“ოცნების” ოცეული კალაძე-კობახიძის კლანია”

"ოცნების" ოცეული კალაძე-კობახიძის კლანია"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.
– ლადო, პანდემიის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში მძიმე ფონია. საზოგადოებაში კი დიდი პროტესტი. საზოგადოების ნაწილს სჯერა, რომ ეს პროცესი პოლიტიზებულია და არჩევნებს უკავშირდება, მეორე ნაწილი კი საკმაოდ შეშინებულია. თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ ყველაფერთან დაკავშირებით?
– ეს პროცესი რომ მთლიანად პოლიტიზებულია, ამაზე არა მხოლოდ ის მეტყველებს, რომ ახლა მოიმატა საეჭვოდ ამ რიცხვებმა. ასევე საეჭვოდ ჩანს ექიმების ასე დაახლოება მთავრობასთან. თითქოს ერთ გუნდად არიან წარმოდგენილი. ერთმანეთის პრეზენტაციებსაც ესწრებიან. მაჟორიტარების წარდგენა იყო თუ ოცეულის, ყველგან ესწრებოდნენ ეს ექიმები. როცა პიკი იყო, აპრილში, მაისსა და ივნისში, მაშინ არ მიდიოდა ამხელა გატესტვა. თვეში საშუალოდ ათასი იყო. ხოლო ბოლო თვენახევარში გაკეთდა 5 ათასი ტესტი. რას ნიშნავს ეს?!
– რას ნიშნავს?
– ძალიან კარგად იციან, თუ ტესტი გაკეთდება, ალბათობა იმისა, რომ დადასტურებული შემთხვევები ამოვარდეს, უფრო მაღალია. რატომ დაიწყეს ასე მასობრივი დატესტვები ახლა?! რატომ არ ტესტავდნენ ასე ივნისში, მაისში, აპრილში?!
– რატომ?
– პასუხი არის მარტივი, რომ ახლა ამოვარდეს რაც შეიძლება მეტი შემთხვევა. რადგან თუ მათ ვერ შეძლეს და თავისი რეიტინგი ვერ აწიეს, მაშინ დააწესებენ რეგულაციებს. მე მაქვს შიდა კულუარი ინფორმაცია, ზუსტი, რომ ამ ეტაპზე “ქართულ ოცნებას”, ყველა კვლევის მიხედვით, აქვს მაქსიმუმ 40%. მაქსიმუმ 40% ნიშნავს, რომ მაჟორიტარების მხოლოდ 60%-ს გაიყვანენ. გამოდის, რომ მათ არ ყოფნით პროცენტულად, რომ 76 ადამიანი შეაგროვონ და უმრავლესობა შექმნან. აქედან გამომდინარე სჭირდებათ ვითარების დაძაბვა.
– შექმნან კრიზისი და მერე განმუხტონ?
– რა თქმა უნდა. ოღონდ წარმოსახვითი კრიზისი შექმნეს, წარმოსახვითი იმიტომ, რომ საქართველო ნამდვილად არ არის დღეს იმ სიტუაციაში, რომ ასეთი პანდემია ცხადდებოდეს. თუმცა მათ შექმნეს ხელოვნურად ეს ვითარება იმისთვის, რომ ხალხი მაქსიმალურად დაიზაფროს და ამ ფონზე მაშველ რგოლად მოგვევლინოს ჩვენი მთავრობა. ეს არის ყველაზე დიდი მარაზმი, რაც ახლა ხდება. თუ “ოცნებამ” რეიტინგი ვერ აიწია, საზღვრებს დაკეტავენ და მკაცრ რეგულაციებს დააწესებენ, რათა მათი მომატებული პროცენტები არავინ გააპროტესტოს. მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ საზოგადოების ხმა ჩაახშონ. არის კიდევ ერთი ვარიანტი…
– რომელი ვარიანტი?
– რომ არჩევნები რამდენიმე თვით გადადონ. ბურჯანაძის პარტიიდან უკვე გაისმა მსგავსი განცხადებები, ხომ არ ჯობს არჩევნები გადაიდოსო.
– როდესაც ასეთი მატება წავიდა, მაშინვე გაჩნდა კითხვა, ხომ არ გადაიდება არჩევნები?
– ორი ვარიანტია, ან თავიდანვე გადადებენ არჩევნებს, ან დაიწერენ მაღალ არარსებულ პროცენტებს და ეს რომ ხალხმა არ გააპროტესტოს, გამოიყენებენ საგანგებო ღონისძიებებს. აი ეს არის მთელი ალია-ბალია ამ ყველაფრის!
– თავად ასე ხსნის ხელისუფლება ამ ყველაფერს, რომ გაჩნდა ახალი კლასტერები და იმატა დაინფიცირებულთა რიცხვმა. რომ აჭარამ ქნა რაც ქნა და ასე შემდეგ.
– წარმოიდგინეთ რა ქნეს? მათ დახურეს სვანეთი და გახსნეს საზღვრები. ეს რატომ გააკეთეს, არავის გაუჩნდა კითხვა? მით უმეტეს მაშინ, როდესაც ასეთ სიტუაციის დროს მთას აღებენ და ზღვას კეტავენ. ზღვა ყოველთვის ინფექციის წყაროა, ნორმალურ სიტუაციაშიც კი. ამათმა კი პირიქით გააკეთეს. თითქოს მიზანმიმართულად ხელი შეუწყვეს ვირუსის გავრცელებას და ახალი ბუდეების გაჩენას. გაცილებით მაღალი მაჩვენებელი იყო აჭარაში, ვიდრე სვანეთში, მაგრამ მაინც არ ჩაკეტეს ბათუმი. ეს კითხვებს არ აჩენს?! მაქსიმალურად მიუშვეს სიტუაცია.
– მიზანმიმართულად ქნეს?
– ზუსტად რომ ასეა. გარდა ამისა, ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ტელევიზიებში ჟურნალისტების დაინფიცირება. ჟურნალისტები უფრო ცნობადი სახეები ხართ, ხალხს სჯერა თქვენი. ამიტომ მეტი დამაჯერებლობისთვის, ერთ ხმაში აამღერეს. გარდა ამისა, ყოველდღე ლაივებს რთავენ კლინიკებიდან და წერენ ამ ყველაფერზე. ისინი საზოგადოების უფრო დიდ ნაწილს აწვდენენ ხმას და ამას რომ ხელი შეუწყონ, ამიტომ ჟურნალისტები დაავადდნენ მაინცდამაინც.
– თქვენ არ გჯერათ ამ ყველაფრის?
– ზედმეტად გადაამლაშეს. ვირუსის არსებობის როგორ არ მჯერა, მაგრამ ის არ არის მომაკვდინებელი, არ არის ტერორისტი ვირუსი, როგორადაც გვიხატავენ. ისეთ სიმპტომებს ყვებიან, რომ ერთი ერთში ემთხვევა ჩვეულებრივი ვირუსის ნიშნებს. მე არ მინდა, რომ საზოგადოებას ჩემი აზრი თავს მოვახვიო, ან შეცდომაში შევიყვანო, კი ბატონო, კორონავირუსი არსებობს, როგორ სხვა ვირუსი, ისიც მავნებელია, მაგრამ ისეთი არ არის, როგორადაც გვიხატავენ. მე საქართველოს მოქალაქეებს ვეტყოდი, რომ ნუ იქნებოდნენ ასე მორჩილად, ბრმად დამჯერები, როგორადაც დღეს არიან.
– ლადო, არჩევნების გადადება ახსენე და ამის რა შანსებია, რომ არჩევნები გადაიდოს?
– მე ეს ერთ-ერთ ვარიანტად განვიხილე. თუ არჩევნები გადაიდო, ეს იმას ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი 40%-ია, ან მის ქვემოთ. თუ 45%-ზე აწია რეიტინგი, არჩევნებს არ გადადებს. ნიშანდობლივია ისიც, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ქვედა რგოლებში უკვე თვითონვე საუბრობდნენ ამაზე. რადგან ქვედა რგოლები საუბრობენ, ე.ი. ეს დავალება მაღალი რგოლებისგან მიიღეს. ოპოზიციას არ აწყობს ასეთი არჩევნების ჩატარება.
– არის ასეთი მოსაზრება, რომ ოპოზიციას უფრო აწყობს არჩევნების გადადება, ვიდრე ხელისუფლებას, რადგან ხელისუფლების რეიტინგი კოვიდის პირობებში უფრო მაღალიაო.
– კი, ასეა. კრიზისის დროს ხელისუფლება უფრო მეტ ყურადღებას იჩენს ხალხის მიმართ, ოპოზიცია კი ჩრდილში რჩება. ამიტომ შესაძლოა ხელისუფლებამ სულ არ გადადოს არჩევნები, პროცენტები შესაბამისი დაიწეროს და მერე შეზღუდოს ხალხის გარეთ გამოსვლა და პროტესტი. ისეთი კანონი მიიღეს, რომ პარლამენტის თანხმობაც აღარ სჭირდებათ, ისე გამოაცხადებენ საგანგებო მდგომარეობას.
– “ოცნების” პირველმა ოცეულმა რა შთაბეჭდილება დატოვა?
– ძალიან საწყენია ეს ყველაფერი. ამ სახეების ფონზე, ბიძინა ივანიშვილი გამოდის და იძახის, რომ ჩვენ ხალხს შრომას და თავდადებას ვუფასებთო. ერთი ძალიან მაინტერესებს, ამ ოცეულიდან რომელი იყო თავდადებული?! მე ასეთი ვერც ერთი ვერ ვნახე იქ. მე ვნახე ვაზელინიანი ადამიანები, რომლებსაც ეს ვაზელინობა დაუფასდათ. პარტიული კადრებიც კი არ ჰყავდათ წარმოდგენილი. ეს იყო ნეპოტიზმით შედგენილი სია. სხვათა შორის, ამ ოცეულში გახარიას არც ერთი კადრი არ იყო. კალაძის კადრები და ყველაზე მძლავრად კი კობახიძის კლანი. ასევე ვიხილეთ წულუკიანთან ერთად მისი მოადგილე ამ სიაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ის მინისტრი აღარ იქნება და მოადგილიანად პარლამენტში გადმოინაცვლებს.