“ვერც “ოცნება” და ვერც ნაციონალები მთავრობას მარტო ვერ ჩამოაყალიბებენ” – ლაშა ჩხარტიშვილი

"ვერც "ოცნება" და ვერც ნაციონალები მთავრობას მარტო ვერ ჩამოაყალიბებენ" - ლაშა ჩხარტიშვილილეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობა ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობას გამორიცხავს.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა გაზეთ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

– 80%-ზე მეტით გვყავს არჩეული პრეზიდენტები. ასეთი რამე ახალი საარჩევნო სისტემით გამორიცხულია?

– ეს გამორიცხულია. ის ბაქიბუქი, რაც გვესმის ივანიშვილი-სააკაშვილისგან, რომლებიც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს ბევრ რამეში, მიუღწეველი, განუხორციელებელი სურვილებია. შეიძლება საკუთარი მომხრეების, მე ვიტყოდი, ინდივიდუალური მომხრეების, ბელადომანების წახალისებაა და სხვა არაფერი.

პრაქტიკულად, თეორიულ შანსსაც კი არ ტოვებს ეს კანონმდებლობა ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობისა და როგორ აპირებს ეს ხალხი ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლას, გაუგებარია.

– “ოცნება” 60%-ის აღებას აპირებს.

– ეს არის გამორიცხული. ეს ზღაპრები მოუყვნენ არა საზოგადოებას, არამედ ერთმანეთს. როგორც უყვებოდნენ, მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც სახეზე მეორე ტური იყო. არათუ 60%-ის, მერწმუნეთ, 40%-ის აღებაც გაუჭირდებათ. იგივე შემიძლია ვთქვა ნაციონალურ მოძრაობაზეც. ორივე პარტია იქნება მსხვილი პარტიების სახით წარმოდგენილი პარლამენტში, მაგრამ არც ერთ მათგანს არ ექნება იმდენი მანდატი, რომ მარტომ ჩამოაყალიბოს მთავრობა.

70-80% ამომრჩევლის უნდა მივიდეს არჩევნებზე, რომ გაყალბების მინიმალური შანსიც კი არ დავუტოვოთ ივანიშვილს. ამ შემთხვევაში ივანიშვილი მართლაც დამთავრდება.

ამით დავასრულებთ ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა