“თქვენ ხართ უსინდისო და მატყუარა” – ბოკერია თურნავას

"თქვენ ხართ უსინდისო და მატყუარა" - ბოკერია თურნავას პარლამენტში ხმაური მოჰყვა ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოში მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები “ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი რომელზე”:

“როდესაც ვსაუბრობთ კრიზისთან გამკლავებაზე, ნუ მოგაქვთ თავი ისე, რომ თქვენ გაქვთ რაღაც უპირატესი რეცეპტი. ძალიან მტკივა ხოლმე ამ ფაქტის განმეორება, მაგრამ მიწევს როგორც ჩანს – თქვენი ნამართი კრიზისი ჩვენ ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დღევანდელი თქვენი და თქვენი მეგობარი პოლიტიკური ძალის ლიდერები, ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი რომელზე. ჭკუის დარიგება თქვენგან არის მიუღებელი”, – ასე მიმართა თურნავამ საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს.

მინისტრის ამ განცხადებას ოპოზიციის და უმრავლესობის დეპუტატების რეპლიკები მოჰყვა.

“თქვენ ხართ უსინდისო და მატყუარა” – თქვა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, სხვადასხვა პირების მიერ წარსულში არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, თითქოს აგვისტოს ომის დროს საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები და დეპუტატები ქვეყანას ტოვებდნენ, რაც, საზღვრის კვეთის ოფიციალური დოკუმენტებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

აგვისტოს ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად,  ხელისუფლების ცხრა წარმომადგენელი ომის მიმდინარეობის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა და ქვეყანაში სწორედ ამ დროს დაბრუნდა. მათ შორის არიან ნიკოლოზ რურუა, გიგა ბოკერია და გიორგი მელაძე, რომლებიც ქვეყანაში 9-10 ავისტოს დაბრუნდენ.

2008 წლის 7-14 აგვისტოს ხელისუფლების ყოფილი წევრების ქვეყნიდან გასვლა-შემოსვლის სია 2014 წელს ქართული ოცნების დეპუტატმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გამოაქვეყნა.

ირაკლი სესიაშვილის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად 9 აგვისტოს ქვეყანაში დაბრუნდნენ: გიგა ბოკერია, ბაკურ კვეზერელი და გიორგი მელაძე. 10 აგვისტოს დაბრუნდნენ ნინო კალანდაძე, ნიკოლოზ რურუა და კობა სუბელინი. 11 აგვისტოს საქართველოს საზღვარი გიორგი ღვინიაშვილმა და  პარუთიუნ ჰოვჰანესიანმა, 12 აგვისტოს კი პაატა ლეჟავამ გადმოკვეთეს.

ომის პერიოდში ქვეყნიდან გავიდნენ და უკან დაბრუნდნენ დავით ბეჟუაშვილი (7-11 აგვისტო), გიგი წერეთელი (7-9 აგვისტო), მერაბ სამადაშვილი (12 აგვისტოს გავიდა და იმავე დღეს დაბრუნდა) და გოჩა მამაცაშვილი (8-12 აგვისტო).

ფორმულა