ხატია დეკანოიძე – „კობახიძე დაცვის გარეშე დაელაპარაკოს ხალხს და მერე ისაუბროს თავის რეიტინგებზე“

ხატია დეკანოიძე - „კობახიძე დაცვის გარეშე დაელაპარაკოს ხალხს და მერე ისაუბროს თავის რეიტინგებზე“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმების ინიციატივით გამოდის. მიიჩნევს, რომ დღეს სუსი არის პოლიტიკური ორგანო და ოპონენტების დევნით არის დაკავებული. ამიტომ მიიჩნევს, რომ საჭიროა რეფორმა ამ მიმართულებით.

როგორ წარმოუდგენია ამ საკითხის დარეგულირება, რა პასუხი აქვს ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ ენმ-ს 12%-იანი რეიტინგი აქვს და იმედოვნებს, რომ ეს ერთნიშნა რიცხვამდე ჩამოვა და რას ფიქრობს განცხადებაზე, რომ შესაძლოა არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლები ვერ ჩამოვიდნენ? – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ხატია დეკანოიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

_ განაცხადეთ, რომ სუსი უნდა გაუქმდეს. ამ რეფორმის განხორციელება როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ? როგორია თქვენი ხედვა და რა განმარტებას გააკეთებდით ამ საკითხზე?

_ ძალიან მარტივად. სუსი დღეს არის პოლიტიკური ფუნქციებით აღჭურვილი უწყება და უნდა მოხდეს მისი სრული დეპოლიტიზაცია. ამიტომ საჭიროა მისი რეფორმა, რაც მას ამ პოლიტიკურ ფუნქციას ჩამოართმევს. ამისთვის კი საჭიროა, რომ მისი ფუნქციები გაიყოს ორად. ანტიკორუფციულ ბიუროდ და კონტრდაზვერვის დეპარტამენტად.

_ ეს ვის დაქვემდებარებაში უნდა იყოს?

_ ანტიკორუფციული უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანო, ხოლო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი შესაძლებელია, რომ პირდაპირ დაექვემდებაროს მინისტრთა კაბინეტს. ეს იქნება პოლიტიკური პარტიების შეთანხმების საგანი. ის ასევე შესაძლებელია, პარლამენტის მეშვეობით დაექვემდებაროს მინისტრთა კაბინეტს, ან შესაძლოა პრემიერ-მინისტრის მეშვეობით.

_ ისე უნდა გაკეთდეს ამავდროულად, რომ ურთიერთკონტროლის მექანიზმები მაქსიმალურად იყოს ჩადებული, რათა პოლიტიკური მოტივაციით მისი გამოყენების შესაძლებლობა აღარ იყოს?

_ კონტრდაზვერვას ისეთი ფუნქციები აქვს საკანონმდებლო ბაზას თუ გავყვებით, რომ გამორიცხულია, პოლიტიკური ფუნქციების მატარებლად გადაიქცეს. ანტიკორუფციულს კი ექნება წმინდა სამსახურეობრივი, ანუ წმინდა ანტიკორუფციული ფუნქციები. ძალიან ბევრ უწყებას აქვს ახლა ეს ფუნქციები და მათი აკუმულირება მოხდება ანტიკორუფციულში და ეყოლება ანტიკორუფციული პროკურატურა.

_ მაინც ხომ არ რჩება რაღაც რისკები? გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებები მაინც იყენებენ ხოლმე ამას და ახალ-ახალ მექანიზმებს იგონებენ იმისათვის, რომ თავის თავზე მოირგონ. ამის აცილების რაღაც მექანიზმებიც ხომ არ არის ჩასადები?

_ აცილების მექანიზმი ის არის, რომ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი. სხვა აცილების მექანიზმი როგორ?! ჩვენ მოვაწერეთ სასამართლოს რეფორმის თაობაზე ხელი, გვაქვს შეთანხმება ამაზე. უნდა გვქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო და დამოუკიდებელი პროკურატურა დამოუკიდებელი საპარლამენტო კონტროლით. ეს არის ყველაზე დიდი აცილების და ბალანსის ყველაზე კარგი საშუალება.

_ წმინდა საარჩევნო საკითხებზე გადავიდეთ. რა ხდება კოალიცია „ძალა ერთობაშია“? როდის გეგმავთ სიის წარდგენას და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების საზოგადოებისთვის მიწოდებას?

_ ძალიან მალე. ეს იქნება უახლოეს დღეებში. ზუსტი თარიღი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ეს იქნება ძალიან მალე.

_ გამოვიდა რაღაც ხმები, რომ აზრთა სხვადასხვაობა თუ დაპირისპირებაა გუნდში. ადასტურებთ შიდა კამათს?

