ნიკა ჩიტაძე – „სააკაშვილს პრემიერად ვერ დაასახელებენ, ნაცმოძრაობამ 100%-აც რომ მოიგოს არჩევნები“

ნიკა ჩიტაძე - „სააკაშვილს პრემიერად ვერ დაასახელებენ, ნაცმოძრაობამ 100%-აც რომ მოიგოს არჩევნები“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ჩნდება თუ არა არჩევნების გადადების რისკი, ხელოვნურად ხომ არ ამძაფრებს სიტუაციას მმართველი გუნდი და აწყობს თუ არა არჩევნების გადადება, ხომ არ გაჩნდება ეჭვები არჩევნების ლეგიტიმურობაზე თუ საერთაშორისო დამკვირვებლები ვერ ჩამოვლენ და რატომ თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი შეცდომებს უშვებენ? – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე საუბრობს:

_ ხელისუფლება გვეუბნება, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების უმეტესობა ვერ ჩამოვა არჩევნებზე. არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ეს ეჭვებს ხომ არ გააჩენს?

_ ეს საკითხი გასარკვევია. მათ თქვეს, რომ დაინტერესებულები არიან რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს. შემდეგ განაცხადეს, რომ შეზღუდული რაოდენობა იქნება. ბუნებრივია დამკვირვებლები მაინც იქნებიან, უბრალოდ შეზღუდული რაოდენობა იქნება. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში შესაძლოა, რომ აღნიშნულმა ფაქტორმა პრობლემები შექმნას. იგივე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, იგივე სხვა სახის პრობლემებთან მიმართებით, რაც დაკავშირებულია საარჩევნო უბნებთან.

„ოცნებას“ ისედაც გააჩნია უპირატესობა, რაც უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ძირითადი შემოწირულობის უდიდესი ნაწილი მასზე მოდის. შარშანდელ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, „ოცნებამ“ 50%-ზე მეტი მიიღო. უფრო მეტი შემოწირულობა მიიღო მმართველმა პარტიამ, ვიდრე ყველა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ ერთად.

_ ანუ ეს ფაქტორი მას კიდევ უფრო მეტ უპირატესობას აძლევს? ახსენეთ ადმინისტრაციული რესურსი და პრინციპში ვიცით, რომ მას ისედაც იყენებენ – ჩამოდიან თუ არა დიდი რაოდენობით დამკვირვებლები და ალბათ თვალი უნდა გავუსწოროთ ამას. ასე არ არის?

_ კი. ისედაც იყენებდა მას და ეს ბუნებრივია. მაგრამ ფაქტია, რომ დამკვირვებლები აქამდე შედარებით თვალს ხუჭავდნენ და შედარებით ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდათ წინასაარჩევნო პროცესისა და საარჩევნო პროცესის მიმართ. ვგულისხმობ როგორც 2016 წლის საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებსაც.

_ ანუ, ერთგვარი წითელი ხაზის არჩევნებია ეს და ამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე იმდენად აღარ დახუჭავდნენ ისინი ამჯერად თვალს?

_ კი, ზუსტად ამის თქმა მინდოდა. საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან კონტროლი გაიზრდებოდა. გაცილებით უფრო მომთხოვნია დღევანდელ ეტაპზე საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება, ვიდრე მაგალითად ეს იყო თუნდაც წინა არჩევნების დროს. აქედან გამომდინარე თუ „ოცნება“ დღეს აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო ბევრი დამკვირვებელი ვერ დაესწრება და ა. შ. ეს საფუძვლიან ეჭვს ქმნის, რომ შესაძლებელია მმართველ ძალას ჰქონდეს სურვილი, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს დაარღვიოს საარჩევნო პრინციპები. მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად „ოცნება“ ტაქტიკას შეცვლის. შესაძლებელია, რომ საარჩევნო უბნებთან მოკრიმინალო ელემენტები არ დააყენოს. მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც ფინანსური რესურსების მობილიზებაზე გაკეთდება.

_ ამომრჩევლის მოსყიდვისთვის?

_ არა მარტო. აქ უფრო საუბარია იმაზე, რომ კამპანიის პერიოდში გამოიყენოს ეს თანხები. იგივე რეკლამებზე დაიხარჯოს ფული. ასევე მოხდება თანხის მობილიზება არჩევნების დღისათვის, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს თავისი რეგისტაციის ადგილზე, ისინი ჩაიყვანონ საარჩევნო უბნებზე. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. სამწუხაროდ, ამაზე ოპოზიცია არ ამახვილებს ყურადღებას, რითაც დიდ შეცდომას უშვებს.

მაგალითად, ნაციონალური მოძრაობა იძახის, თუნდაც იგივე მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ნაცმოძრაობა უპირობოდ იგებს არჩევნებს და ა. შ. მე მგონია, რომ ასეთი მიმართვა თუნდაც თავისი მომხრეების მიმართ შეცდომაა.

_ ჩემთვისაც გასაკვირია პოლიტიკოსების ასეთი განცხადებები რომ ის იგებს მაჟორიტარულ ოლქში, ან მისი პარტია. საინტერესოა რაზე დაყრდნობით ამბობენ ამას, როცა კვლევები სხვა რამეს გვეუბნება?

_ შეიძლება ჩაუსახო რწმენა შენს მომხრეებს, მაგრამ ბევრმა შეიძლება ასეთი განცხადება ჩათვალოს იმგვარად, რომ ჩვენები, მაგალითად ნაციონალური მოძრაობა მაინც იგებს და აღარ წავიდეს არჩევნებზე. არ ჩავიდეს თავის რეგიონში და არ მისცეს ხმა. მე ვიცი, რომ ასეთი შემთხვევები იყო 2016 წელს, როდესაც ნაცმოძრაობის მომხრეები არ ჩავიდნენ რეგიონებში და მათ არ მისცეს ხმა. ამიტომაც მგონია, რომ მოწოდება უნდა იყოს შემდეგი, რომ ნაცმოძრაობას გამარჯვების შანსი აქვს, მაგრამ ამისთვის საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, იქნებ ჩახვიდეთ და ხმა მისცეთ პარტიას. ამ მხრივ „ოცნებას“ დიდი უპირატესობა აქვს.

_ ნაცმოძრაობას რეალური შანსი აქვს, რომ გაიმარჯვოს, ანუ მოვიდეს უმრავლესობაში?

_ გარკვეული შანსები გაჩნია. მას უფრო მეტი შანსი გააჩნია დღეს, ვიდრე თუნდაც 2016 წელს. გააჩნია, როგორ წარმართავენ წინასაარჩევნო კამპანიას.

_ ირაკლი კობახიძე ამბობს, 12% აქვს და იმედი მაქვს, ერთნიშნა რიცხვამდე ჩამოვა მისი რეიტინგიო.

_ ირაკლი კობახიძე იძახის ამას, მაგრამ ფაქტია, რომ 2018 წელს ნაცმოძრაობის კანდიდატი მეორე ადგილზე გავიდა. მან პირველ ტურში მიიღო დაახლოებით 600.000 ხმა და მეორე ტურში – 780.000 ხმა.

_ თუმცა, მაშინ ოპოზიციის გაცილებით მაღალი აქტიურობა ჩანდა. ამ ეტაპის მონაცემებით კი ეს რატომღაც არ ჩანს.

_ კი, ფაქტია, მაგრამ ნაცმოძრაობის რეიტინგი 12%-ს რა თქმა უნდა სცდება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ 27% მიიღო. საპრეზიდენტო მაჩვენებელი ვთქვი უკვე და ცხადია, რომ 12%-ს სცდება მისი რეიტინგი.

მე მაინც მიმაჩნია, რომ შეცდომაა თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, რომ ცალსახად იგებს ნაციონალური მოძრაობა და მე ჩამოვდივარ საქართველოში. ესეც ცალკე საკითხია, მაგრამ მე ეს შეცდომად მიმაჩნია.

ჯერ ეს ერთი 100%-იც რომ მიიღოს ნაციონალურმა მოძრაობამ, სააკაშვილს პრემიერ-მინისტრად ვერ წარადგენენ. იმიტომ, რომ გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო. იქ შეიძლება არასამართლიანად აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

_ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებს გულისხმობთ და იმას, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა?

_ დიახ, რა თქმა უნდა. საჭიროა პროცედურების გავლა. ეს ასე ადვილი არ არის. შესაძლოა უსაფუძვლოდ აქვს ბრალი წარდგენილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პროცედურები გასავლელია.

