პაატა დავითაია – “გადაუწყვეტელ ხმებს ოპოზიცია წაიღებს”

პაატა დავითაია - "გადაუწყვეტელ ხმებს ოპოზიცია წაიღებს"საარჩევნო ბლოკის “ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი პაატა დავითაია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში არჩევნებში ოპოზიციის შანსებზე საუბრობს.

– საკმაოდ არასახარბიელოა ოპოზიციური პარტიების რეიტინგები. რა შანსები გაქვთ?

– მე არ ვიტყოდი ასე და გეტყვით, რატომ. გაგახსენებთ 2018 წლის არჩევნებს, როდესაც “ძალა ერთობაშიას” რეიტინგი 17-18% იყო და უცებ დაიდო 40%. ენდიაის ბოლო კვლევის მიხედვით, თითქმის 60% გაურკვეველია, არ ამბობს, ვის აძლევს ხმას არჩევნებზე. ზუსტად ასეთი იყო 2012 წელს, როდესაც 58% იყო გაურკვეველი და შემდეგ ყველა ეს ხმა წავიდა “ქართულ ოცნებაში”, ასეთი იყო 2003 წელს, როდესაც 48% იყო გაურკვეველი და ყველა ხმა წავიდა ნაციონალურ მოძრაობაში.

– ამით რის თქმა გსურთ, რომ ეს 60% მთლიანად ოპოზიციისკენ გადაიხრება?

– ყველა არ მიდის, რა თქმა უნდა, ოპოზიციისკენ, თუმცა, ვისაც უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ხელისუფლებას აძლევს ხმას, ის არ მალავს ამას. რაც შეეხება ამ გადაუწყვეტელ ხმებს, ეს იქნება ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება. ბოლო ემოციებზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ქართველებს ახასიათებთ არჩევნებზე ემოციური გადაწყვეტილების მიღება. ვინც ამ ემოციაზე ითამაშებს, ის წაიღებს ამ ხმებს. ამიტომ ეს ხელისუფლებისთვის არ არის სახარბიელო თემა. ოპოზიციას უფრო მეტი შანსი აქვს, ეს ხმები წაიღოს, ვიდრე ხელისუფლებას.

– რა შეიძლება იყოს ემოციური გადაწყვეტილების მიზეზი?

– თუნდაც ეკონომიკური სიტუაცია, მაგალითად, ლარის კურსი. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ოთხ ლარამდე ავიდა ერთი დოლარი. ხომ ხვდებით, რა მოხდება? ეს თემა ხომ ყველას ეხება. ბევრი მომენტია, რომლებიც სიტუაციას რადიკალურად შეცვლის. ამიტომ კვლევაზე დაყრდნობით ვერაფერს ვიტყვით.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა