ლაშა ჩხარტიშვილი – “არაა აუცილებელი, პრემიერი გამარჯვებული პარტიიდან იყოს”

ლაშა ჩხარტიშვილი - "არაა აუცილებელი, პრემიერი გამარჯვებული პარტიიდან იყოს"ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” საუბარში პრემიერობის მომავალ კანდიდატზე საუბრობს.

– კოალიციური მთავრობის შემთხვევაში, პრემიერის კანდიდატურაზე შეთანხმებას როგორ აპირებს ოპოზიცია? უკვე ყველა პარტია ასახელებს თავის კანდიდატურას.

– კოალიციურ მთავრობას სირთულეები ახლავს და ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ ჯობია რთული გზა გავიაროთ, რათა კარგი შედეგები მივიღოთ, ვიდრე ადვილი გზა გავიაროთ და იგივე ჭაობში აღმოვჩნდეთ. ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში რას ვიღებთ, რომ პარლამენტი დაიშალოს და რიგგარეშე არჩევნები დაგვჭირდეს. დიდი იმედიც მაქვს, რომ ეს არ მოხდება. თუმცა, მორიგ ოთხწლიან ჯოჯოხეთს, რომელიც მრავალჯერ გავიარეთ, განა რიგგარეშე არჩევნები არ ჯობია?! თუმცა, დარწმუნებული ვარ, საქმე აქამდე არ მივა და პრემიერის კანდიდატურაზე შეთანხმება მოხდება არჩევნების შედეგების მიხედვით. მაინცდამაინც აუცილებელი არ არის, პირველ ადგილზე გასული პარტიის ლიდერი იყოს ეს კანდიდატი.

– თუმცა, ასეთი რეალობა ალბათ დადგება და პირველ ადგილზე გასული პარტია დაასახელებს კანდიდატს. ასე არ ფიქრობთ?

– მე ვფიქრობ, გარკვეული კონსენსუსის საფუძველზე უნდა მოხდეს პრემიერის კანდიდატზე შეთანხმება. პირველ ადგილზე გასვლა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, მაგრამ აპრიორი მისი კანდიდატი უნდა იყოს, ასე არ ვფიქრობ.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა