რომან გოცირიძე – „მიშა ნოემბერში ჩამოვა, ახალი პარლამენტი მას აღუდგენს მოქალაქეობას და ამნისტიას გამოუცხადებს““

რომან გოცირიძე - „მიშა ნოემბერში ჩამოვა, ახალი პარლამენტი მას აღუდგენს მოქალაქეობას და ამნისტიას გამოუცხადებს““ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს

– ბატონო რომან, არაერთგვაროვან შეფასებებს ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის გააქტიურებასთან დაკავშირებით. ბევრი თვლის, რომ მისმა პრემიერად დასახელებამ ნაციონალური მოძრაობა საგრძნობლად დააზარალა. რამდენად ერთსულოვანი იყო შიგნით ეს გადაწყვეტილება?

– ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომელსაც ჰქვია ძალა ერთობაშია. სულაც არ იყო სავალდებულო ჩვენი მხრიდან ამის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება. ეს არის უკვე სამომავლოდ ბლოკში მყოფი პარტიების ერთობლივი გადაწყვეტილება.

– შიგნით ყველა თანახმა იყო?

– რა თქმა უნდა, ბლოკში შემავალი ყველა პარტია თანახმა იყო. ხოლო რაც შეეხება იმას, ეს დააზიანებს თუ შედეგებს გაუუმჯობესებს ნაციონალურ მოძრაობას, ამას ვნახავთ ჩვენ არჩევნებში.

– ეს არ აბნევს ამომრჩეველს?

– არა ბატონო, ეს არის დამატებითი სტიმული ჩვენი ამომრჩევლისთვის. ჩვენ უკვე ვნახეთ ერთხელ ეს პროცესი, საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც მიშა აქტიური კი არა, ჰიპერ აქტიური იყო. დღეში 5-10 ჩართვა ჰქონდა ამომრჩევლბთან და რა შედეგიც მივიღეთ ყველამ ვნახეთ. მაშინ თუ ეს იყო ხმების მომტანი, ორი წლის შემდეგ რატომ იქნება პირიქით? აგვიხსნის ვინმე?!

– „ევროპული საქართველო“, რომელიც თქვენი განაყოფია, მკვეთრად ემიჯნება ამ პროცესებს და ყველაფერს იმას, რაც მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. ამაზე რას იტყვით?

– მათი მხრიდან ასეთი ახსნაა, რომ აი ჩვენ ვართ კონკურენტები და კონკურენციის პირობებში ერთმანეთის კრიტიკა მოსულა. თუმცა კრიტიკასაც გააჩნია.

– რატომ, ზედმეტი მოსდით?

– დიახ, ასეა, ზედმეტი მოსდით. მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებენ, აი ასეთი მუხლია მათ ბუკლეტში, ნაციონალური მოძრაობა არ უჭერს მხარს საპენსიო ფონდის დაშლას და ჩვენ ვუჭერთ მხარსო. მერე  რა არის ამაში გასაკვირი, ერთ პარტიას ერთი შეხედულება ჰქონდეს და მეორს მეორე?! პირიქით, ჩვენი მიდგომაა, რომ საპენსიო ფონდის გარეშე არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა არ არსებობს. ეს არის სიბერის დაზღვევა, უბრალოდ, დღევანდელი ხელისუფლების მიდგომა არ მოგვწონს და  ამას არც ვმალავთ. ეს ნებაყოფლობითი უნდა იყოს და ადამიანებს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება.

ამიტომ ხშირად მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ევროპული საქართველო» მონდომებით ეძებს საბაბს, რის გამოც გაგვაკრიტიკებს. გეტყვით იმასაც, რომ სწორედ ამ ბუკლეტის გამო, მათ სერიოზული უკმაყოფილება შეხვდათ საკუთარი ამომრჩევლების მხრიდან. ასეთი რიტორიკა წინასაარჩევნოდ არ წაადგებათ და ეს არის შეცდომა. მითუმეტეს, როდესაც თავის დროზე ჩვენი ლოზუნგი იყო ყველა ერთის წინააღმდეგ. ჯერ ის ერთი გვყავს დასამარცხებელი და მერე უნდა იყოს შიდა კონკურენცია. ჩვენ ახლა ვიქნებით სერიოზული კონკურენტები, თუმცა ვიქნებით პარტნიორები მომავალ ხელისუფლებაში.

– დეკლარაციასთან დაკავშირებით გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, ბევრმა პარტიამ უარი თქვა ხელმოწერაზე და ეს რისი მანიშნებელია?

– ეს არის ვალდებულება, რომელიც აიღო ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომ ისინი არასდროს არ შეუქმნიან უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილს. ესეც სერიოზული წინასაარჩევნო განაცხადია. ყველა პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის ერთი პოლიტიკური მუხლი უნდა იყოს ეს. თუ ეს იქნება განმტკიცებული ხელმოწერით, ეს იქნება უკეთესი.

