მამუკა გამყრელიძე – „ხმებს ძირითადად „ძალა ერთობაშია“ და „ქართული ოცნება“ გავინაწილებთ“

მამუკა გამყრელიძე - „ხმებს ძირითადად „ძალა ერთობაშია“ და „ქართული ოცნება“ გავინაწილებთ“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

“ახალი თაობის” კითხვებს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ   „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.

– ბატონო მამუკა, „ძალა ერთობაშია“ ბლოკის სახით იქნება წარმოდგენილი ამ არჩევნებზე. ნაციონალური მოძრაობა ფიქრობს, რომ კარგი შედეგი ექნება ამ პოლიტიკურ ერთობას. თუმცა კვლევის შედეგები სულ სხვას აჩვენებს. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ?

– ისტორია გვიჩვენებს, რომ კვლევის შედეგები საქართველოში არის სრულიად არარელევანტური ბოლო სურათისა, რომელიც დგება მერე არჩევნებზე. ეს უკვე რამდენჯერ გავიარეთ. განსხვავება ძალიან დიდია ხოლმე და ამ განსხვავებას აყენებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც არის ჯერჯერობით გადაუწყვეტელი. ასეთი ადრე იყო ხოლმე 40%, ჩვენ ამას მივეჩვიეთ. მუდმივად ასე იყო. ახლა ასეთი არის 64%.

– ეს ძალიან მაღალია.

– ეს არის არანორმალურად მაღალი რაოდენობა. დღეს არის სიტუაცია, როდესაც ამომრჩეველს არც ხელისუფლება მოსწონს და არც ოპოზიცია. ამიტომ არჩევნებზე ხმის მიციმა მოხდება ძალიან ემოციურად. შეიძლება ბევრს ეწყინოს ეს ამბავი, მაგრამ საბოლოო შედეგი სხვაგვარი იქნება.

– როგორი?

– შუაში მყოფი პარტიული ორგანიზაციები, ე.წ. შუაშისტები, უფრო ნაკლებ ხმას მიიღებენ. უფრო რადიკალური იქნება ხმების მიცემა. ეს იქნება ან რომელიღაც დიდი გაერთიანებული ოპოზიციური პარტიის მიმართ, ან მთავრობისკენ წავა ეს ხმები.

– რადგან ასეთი მაღალი პროცენტია გაურკვეველი, ალბათ სიურპრიზების ალბათობაც მაღალი იქნება. ასეა?

– ძალიან მაღალი პროცენტია გაურკვეველი და საშიშია ეს. ბევრად უკეთესია, როდესაც  საზოგადოებას გამორჩეული ჰყავს თავისი პოლიტიკური გემოვნების მიხედვით რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაცია, მის პოლიტიკურ პროგრამას იცნობს, ითვალისწინებს მის იდეოლოგიას და ზუსტად იცის, ვის უნდა მისცეს ხმა. ეს არჩევნები იქნება ძალიან ემოციური, შესაბამისად, არ ვიცით, რა იქნება.

– ბატონო მამუკა, რა ხდება თავად თქვენს ბლოკში. ერთიანი სიით გადიხართ, ხომ?

– კი ბატონო. სია ერთიანი გვექნება.

– თქვენ თუ ხართ ამ სიაში?

– სიაში ვიქნები, თუმცა სად ვიქნები, არც ვიცი. რაღა დაგიმალოთ და მე არც მინდა მაღალ პოზიციებზე ყოფნა. მე მირჩევნია ვიყო იმ პოზიციებზე, რომ თუ გამარჯვებას მოიპოვებს ჩვენი გაერთიანება, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვხვდე პარლამენტში.

– გამსვლელ სიაში არ იქნებით, თუ ოპოზიციაში აღმოჩნდა ეს გაერთიანება?

– თუ ჩვენი გაერთიანება ოპოზიციაში აღმოჩნდა, გამსვლელ სიაში არ ვიქნები.

– უსიამოვნებაც ხომ არ იყო შიგნით, სიის შედგენაზე?

– მე არანაირი უსიამოვნება არ მქონია. არანაირი პრეტენზიები პირველ ათეულზე არ მაქვს. აქედან გამომდინარე არანაირი უსიამოვნება არ შემხვედრია. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და ამაზე პრეტენზია თავიდანვე არ მქონია. თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, მაშინ 40-ც გავა და 50-ც.

– მაგრამ რამდენად გაქვთ ამის იმედი? გულწრფელად მითხარით.

– კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ის 64% არის ძალიან უცნაური მომენტი. კაცმა არ იცის, საითკენ გადაიხრება. გადაიხრება ხელისუფლებისკენ თუ გადაიხრება ოპოზიციისკენ, ან როგორ გადანაწილდება ეს ხმები ოპოზიციაში, ეს ჩვენ არ ვიცით. ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ და არა მგონია, რომ დღეს დედამიწაზე დადიოდეს ადამიანი, რომელსაც ნამდვილად შეეძლოს ზუსტი პროგნოზის გაკეთება.

– პირველი ათეული როგორ დაკომპლექტდა თქვენს ბლოკში, ძირითადად ნაციონალები არიან?

