობას ვიღებთ, როცა ხელისუფლების მიმართ აგრესია გაიზრდება საზოგადოებაში და ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი ოპოზიციისკენ გამოიქცევა. ამ მოსაზრებაშიც არის ლოგიკა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების მიმართ აგრესია შეიძლება კორონას მიმართ შიშმა გადაძალოს. ასე რომ, საკმაოდ არაპროგნოზირებადი ვითარებაა.

_ ოპოზიციის როლი რაში მდგომარეობს იმ მიზნის მიღწევაში, რომ „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ მოაპოვებინოს?

_ ოპოზიციამ ძალიან მნიშვნელოვანი დრო დაკარგა მაჟორიტარების თაოაბზე შეჯერებაში და  კონსულტაციებში. ნებისმიერ პარტიას, რომელსაც ამომრჩეველი ხმას აძლევს, არჩევნების შემდეგ ექნება შანსი, რომ სახელისუფლებო კოალიციის წევრი გახდეს. საზოგადოების უმრავლესობამ ეს არ იცის. ეს რომ იცოდეს ამომრჩეველმა, რომ 3%-იანი პარტიაც კი შესაძლოა სახელისუფლებო პარტია გახდეს და მისი ინტერესები წარმოადგინოს ხელისუფლებაში, სულ სხვა მოტივაცია ექნებოდა არჩევნებში ხმის მიცემას და მაშინ იქნებოდა რეალური ცვლილებების შანსი: არა ხალხის ქუჩაში გამოსვლით, არამედ საარჩევნო უბნებთან მოხდებოდა ხელისუფლების ცვლილება და მეტი მოტივაცია ექნებოდა ამომრჩეველს, რომ 2%-იან ან 3%-იანი პარტიისთვის მიცემული ხმა ქუჩაში კი არ დარჩებოდა, არამედ ფაქტობრივად, სახელისუფლო პარტიის ყულაბაში მოხვდებოდა. ეს უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას და ამით ყველა მოგებული დარჩებოდა: პარტიებიც და ამომრჩეველიც.

_ არ გააკეთა ოპოზიციამ ეს?

_ არა. ამომრჩევლის უმეტესობამ ეს საერთოდ არ იცის.

_ ოპოზიციის შიგნით დაპირისპირებებმაც „ოცნების“ წისქვილზე ხომ არ დაასხა წყალი?

_ კი. ამაში დაკარგეს დრო, ერთმანეთთან დაპირისპირებაში და მაჟორიტარების შეჯერება არ-შეჯერებაში. ამ დროს ხელისუფლება იჯდა და სიცილით კვდებოდა.