ლევან ჩაჩუა – “ნაციონალებს “ოცნებაზე” უკეთესი კანდიდატები ჰყავთ”

ლევან ჩაჩუა - "ნაციონალებს "ოცნებაზე" უკეთესი კანდიდატები ჰყავთ"მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერმა ლევან ჩაჩუამ “ახალ თაობასთან” საუბრისას “ქართული ოცნების” და ნაციონალების დეპუტატობის კანდიდატები ერთმანეთს შეადარა.

– “ქართულმა ოცნებამ” ახალი სახეების მოზიდვა შეძლო.

– ახალი სახეები საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენაზე ვნახეთ. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ “ქართულმა ოცნებამ” ყველანაირი რესურსი ამოწურა. ივანიშვილის პარტია ყველანაირად ყავლგასული და დისკრედიტირებულია. ამ პარტიის ახალი სახეები პატივისცემას არ იმსახურებენ. შეიძლება, ვინმე სადმე წარმატებული იყო, მაგრამ ისინი ახლა დისკრედიტირებულ პარტიაში არ უნდა მოსულიყვნენ.

– ნაციონალური მოძრაობა ამ მხრივ უფრო წარმატებულია? მაჟორიტარების კანდიდატებად პოპულარულ პიროვნებებს ასახელებს. მაგალითად, წყალტუბო-სამტრედიის ოლქში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი დასახელდა.

– ნაციონალურ მოძრაობას უფრო სწორი ალღო და გათვლა აქვს. ნაციონალები პრაგმატულად მოქმედებენ. ცნობადი სახეები მათ მოუტანენ ხმებს საერთო ყულაბაში. ნანუკა ჟორჟოლიანის მაყურებელი და თანამოაზრე არ ვარ, მაგრამ ნაციონალები უკეთეს სახეებს სთავაზობენ ამომრჩეველს. “ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატად წამოაყენა დარგალი – კაცი, რომელმაც რესტავრაცია გაუკეთა ნარიმანოვის ძეგლს და ის მარმარილოში ჩასვა. ეს ის ნარიმანოვია, რომელმაც ფილიპე მახარაძესთან ერთად ხელი მოაწერა ზაქათალის გადაცემას აზერბაიჯანის რესპუბლიკისათვის.

მარიკა მჭედლიშვილი, ახალი თაობა