_ არა, არაფერი. რაღაც საკითხებზე ვთანხმდებით, რაღაც საკითხებზე ვერ ვთანხმდებით. ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე ვთანხმდებით. ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვებაზე ვთანხმდებით.

ოპოზიციაში არის სხვადასხვა პლატფორმები და ყოველთვის შესაძლებელია, რაღაც გარკვეულ საკითხებზე იყოს აზრთა სხვადასხვაობა.

_ არა, ამ შემთხვევაში სრულად ოპოზიციაზე არ გეკითხებით. კონკრეტულად კოალიციაზე „ძალა ერთობაშია“ გეკითხებით.

_ არა, არაფერი მსგავსი არ ხდება ჩვენს ფორმატში. არანაირი უთანხმოება არ არსებობს. მე მეგონა, მთლიანად ოპოზიციაზე მეკითხებოდით.

_ სრული თანხვედრა გაქვთ?

_ კი, სრული თანხვედრა გვაქვს.

_ ინფორმაცია, რომ გუნდში რაღაც დაპირისპირებაა, სიმართლეს არ შეესაბამება და ჭორია?

_ რადგანაც მე ამას არ გიდასტურებთ, ეს ნიშნავს, რომ ჭორია.

_ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმედი აქვს, ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი ამ არჩევნებზე ერთნიშნა რიცხვამდე ჩამოვა. რას უპასუხებთ?

_ მე მაგაზე გავაკეთე კომენტარი. მე მას მინდა ერთი რჩევა მივცე – გამოვიდეს და ხალხს დაელაპარაკოს დაცვის გარეშე. გაიაროს ქუჩაში ისე, როგორც ჩვენ დავდივართ. შევიდეს ბაზარში, შევიდეს სოციალურად დაუცველებთან და ა. შ. ამის მერე გამოვიდეს და ილაპარაკოს თავის რეიტინგებზე. მარტო ბიძინას რომ ელაპარაკებიან. ეს რჩევა მინდა მივცე და იმედი მაქვს, რომ ამ სულელურ განცხადებაზე მეტჯერ აღარ გავაკეთებ კომენტარს.

_ შესაძლოა, არ ჩამოვიდნენ დამკვირვებლები. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

_ ეგ სერიოზული პრობლემაა პროტოკოლის შემუშავებასთან დაკავშირებით და ჩვენ ველოდებით და მოვითხოვთ, რომ სასწრაფო წესით უზრუნველყონ საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანა.

_ თუ ეს არ მოხდება, მაშინ რა გეგმა გაქვთ ოპოზიციურ სპექტრს?

_ ჩვენ ველოდებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პრობლემა მოგვარდება და თუ ეს არ მოგვარდება, ეს იქნება მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობა. გამოდის, რომ საზღვრები სწორედ იმიტომ ჩაკეტეს, რომ დამკვირვებლები არ ჩამოვიდნენ.

_ ამ შემთხვევაში არჩევნების სამართლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება?

_ რა თქმა უნდა. არჩევნები რომ შეფასდეს ამისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებაა საჭირო. მათ შორის გრძელვადიანი.

_ თუ გაქვთ რაიმე გეგმა ოპოზიციას, რომ კონსოლიდირებულად იმოქმედოთ ამგვარი გამოწვევების მიმართულებით?

_ ჩვენ ნაწილობრივ შეთანხმებული კანდიდატები გვყავს, ნაწილობრივ კონკურენტები ვართ. ჩვენ პირველ რიგში პროპორციულ ნაწილში უნდა მოვუგოთ ბიძინა ივანიშვილს. თუ სადმე იქნება მეორე ტური, მაჟორიტარულ ნაწილში უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს მხარი. ამიტომ საჭიროა მუშაობა, მუშაობა და ამომრჩევლის დარწმუნება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

_ აპირებთ სააკაშვილი დაასახელოთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად?

_ ძალიან მალე ჩვენი პოლიტიკური პლატფორმის ახალი გეგმის გაჟღერების შემდეგ გვეცოდინება ეს საკითხები. შესაბამისად ძალიან მალე ვიქნებით მზად, გიპასუხოთ ყველა კითხვაზე.

_ ანუ არც ადასტურებთ და არც უარყოფთ ამ ინფორმაციას?

_ რა თქმა უნდა, ლოგიკური იქნებოდა.

_ ამოწურულია თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გიორგი ვაშაძეს შორის დაპირისპირება თუ უნდა ველოდოთ კიდევ რაღაცას?

_ მე არ ვკინკლაობ არავისთან. ჩემი კონკურენტი არის „ქართული ოცნება“ და მისი კანდიდატი. შესაბამისად, ყველას თავისი სტრატეგია აქვს, ჩვენ ვართ კონკურენტები და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მოვიგოთ ისნის მაჟორიტარული ოლქი. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ მე პირადად.