„ზუგდიდში გიული დეიდა სიმბოლური კანდიდატი იქნება“ – უგულავა სააკაშვილის დედაზე

„ზუგდიდში გიული დეიდა სიმბოლური კანდიდატი იქნება“ - უგულავა სააკაშვილის დედაზეპოლიტიკა საოჯახო ბიზნესი არ არის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა – “გიული დეიდა” სიმბოლური კანდიდატი იქნება ზუგდიდში. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის,  გიგი უგულავას განცხადებით, ამომრჩეველი მხარს მის კანდიდატურას დაუჭერს.

“მე არ მინდა გავუსწრო ფაქტებს, რომელიც ან შედგება, ან არა, ჯერ დააყენონ კანდიდატი, ამ ყველაფერზე კი შემდეგ ვისაუბროთ. პოლიტიკა საოჯახო ბიზნესები არ არის. ეს საქციელი ზემოდან ყურებაა ამომრჩეველზე. რბილად რომ ვთქვათ,  ყოველივე ეს ძალიან ცუდად გამოიყურება, გიული დეიდა იქნება სიმბოლური კანდიდატი,  მე კი ვაპირებ რეალურ პრობლემებთან ბროლას, იმ კორუფციასთან რომელიც ზუგდიდში არსებობს”, – განაცხადა უგულავამ.

გიული ალასანიაზე მსგავი საუბარი უხეში და უტაქტოა. ამის შესახებ უკვე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, გიგი უგულავასთან ხანგრძლივი მეგობრობის მიუხედავად, მისი უხეში შეფასებები არასწორია.

“ჩემი და გიგის ხანგრძლივი მეგობრობის მიუხედავად,  არა მგონია,  ეს უხეში შეფასებები სწორი იყოს, მისი შეფასების პირველ ნაწილს ვეთანხმები, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და უახლოეს დღეებში წარვუდგენთ საზოგადოებას ჩვენს მაჟორიტარობის კანდიდატებს.

ჩვენ წარვადგენთ ისეთ კანდიდატს, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი ხმების მობილიზებას შეძლებს.  გიგის მხრიდან არაკორექტულია მსგავსი შეფასებები, მე დარწმუნებული ვარ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი კანდიდატი ბევრად მეტ ხმას აიღებს, ვიდრე “ევროპული საქართველო”, რადგან ამაზე წინა არჩევნების შედეგებიც მოწმობს, ამიტომაც როგორც მინიმუმ, ყველას გვაქვს ვალი, კორექტულები დავრჩეთ, რადგან 31 ოქტომბერს ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახასენებთ, მედიით გავრცელებული ინფორმაციით,  „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას კანდიდატურის  წარდგენას გეგმავს. ინფორმაციას არ უარყოფენ პარტიაში, თუმცა აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „ნაციონალურ მოძრაობა“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას რამდენიმე დღეში გეგმავს.