„ოცნება“ არჩევნებში 45-46%-ს აიღებს“

„ოცნება“ არჩევნებში 45-46%-ს აიღებს“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

“ახალი თაობის” კითხვებს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების შანსებზე სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი პასუხობს.

– დიდი დრო აღარაა დარჩენილი არჩევნებამდე და რა შედეგს უნდა ველოდოთ, ისევ “ოცნებას” ხომ არ ვიხილავთ ხელისუფლებაში?

– შანსები საკმაოდ თანაბარია. უფრო სამართლიან სისტემაში, ვგულისხმობ სრულად პროპორიულს, რასაც ჩვენ ვითხოვდით, ოპოზიციის შანსები უკეთესი იქნებოდა. ამ სიტუაციაში შანსები თანაბარია, უბრალოდ სისტემური უპირატესობები აქვს “ქართულ ოცნებას”, რაც მაჟორიტარულ სისტემას თან ახლავს. ბოლო კვლევებს თუ შევეხდავთ, კორონას პირობებში, 35% ჰქონდა მმართველ პარტიას, რაც არ არის საკმარისი პროპორციულ ნაწილში.

– მაჟორიტარები ხომ უნდა გავითვალისწინოთ?

– დაბალი ალბათობაა, რომ ყველა მაჟორიტარი გაიყვანონ, მაგრამ არის კიდევ ადმინისტრაციული რესურსი, ფორა, რომელიც ყველა სახელისუფლო პარტიას აქვს. საპრეზიდენტო არჩევნებზე 10%-ს უდრიდა სახელისუფლო რესურსი. ამ გათვლებით რომ ვნახოთ, გამოვა, რომ 45-46%-ის მიდამოებშია “ოცნება”. რაც იმას ნიშნავს, რომ 8 მაჟორიტარული ოლქიც რომ მოიგოს ოპოზიციამ, ის იმარჯვებს.

– რამდენად დააზარალა ოპოზიცია ბოლო პერიოდის პროცესებმა? დაპირისპირებამ, მაჟორიტარებზე ვერშეთანხმებამ და ასე შემდეგ?

– რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ ოპოზიცია მაჟორიტარებზე შეთანხმებულიყო და 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში წარედგინათ შეთანხმებული კანდიდატი და მცდელობა ჰქონოდა, რომ პირველივე ტურში მოეგოთ.

ასევე კარგი იქნებოდა, ოპოზიციას რაღაც ერთიანი გეგმა შეეთავაზებინა ამომრჩევლისთვის, რათა ამომრჩეველს სტაბილურობის განცდა ჰქონოდა. კრიზისის დროს ცვლილების ყველას ეშინია. ეს ფსიქოლოგიური ფაქტორია. ამიტომ არ უნდა დაუტოვო განცდა ამომრჩეველს, რომ რაღაც გაურკვეველს ირჩევს, ან უარესს.

– მიხეილ სააკაშვილის განცხადებებმა რამდენად დააზარალა ოპოზიციური სპექტრი? არათანმიმდევრული იყო ის თავის განცხადებებში.

– მოდით, ასე ვთქვათ, უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისთვის იყო გათვლილი ეს განცხადებები. მათი სრული მობილიზება მოახდინა.

– დანარჩენი ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს სააკაშვილის პრემიერობას. კრიტიკაც ბევრი იყო ამასთან დაკავშირებით.

– მიხეილ სააკაშვილის ნათქვამის შესრულებას სჭირდება გამარჯვებული ოპოზიციიდან 76 დეპუტატის მხარდაჭერა. ნაციონალურ მოძრაობას ოპოზიციური მანდატების ნახევარზე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია. დანარჩენი ოპოზიცია მიშას კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, შესაბამისად, ეს თეორიულადაც გამორიცხულია. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გაიყვანოს 76 დეპუტატი, რაც ნიშნავს იმას, რომ 51% აიღოს არჩევნებში, რაც თეორიულად შეუძლებელია.

– თქვენი მოლოდინები როგორია?

– “ქართული ოცნება” შეეცდება, რომ კვლავ პოლარიზებულ რეჟიმში წარმართოს პროცესი და ისე წაიყვანოს, რომ ეს არის მიშა ბიძინას წინააღმდეგ. რასაკვირველია, ოპოზიცია ამას უნდა შეეწინააღმდეგოს. კარგად უნდა მიიტანოს ადამიანებამდე, თუ რა  არის პროპორციული არჩევნები და სანამ ადამიანებამდე მიიტანს, თვითონაც გაითავისოს. თუ ამას ნაყოფიერად გააკეთებენ, მოიგებენ, თუ ვერ გააკეთებენ ამას ნაყოფიერად, მაშინ ვერ მოიგებენ.

– აქტიურად საუბრობდნენ თქვენს პოლიტიკაში შემოსვლაზე.

– არა, მე სიტყვის კაცი ვარ და აქციებზე როგორც ვთქვი, ეს ბრძოლა სკამებისთვის არ იყო, ვეცით პატივი ჩემს სიტყვას. ალბათ ესე უნდა იქცეოდეს ყველა.

– თუ გქონდათ შემოთავაზება რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან?

– რა თქმა უნდა ბევრი პარტიიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ თუ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ეს არ მოხდებოდა რომელიმე პარტიული პლატფორმიდან, თავად დავაფუძნებდით პოლიტიკურ ძალას. მე მაქვს ჩემი საქმე, «ფორბსის“ აღმასრულებელი რედაქტორი ვარ და რასაც ვაკეთებ, ძალიან მომწონს ის საქმე.

ასე რომ, ამ ეტაპზე მსგავსი გეგმები არ მაქვს.