ხათუნა ლაგაზიძე – “სააკაშვილის დონის ლიდერი დღეს საქართველოში არ არის”

სააკაშვილის მომავალს ქმნის დღევანდელი პოლიტიკური რეალობა, კერძოდ ის, რომ სააკაშვილის ენერგეტიკის პოლიტიკური ლიდერი არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა უბრალოდ ვერ შვა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არის სააკაშვილის კალიბრის პოლიტიკური ლიდერი.

„პოლიტიკური ლიდერი, რომელიც სააკაშვილს სტრატეგიულ თუ ე.წ მესიანისტურ აზროვნებაში, ენერგეტიკაში, სახელმწიფოებრივი იდეით შეპყრობილობაში გაეჯიბრება, დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არის, ანუ ლიდერი, რომელსაც აქვს იმგვარი ენერგეტიკა, რომელიც გამოიყვანს საზოგადოებას, შეკრებს მის გარშემო, ორიენტირებას გაუკეთებს სახელმწიფოებრივ მიზანზე და მიიყვანს საარჩევნო უბანთან, ოღონდ ამომრჩევლის კრიტიკულ უმრავლესობას. ამიტომაც ეს ქმნის სააკაშვილის მომავალს დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში და ხვალინდელშიც, მანამ სანამ მისი კალიბრის პოლიტიკური ლიდერი არ გაჩნდება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ამასთანავე, მისი თქმით, დღეს „ნაციონალური დიქტატურის“ დაბრუნების ალბათობა ნულოვანია იმიტომ, რომ დღეს საქართველოს კონსტიტუცია ამას ვერ უშვებს.

მან წინასაარჩევნო სოციოლოგიურ კვლევებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს ეს კვლევები საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის საშუალებად და საზოგადოებრივ აზრზე ერთგვარი ზეწოლის იარაღად იქცა.

„ამჯერადაც ჩვენ საქმე გვაქვს ამ ტიპის მანიპულაციასთან იმიტომ, რომ წარმოუდგენელი რამ არის დღეს, ხელისუფლებას ჰქონდეს 56% და ამდენით ჩამორჩებოდეს მას მთავარი ოპოზიციური ძალა. ერთადერთ შემთხვევაში არის სარწმუნო ამ გამოკვლევის შედეგები, თუ ჩვენ ვარაუდად ავიღებთ, რომ გამოკვლევა ჩატარდა „ქართული ოცნების“ ოფისში და მაშინ სავალალოდ ჰქონიათ „მეოცნებეებს“ საქმე იმიტომ, რომ გარკვეული პროცენტი მაინც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაგროვა.

მე მეტსაც ვიტყოდი, ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფა. ეს არის საზოგადოების დაცინვის მცდელობა, ეს არის „ოცნების“ მხრიდან იმისი თვალსაჩინო წარმოდგენა, როგორ ბრიყვად მიაჩნია მას ქართველი ამომრჩეველი. განსაკუთრებით, მისი მხარდამჭერი ნაწილი, რომელზეც არის გათვლილი ეს პროცენტი, ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველზე, და ჰგონია ხელისუფლებას, რომ ამ ციფრებით ის საკუთარ ამომრჩეველს 56%-იანი მხარდაჭერის რეალობაში დაარწმუნებს ან ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველს შეაშინებს, რომ არანაირი აზრი არჩევნებზე მისვლას არ აქვს იმიტომ, რომ „ოცნება“ ასეთი უპირატესობით იგებს და დატოვებს სახლში,“- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

იპნ