_ სააკაშვილს ნაცმოძრაობის 80% ალბათ უჭერს მხარს და ეს თქვენ კამპანიის ნაწილად ხომ არ მიგაჩნიათ?

_ კი ბატონო. რეალობა ასეთია, მაგრამ შესაძლოა შეიქმნას წინაპირობა იმისთვის, რომ მომავალში სააკაშვილი გახდეს პრემიერ-მინისტრი და არა ის, რომ ახლავე გახდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ჩამოვა საქართველოში. ჯერ ვერანაირად ვერ ჩამოვა. როდესაც იძახი, რომ ჩამოვალ და მერე ვერ ჩამოდიხარ, ეს ამომრჩეველში გარკვეულ დაბნეულობას იწვევს.

_ ერთგვარ იუმორის თემადაც იქცა სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხი.

_ წინაპირობა უნდა შეიქმნას და უნდა განაცხადოს, რომ თქვენი მხარდაჭერა მჭირდება – გაიჭირვეთ ერთხელ და ჩადით საარჩევნო უბნებზე, მოგვეცით ხმა, რათა მომავალში შეიქმნას იმის წინაპირობა, რომ მე დავბრუნდე საქართველოში და გავხდე პრემიერ-მინისტრი. დაპირება უნდა იყოს რეალისტური.

_ ახსენეთ კორონავირუსი და ამაზეც მაქვს კითხვა – ხომ არ ხედავთ რისკს, რომ „ოცნებას“ უნდა არჩევნების გადადება. მატულობს შემთხვევები და ხომ არ ხედავთ საფრთხეს, რომ „ოცნება“ ცდილობს ვითარების ხელოვნურად დამძიმებას?

_ იცით რა? „ოცნებას“ არჩევნები მაინც ექნება ჩასატარებელი. მე პირიქით მგონია, რომ კორონავირუსის ფაქტორის გამო „ოცნების“ რეიტინგი შედარებით გაიზარდა. იგივე „ედისონ რისერჩის“ კვლევის მიხედვით, მისი რეიტინგი 39%-ია. ამ შემთხვევაში მე ასე მგონია, რომ მას არ ექნება სურვილი, რომ ეს ხმები გაფანტოს და მხარდაჭერა დაკარგოს.

საქართველო, მეზობლებისგან და განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, მაინც კარგად უმკლავდება ვირუსს. თქვენ თქვით, რომ გაიზარდა შემთხვევები, მაგრამ ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსმა საქართველო დაამარცხა.

აქედან გამომდინარე მე ასე მგონია, რომ „ოცნებას“ აწყობს არჩევნები დათქმულ ვადებში ჩატარდეს, სანამ ის რეიტინგი მაღალია. მომავალში ეკონომიკურმა ვარდნამ შეიძლება უფრო მეტად იჩინოს თავი, რომელიც სხვათა შორის მხოლოდ საქართველოში არ არის.

_ პრემიერმა თქვა, რომ ბავშვების მიმართ გასაცემი დახმარებების დარიცხვა 1 კვირაში უნდა დასრულდეს. ხომ არ დაამთხვიეს სპეციალურად იმ პერიოდს, როდესაც ოფიციალურად გამოცხადდა საარჩევნო კამპანია?

_ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს სოციალური პაკეტების გაცემა არ ჩაითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად. ეს არის მთავრობის საქმიანობა და მისი კომპეტენცია არის.

_ თუმცა, მაინც ასოცირდება მასთან?

_ კი, რა თქმა უნდა. ამიტომ ვიძახი, რომ მან ტაქტიკა შეცვალა. გასცემს სოციალურ დახმარებებს და ეცდებ,ა ამით გავიდეს ფონს.

_ იმუშავებს?

_ ნაწილობრივ შესაძლოა იმუშაოს. შესაძლოა „ოცნებამ“ თქვას, რომ ბავშვებზე ვარიგებთ, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებენო, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ბავშვებს ჰყავთ მშობლები და შესაძლებელია, რომ აღნიშნულმა საკითხმა იმუშაოს.

როგორც 2018 წელს იმუშავა საბანკო ვალების ჩამოწერის პოლიტიკამ. შესაძლებელია, რომ ამ პროგრამებმაც იმუშაოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე.