“ოცნებამ” თავისი ოცეულით ხალხს კიდევ ერთხელ დასცინა”

"ოცნებამ" თავისი ოცეულით ხალხს კიდევ ერთხელ დასცინა"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს.
– ბატონო გურამ, “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა. საზოგადოების ერთ ნაწილში ოცეულმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა. როგორია თქვენი შეფასებები? რა გვითხრა ბიძინა ივანიშვილმა?
– ოცეულამდე “ქართულმა ოცნებამ” ორი კვირით ადრე წარადგინა 30 მაჟორიტარი და აქედან გამომდინარე ჩვენთვის უკვე ცხადი იყო, როგორი განახლებული იქნებოდა “ქართული ოცნების” სია. მათ წარადგინეს დაახლოებით 25 ფულის ტომარა და მხოლოდ ამის შემდეგ წარადგინეს პირველი ოცეული. ეს არის კიდევ ერთხელ დაცინვა ქართველი საზოგადოებისა, რაც გააკეთა ივანიშვილმა ამ პირველი ოცეულით.
– რატომ, ასეთი რა გააკეთა?
– პირველი და მთავარი, მან სიის მესამე ნომრად წარგვიდგინა 20 ივნისის მთავარი გმირი და შემოქმედი, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, ის, ვინც გავრილოვი ჩამოიყვანა საქართველოში და ჩასვა თავის სავარძელში, ეს იყო ირაკლი კობახიძე და ამის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ უფრო დასცინა ჩვენს საზოგადოებას, როდესაც 20 ივნისის ღამის შემოქმედი, კაცი, რომელმაც ჩვენს ახალგაზრდებს თვალები დათხარა, წარგვიდგინა პრემიერად.
– სიის პირველი ნომერი და მომავალი პრემიერიო…
– დიახ, მომავალ პრემიერადაც ის დაასახელეს და ამით ყველაფერი ნათქვამია, თითოეული ჩვენგანი უნდა მიხვდეს, თუ როგორ დაგვცინის ეს ადამიანი.
– არადა სულ საუბრობდნენ იმაზე, გახარიას ჩამოაშორებს პროცესებიდანო, რომ შავ საქმეს გააკეთებინებს და გაუშვებსო. რატომ გააკეთა ისევ მასზე არჩევანი?
– ივანიშვილის მატარებელმა ჩაიარა, დამთავრებულია და არც ერთ ახალ სახეს, არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ აქვს სურვილი, მოხვდეს მის სიაში. მე საღად მოაზროვნე ადამიანებზე მაქვს საუბარი. ამიტომაც შემოგვთავაზა მან ის, რაც შემოგვთავაზა.
– ბევრი მაინც ფიქრობს, რომ “ოცნება” კვლავ ხელისუფლებაში მოვა. როგორია თქვენი პროგნოზი, გაუჭირდება ამ სიით მოგება?
– ამაში ვერ დაგეთანხმებით, ბევრი ნამდვილად არ ფიქრობს ასე. ამას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც არიან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები. “ქართული ოცნება” ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოვა ხელისუფლებაში ძალიან მარტივი მიზეზის გამო: “ქართულ ოცნებას” დღეს არ აქვს არანაირი მხარდაჭერა. კი ბატონო, 20-25%, რომელიც არის “ქართული ოცნებით” მოწამლული, ისინი მხარს უჭერენ, აქედან დიდი ნაწილი საჯარო მოხელეები არიან. თუმცა საჯარო მოხელეთა რესურსი არ არის მყარი დასაყრდენი ამ ხელისუფლებისთვის, რადგან საჯარო მოხელეებიც ძალიან კარგად ხვდებიან, სად ცხოვრობენ და როგორ სიტუაციაში. დამერწმუნეთ, რომ საჯარო მოხელეების მინიმუმ 80% არ მისცემს ხმას “ქართულ ოცნებას”.
– საკმაოდ სკანდალური ფაქტები გასაჯაროვდა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მოსკოვში ვოიაჟის შესახებ და ეს ყველაფერი რას გვეუბნება?
– როგორც ყველამ ნახა, უჩა მამაცაშვილი ამ წუთებში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, იმყოფება რუსეთში, ქალაქ მოსკოვში. ეს ახალი არ არის და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ყოველი არჩევნების წინ, ყველას ახსოვს მისი ვოიაჟები რუსეთში. მაშინ ჩასული იყო იმისათვის, რომ იქიდან პირდაპირ მიეღო დავალებები, თუ როგორ და რანაირად უნდა ემოქმედა “ქართულ ოცნებას” საიმისოდ, რომ ბატონი პუტინი ყოფილიყო ბედნიერი და კმაყოფილი. ახლა ვფიქრობ, რომ ის არის ჩასული მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო.
