ლევან ჩაჩუა – “მე, სააკაშვილის პოლიტპატიმარს, ირაკლი კობახიძეზე ძალიან მეცინება”

ქვეყანაში წინასაარჩევნოდ შექმნილ სიტუაციაზე “ახალი თაობა” ესაუბრა მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას.

– ცოტა ხნის წინ ქვეყანაში ერთმანეთის მთავარი პოლიტიკური სპარინგ-პარტნიორები იყვნენ “ქართული ოცნება” და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ამ დღეებში და მანამდეც ნაციონალური მოძრაობა უმთავრესად “ევროპულ საქართველოს” ეჯახება. თქვენი აზრით, რა ხდება?

– ერთმანეთში კინკლაობენ ნაციონალები. საიდუმლო არ არის, რომ რამდენიმე ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა დაშალა ნაციონალური მოძრაობა და იქიდან გამოყო “ევროპული საქართველო”. მანვე უზრუნველყო “ევროქოცების”, იგივე “ევრონაცების” დაფინანსება. ახლა დასჭირდათ და მოაწყვეს კლოუნადა.

– მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პირები, რომლებსაც დადასტურებული აქვთ დანაშაული, პოლიტიკაში არ უნდა რჩებოდნენ. იგი იმედოვნებს, რომ ეს სტანდარტები საქართველოში დამკვიდრდება.

– მე, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტპატიმარს, ამაზე ძალიან მეცინება. თუ დამნაშავეები პოლიტიკაში არიან, ეს არ არის ამ ხელისუფლების ბრალი?! ვის აძლევს ირაკლი კობახიძე შენიშვნას? “ოცნებას” ამ საკითხის მოგვარება უნდა დაეწყო 2012 წლიდან, როცა ის ხელისუფლებაში მოვიდა. ვინ გამოუშვა ციხიდან უგულავა და ოქრუაშვილი? მერაბიშვილიც ვადაზე ადრე გამოვიდა. ზოგიერთი დანაშაული არც გამოუძიებიათ, რომ დამნაშავისთვის ბრალი წარედგინათ. არ ვიცი, ვის უყრის ამ საკენკს კობახიძე. მმართველ პარტიას მომხრეები არ დარჩა. ღირსეული კაცი “ოცნებას” არ გაეკარება არც მომხრედ და არც კანდიდატად.

მარიკა მჭედლიშვილი, ახალი თაობა