– ჯერჯერობით ბოლომდე დაკომპლექტებული არ არის. ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი არა მაქვს. სექტემბრის ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა.

– ბატონო მამუკა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ოპოზიციისთვის ეს არჩევნები გაცილებით რთული იქნება, ვიდრე ხელისუფლებისთვის, რადგან მას კოვიდი და პანდემია ეხმარება. რამდენად არის ასე?

– პირადად მე კოვიდ სკეპტიკოსების რიგებს განვეკუთვნები. კი ბატონო, დღეს არსებობს ეს ვირუსი, მაგრამ ეს არ არის ისეთი, როგორსაც გვიხატავენ. ამიტომ ეს გადამეტებული და განსაკუთრებული ზომები აბსოლუტურად არ არის საჭირო. ეს ამდენი შეზღუდვა ნამდვილად არ არის სწორი. თუმცა ეს მთავრობის გადაწყვეტილებებია და ჩვენ ვერაფერს ვიზამთ.

რა თქმა უნდა, გაუჭირდება ოპოზიციას, იმიტომ რომ გადაადგილება იქნება, შეკრება თუ ასე შემდეგ, ყველგან პრობლემებს შეგვიქმნიან. ამის ბერკეტი ხელისუფლებას აქვს და სათავისოდ იყენებს ყველა ბერკეტს. ადმინისტრაციული რესურსი ყოველთვის ხელისუფლების ხელშია და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავთვალოთ, რომ სადღაც 10-15% ადმინისტრაციული რესურსიდან, შესაძლოა ცოტა მეტიც, მათ მიემატოთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. პროცესებს რომ ვაკვირდები, ყველაფერი გადაწყდება ბოლო ერთი თვის განმავლობაში.

– ოქტომბრის თვე იქნება გადამწყვეტი?

– ჩემი აზრით, ასე იქნება. რეალურად, ამ კოვიდის გამოც, სხვადასხვა მიზეზების გამო, უფულობის გამო, წინასაარჩევნო პერიოდი ჩავარდა.

– “ოცნების” გამარჯვებას ბევრი პროგნოზირებს. როგორ ფიქრობთ, ერთპიროვნულად მოვა ხელისუფლებაში, თუ იქნება კოალიციური მთავრობა?

– მე მგონია, რომ კოალიციური მთავრობა იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. თუ ასე არ მოხდა და თუ ხელისუფლებამ მოახერხა ერთპიროვნულად მთავრობის დაკომპლექტება, ეს არ იქნება კარგი შედეგის მომცემი.

ოპოზიციას რაც შეეხება, ერთპიროვნულად ვერც ერთი პარტია ვერ გაიმარჯვებს, ეს არის გამორიცხული. ამიტომ თუ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, ეს აუცილებლად იქნება კოალიციური მთავრობა. ეს შემიძლია დადასტურებულად ვთქვა.

ღმერთმა არ ქნას და თუ ძველმა ხელისუფლებამ გაიმარჯვა, უმჯობესია, რომ კოალიციური მთავრობით მოვიდეს, ვინ შევა მასთან კოალიციაში, ეს მეორე საკითხია. ხოლო თუ “ოცნებამ” მარტო მოახერხა მთავრობის დაკომპლქტება, ეს იქნება კატასტროფა! ეს ძალიან მძიმე შდეგების მომტანი იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის.

– რას გეუბნებათ “ოცნების” პირველი ოცეული?

– ახალს არაფერს. კალათბურთელები, რაგბისტები და ასე შემდეგ მათ სიაში. მე ვისურვებდი, რომ მომავალი პარლამენტი შეკრებილი იყოს არა ცნობადი სახეებისგან და ხელოვნების მუშაკებისგან, არამედ პროფესიონალი კადრებისგან. დაამთავრეს სპორტული კარიერა და იმ წუთში პარლამენტში მიდიან, ეს არაფერში არ წერია! ამათ რა კანონები უნდა დაგვიწერონ?!

– არჩევნების გადადებას თუ ელოდებით? ან თუ აწყობს ეს ხელისუფლებას?

– გააჩნია, როგორი შედეგები ექნება კვლევის მიხედვით. ისინი შიგნით სულ ატარებენ ამ შიდა კვლევებს. ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ნელ-ნელა დაიწყებს გამორკვევას და გადახრას რომელიმე მხარეს. თუ ისინი დაინახავენ, რომ დიდი რაოდენობა იხრება ოპოზიციისაკენ, მაშინ მე არაფერს არ გამოვრიცხავ. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ აქვთ ეს ბერკეტი, რომ არჩევნები გადადონ. რა შეუშლით ხელს, გამოვლენ და გვეტყვიან, უმძიმესი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა და არჩევნები უნდა გადაიდოს.

ოღონდ აქ არის პროცედურა და ვადები. გარკვეული ვადის შემდეგ არჩევნების გადადება აღარ შეიძლება. თუ არ ვცდები, ეს ერთი თვით ადრე უნდა გაკეთდეს.

უმძიმესი არჩევნები გველოდება. უფრო მძიმე, ვიდრე 2012 წლის. ისიც ემოციური არჩევნები იყო და, სავარაუდოდ, ესეც ძალიან ემოციური არჩევნები იქნება.