– თუმცა ვერ მოხერხდა ამ დეკლარაციაზე ხელმოწერა.

– ამ ხელმოწერით ორმაგი ბეჭედი დაერტყმევა ამ შეთანხმებას. თუმცა პოლიტიკაში სიტყვიერ შეთანხმებას აქვს თავისი ფასი.

– გატეხილი სიტყვა ბევრჯერ გვინახავს, ბატონო რომან, რა გარანტია გაქვთ, რომ ასე არ მოხდება?

– კი, პოლიტიკაში ესეც ხდება. ივანიშვილს რომ დააკლდეს ხმები და ოპოზიციური ფლანგიდან წაეშველოს ვინმე, აქ იქნება ორი მიზეზი, ერთი ის, რომ ბიძინამ ისინი მოისყიდა და ფულია გადახდილი და მეორე, რომ მათ თანამდებობებს შეპირდა, მაგრამ ასეთი შეკოწიწებული ხელისუფლება იქნება ძალიან მყიფე და ძალიან მალე ჩატარდება ახალი არჩევნები.

– რამდენად სამართლიან გარემოში ჩატარდება ეს არჩევნები, შეზღუდვები ხომ არ დაწესდება, იმ ფონზე, როდესაც კორონა ვირუსით დაინფიცირების რიცხვი ყოველდღე იზრდება?

– წესით, ჩვენი შეზღუდვა ვერ უნდა გაბედონ. ამას ამომრჩეველი არ მოითმენს. თუმცა ამ პანდემიას რომ სათავისოდ იყენებენ, ეს ცხადია. ჩვენი მოქალაქეების მიერ აღებულ 6 მილიარდს განკარგავს საკუთარი მიზნებისთვის წინასაარჩევნოდ “ოცნების” ხელისუფლება. ხალხს გაცილებით უჭირდა წინა თვეებში, მაგრამ ეს ფული შემოინახეს და ახლა ურიგებენ ყველას. რამდენიმე მილიარდი დღესაც დევს ხელუხლებელი და აპირებენ ოქტომბერში დახარჯვას.

17 წლამდე ბავშვებისთვის ეს 200-200 ლარი არ შეეძლოთ უფრო ადრე მიეცათ?! ასევე ახლა გაახსენდათ, რომ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს თანხა გადაუხადონ?!

– ბატონო რომან, მიხეილ სააკაშვილზე ვსაუბრობდით და თქვენ სრულად არ გაეცით პასუხი ჩემს კითხვას. საკმაოდ არათანმიმდევრულია ის საკუთარ განცხადებებში. თავიდან აცხადებდა, რომ მოდიოდა საქართველოში, ახლა აცხადებს, მაშინ ჩამოვალ, როცა ჩემი ჩამოსვლა არეულობას არ გამოიწვევსო, ეს როგორ უნდა გაიგოს თქვენმა ამომრჩეველმა?

– ჩვენ ძალიან მშვიდათ მივდივართ “ქართული ოცნების” ხელისუფლების შეცვლის პროცესისკენ. ძალიან ახლოს არის ოპოზიციური ხელისუფლების კონტურები. ხელისუფლებას აწყობს სააკაშვილის ჩამოსვლა, რათა ქვეყანაში მოახდინოს დესტაბილიზაცია. რა თქმა უნდა, მიშას ჩამოსვლა და მისი დაკავება გამოიწვევს ძალიან დიდ საპროტესტო ტალღას. ამ პანდემიის პირობებში, როდესაც ძალიან ბევრი რამის აკრძალვა შეუძლია ხელისუფლებას, ეს გამოიწვევს დიდ დესტაბილიზაციას ქვეყანაში და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ნაცმოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს დაბრალდება. ამიტომ მან ნათლად განაცხადა, რომ ჩამოვა არჩევნების შემდეგ. ის ჩამოვა მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება და ეს იქნება ნოემბერში.

– ოპოზიციის გამარჯვება ხომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შეიცვლება კი ხელისუფლება?

– დიდი ალბათობით შეიცვლება და მაშინ მისი მოქალაქეობის საკითხი და ის პრობლემა, რომ მას აქვს მისჯილი სასჯელი, სამართლებრივად გადაწყდება – მოქალაქეობის აღდგენა პარლამენტის მიერ, უკანონო სასჯელის გაუქმება ამნისტიის გზით ასევე პარლამენტის მიერ.

– ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ მიშა საქართველოში ჩამომსვლელი არ არის. ჩამოვაო, როდესაც აცხადებთ, ამის თავად გჯერათ?

– ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რაღა უნდა მიშას უკრაინაში?!

– გააჩნია, ვინ მოვა ხელისუფლებაში, იქნებ თქვენ ვერ მოდიხართ?

– ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვერავინ შეუშლის ხელს მის საქართველოში შემოსვლას.

ყველამ კარგად იცის, რომ ის არის პოლიტიკური დევნილი!