ლევან ხაბეიშვილი – „ბოკერია ჩვენზე რას იტყვის, საერთოდ არ გვაინტერესებს“

ლევან ხაბეიშვილი - „ბოკერია ჩვენზე რას იტყვის, საერთოდ არ გვაინტერესებს“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ლევან ხაბეიშვილი პასუხობს.

– ლევან, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა, შუა გაკრიფა და არჩევანს ასე აყენებს, ან ჩვენ, ან ბიძინა. რამდენად არის ასე და რით უპასუხებთ თქვენს კრიტიკოსებს?

– პირველ რიგში, “ოცნების” ალტერნატივა ნაციონალური მოძრაობაა და მასში შემავალი ოპოზიციური პარტიები. ეს მათაც კარგად იციან და ამიტომ ჭმუნავენ და დარდობენ. წინასაარჩევნოდ, მათ შორის თქვენ მკითხველს, არ მინდა თავგზა ავუბნიო და ვისაუბრო ოპოზიციაზე. კი ბატონო, ვინც ხმას არ მისცემს “ოცნებას” და ნაცმოძრაობას, ხმა მისცეს დანარჩენ ოპოზიციას.

– „ევროპული საქართველო“ აცხადებს, ვერავინ გვაიძულებს, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მივცეთ ხმაო.

– კი ბატონო-თქო. ამას აცხადებენ 6%-იანი პარტიის წარმომადგენლები და ამას ამბობენ ისეთ პარტიაზე, რომელმაც მინიმუმ ოთხჯერ აჯობა არჩევნებში. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ რამე რომ იყოს, მათ კანდიდატს მხარს არ დავუჭერთ. მათ აწუხებთ ეს საკითხი, იმიტომ, რომ ფიქრობენ, რომ რამდენიმე მანდატისთვის მოუწევთ ბრძოლა.

აქ ძალიან მარტივად დგას საკითხი: ჩვენ გვინდა ხელისუფლების ცვლილება, ჩვენ გვინდა ბიძინა ივანიშვილის შეცვლა, ჩვენ გვინდა კორუფციის დამარცხება და საქმის კეთება. სხვა პარტიებს, მათ შორის კვლევებიდან გამომდინარე, საბრძოლი აქვთ რამდენიმე მანდატი. ამაში არის ძალიან დიდი განსხვავება.

მე მინდა თქვენმა მკითხველმა კარგად გაიაზროს, არჩევნებზე წასვლის დღეს რას აძლევენ ხმას – ორი-სამი მანდატით მეტი რომ აიღონ, ისეთ ოპოზიციას, თუ რეალურ ძალას, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს.

– აუცილებლადო, აცხადებთ, თუმცა პოლიტიკაში ასე დარწმუნებით ვერაფერს იტყვი, ყველაფერი ხდება. ეს შუას გაკრეფვა კი რამდენად სწორია?

– მე, მართლა მგონია, რომ გავიმარჯვებთ. დინამიკა აჩვენებს ამას, წინა არჩევნებმაც აჩვენა ეს და მათ შორის ის, რომ “ქართულ ოცნებას” მხარდაჭერა აღარ აქვს, ამას აჩვენებს მათ შორის ყველა კვლევა. პირობითად ვამბობ, თუ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ისე, რომ 30% აიღო “ქართულმა ოცნებამ” და დანარჩენი 70% ოპოზიციამ, მერე იმ ოპოზიციაში რომ ყველაზე მაღალი ხმები ნაცმოძრაობას ექნება და მის გაერთიანებას, ეს არის ცხადი.

– ნაციონალურ მოძრაობას 15% აქვს ამ კვლევებით.

– მე ვივარაუდე, რომ შესაძლოა 30% აიღოს „ოცნებამ“. სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში აიღო 37% და მას შემდეგ კიდევ უფრო დაკარგულია მათი რეიტინგი. კარგით, თუნდაც 35% აიღო “ოცნებამ”, დანარჩენ 65%-ს ხომ ოპოზიცია იღებს? ამიტომ აქედან უდიდესი წილი სწორედ ნაციონალური მოძრაობის იქნება. კვლევებიც ხომ აჩვენებს, რომ დანარჩენ ოპოზიციაზე მინიმუმ სამჯერ დიდია ნაციონალური მოძრაობა. ამიტომ მოდით ვაცადოთ ქართველ ხალხს.

ამას ვერც გიგა ბოკერია ვერ გადაწყვეტს, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ვერც რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერი. ამას გადაწყვეტს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ამიტომ ნუ იღლებიან ამ უაზრო განცხადებებით და სხვის ბოსტანში ქვების სროლით.

– ბოკერია და მისი პარტია აცხადებენ, რომ ორი პოლიტიკური ვალდებულება აიღეს – არ ითანამშრომლონ “ოცნებასთან” და არც მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას დაუჭირონ მხარი.

– პასუხი მარტივი და ლოგიკურია, ანუ თვითონ რასაც ამბობენ, რა გამოდის? გამოდის ის, რომ ისევ ოპოზიციაში იქნებიან. ეს ორჯერ ორია! საკუთარ ამომრჩეველს ეუბნებიან შემდეგს, რომ ჩვენ უნდა მოგვცეთ ხმა იმიტომ, რომ ვიყოთ ოპოზიციაში! არჩევნებს რომ ეგენი ვერ მოიგებენ, ჩემზე კარგად თავად იციან.

ჩვენ კი არ ვაპირებთ, ოპოზიციაში ვიყოთ და ამ ქურდებს და ყაჩაღებს ეს ქვეყანა დავუთმოთ. ბოკერიას, როგორც ჩანს, წინასწარ დათმობილი აქვს და უნდათ, რომ ოპოზიციაში იყვნენ და კი ბატონო, იყვნენ, მე არ ვუშლი.

– გაბრალებენ, რომ ხიდებს და მისასვლელ გზებს ამტვრევთ.

– უკვე მეცინება და არც მინდა ამ თემაზე ამდენი საუბარი. არავის არ ვეკინკლავები და საერთოდ არ მაინტერესებს, რა უნდათ. უბრალოდ, რადგან მეკითხებით, გპასუხობთ, ნამდვილად არ მინდა პოლემიკაში შევიდე და საერთოდ „ევროპული საქართველო“ რატომ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი?!

– ივანიშვილს ხომ არ გაურიგდა ბოკერიას გუნდი?

– არ მაინტერესებს, ვის რას გაურიგდნენ. არჩევნებია წინ და ბიძინა ივანიშვილი გვყავს დასამარცხებელი. რაც უნდათ ის ილაპარაკონ. მიხეილ სააკაშვილი იყო პირველი, რომელმაც თქვა, რომ საჭირო იყო საერთო სია და საერთო კანდიდატები.

– თუმცა ეს არ მოხერხდა, არ წამოვიდნენ ამაზე.

– ხიდი სწორედ ამ ხალხმა დაანგრია. ჩვენ რას გვედავებიან?! მუდმივ კინკლაობაში შესვლა არის ოპოზიციური პარტიების ამოცანა. თუ ვინმეს სადმე უნახავს, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებიდან რომელიმე ლიდერი დაპირისპირებაზე საუბრობდეს ან ვინმეს ერჩოდეს, მაშინ ბოდიშს მოვიხდი. ჩვენ მხოლოდ გამოსავლებზე ვსაუბრობთ და გზებს ვეძებთ.

– ამბობენ, სააკაშვილი აქ ჩამომსვლელი არ არის და ამ თავისი აქტიურობით ისევ ბიძინას უმყარებს პოზიციებსო.

– მაგათთვის რომ გეკითხათ, უკრაინაში ჩამსვლელიც არ იყო მიხეილ სააკაშვილი და არც მოქალაქეობას არ დაუბრუნებდნენ, ბევრი მათგანი ამასაც წერდა, არ მინდა ახლა სახელების და გვარების დასახელება. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშიც ჩავიდა, მოქალაქეობაც დაიბრუნა და თანამდებობაც მიიღო. გუშინ პრეზიდენტ ზელენსკისაც ხვდებოდა. ვიღაცა ჭიჭიკო აქ რაღაცას იტყვის, ჩვენ ამაზე კომენტარებს ვერ გავაკეთებთ. ძალიან ნაკლებად საინტერესოა, თუ რას ფიქრობს და რას ამბობს ბოკერია ჩვენზე.

– გაერთიანებაზე იყო საუბარი და ერთმანეთს ჭამთ, ეს ძალიან ცუდი საყურებელია.

– რატომ იძახით, რომ ერთმანეთს ვჭამთ? კითხვას მისვამთ და მაიძულებთ, ვისაუბრო ბოკერიაზე, თორემ ჩემი სურვილით რამეს გეუბნებით? რატომ გამოგყავთ მედიას ისე, რომ ერთმანეთს ვჭამთ, არ ვჭამ ბატონო, საერთოდ არ მაინტერესებს! ერთმანეთს არა, აქეთ გვჭამენ და მათ ვკითხოთ, რატომ გვჭამენ!

– რა უნდა „ევროპულ საქართველოს?“ უნდა, რომ იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა?

– კი, სავარაუდოდ ასეა, ოპოზიციაში უნდათ ყოფნა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, დღის წესრიგი და სულ არ გვაინტერესებს, რას ამბობს ჩვენზე ბოკერია! ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს.

– ლევან, საკმაოდ მძიმე ფონია ქვეყანაში, როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. რაიმე ახალ შეზღუდვებს ხომ არ ელოდებით?

– არანაირ შეზღუდვებს არ ველოდები, არჩევნები ჩატარდება და ამ არჩევნებზე “ქართული ოცნება” დამთავრდება. რაც არ უნდა პანდემია აწიონ, დაწიონ, ეს არჩევნები მაინც ჩატარდება თავის დროზე, ამ არჩევანს გააკეთებს ქართველი ხალხი. დარჩენილია ძალიან ცოტა დრო და წამმზომი ჩართულია.

– ბევრი ფიქრობს, რომ მაჟორიტარების დახმარებით “ქართული ოცნება”  50%-ს გადასცდება…

– ჯვარი ეწეროს, ვინც ფიქრობს, რომ ორში ერთი მისცემს “ქართულ ოცნებას” ხმას, წარმოდგენა არა აქვთ ხალხის განწყობაზე. რა სიგიჟეა, რა მაჟორიტარების დახმარებით! “ქართულ ოცნებას” წარმოუდგენელი მიუღებლობა აქვს ხალხში და ის ამ არჩევნებში დამარცხებულია!