– რის გამო?
– რომ პუტინს მოახსენოს, თუ როგორ ვითარებაში უწევს “ოცნებას” მუშაობა, რომ მათ აღარ აქვთ მხარდაჭერა და ჩასულია იმის სათხოვნელად, რომ ბიძინა ივანიშვილი და კიდევ 5-6 ადამიანი, პუტინის რუსეთმა შეიფაროს.
– ანუ თავშესაფრის საძიებლად ჩავიდა?
– აუცილებლად. ბიძინა ივანიშვილი პუტინს თავშესაფარს სთხოვს. აქ სხვა ვარიანტი არ არსებობს. სხვა გამოსავალი აღარ აქვთ. პუტინიც კი ვეღარ დაეხმარება. ქართველი ადამიანი ძალიან კარგად ხვდება, როდის რა უნდა გააკეთოს. ქართველებმა ორჯერ მისცეს უფლება ივანიშვილს, რომ იქნებ როგორმე ქვეყანა წამოეყენებინა ფეხზე. ამის ნაცვლად ივანიშვილმა რა გააკეთა?! ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა, ყოველდღე ვიღაცა ვიღაცას კლავს. გაიზარდა უმუშევრობა. აღარ არსებობს ჯანდაცვა და არანაირი დაფინანსება აღარ არსებობს. არ გაზრდილა არანაირი პენსია და საერთოდ არაფერი ქვეყანაზე.
დაიკეტა ქვეყანა და მთლიანად ჩამოიშალა ისედაც ჩამოშლილი ეკონომიკა. არ ვიცი, რა სიტყვებით და როგორ შევაფასო ეს ყველაფერი. ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი ხედვა, არ იციან, რა უნდა გააკეთონ. 80 ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს, რაიონებში უკიდურესი გაჭირვებაა. “ქართული ოცნება” არის ქართული კორონა და მეტი არაფერი!
– საუბარია, რომ სწორედ ეს კორონავირუსი “ოცნების” სასიკეთოდ შემოაბრუნებს სიტუაციას. რამდენად ელოდებით რეგულაციების გამკაცრებას? ხომ არ მივდივართ იქით, რომ შესაძლოა არჩევნებიც გადაიდოს?
– ძალიან მარტივად გეტყვით. როდესაც პირველი ნიშნები დაფიქსირდა ვირუსის, ხელისუფლებამ იტრაბახა იმით, როდესაც ყველაფერი დაკეტა და ვითომ ვირუსი შეაჩერა, რომ კრიზისულ სიტუაციაში ვითომ კარგი მენეჯერები არიან, მაგრამ საბოლოო ჯამში რა ვნახეთ?! გზები გადაკეტეს, ბიზნესები გააჩერეს, ეკონომიკა წავიდა უკან, კორონა კი წავიდა წინ! სიტუაცია არის ძალიან მარტივი, ამ ადამიანებს არ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს კორონა არის ოპოზიციის წევრი.
– კორონა ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობს?
– ოპოზიციის არა, სამწუხაროდ. მუშაობს ხელისუფლების წინააღმდეგ. მუშაობს ქვეყნის წინააღმდეგ. თუ ისევ დაკეტავენ ქალაქებს, გააჩერებენ ბიზნესს, რაც უკვე დაიწყო, ეს ცუდ შედეგებს მოიტანს. ძალიან სამწუხაროა, რომ ვირუსმა ამხელა მასშტაბები მიიღო, მაგრამ ვერ ვხედავ, როგორ და რანაირად შეუძლია “ქართულ ოცნებას” ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა.
– თუ არის იმის მცირე შანსი მაინც, რომ გადაიდოს არჩევნები?
– ვერ გეტყვით, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია, მათ უნდა თქვან, რას აპირებენ და როგორ აპირებენ. ფაქტი ერთია, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და ადამიანებს უნდა მიეცეთ ნორმალურ გარემოში ცხოვრების საშუალება და უფლება, რასაც დღეს ვერ ვხედავთ.
არ ვიცი, გადადებენ თუ არა, ვერავინ გეტყვით, მათ თავში რა იხარშება. ერთი რამ კი ცხადია, მათ ქვეყნის მართვა არ შეუძლიათ. ჩვენ ამ ხელისუფლებას აუცილებლად დავამარცხებთ და ეს მარცხი “ქართულმა ოცნებამ” საოლქო კომისიის სხდომაზე უკვე განიცადა, სადაც არ მივეცით საშუალება, მათთვის სასურველი სია გაეტანათ და დაემტკიცებინათ.
ასე მოვიქცევით ყველგან და ჩვენ დავიცავთ ჩვენი მოსახლეობის ხმებს.