“ბელარუსთან მატჩზე 16.000 კაცი შეეძლოთ ისე დაესვათ, რომ ვირუსის გადაცემის რისკი არ ყოფილიყო”

"ბელარუსთან მატჩზე 16.000 კაცი შეეძლოთ ისე დაესვათ, რომ ვირუსის გადაცემის რისკი არ ყოფილიყო"პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე “ახალ თაობასთან” საქართველო-ბელარუსის დღევანდელი მატჩის უმაყურებლოდ ჩატარებაზე საუბრობს:

– სამწუხაროა, როდესაც არ უშვებენ ხალხს სტადიონზე, მაშინ როდესაც შესაძლებელი იყო მათი შეშვება პირბადეებით, მით უმეტეს უეფამ დართო ნება და ჯერი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაზე, როდესაც ასეთი გადამწყვეტი მატჩია, როდესაც არსებობს რეალური შანსი, რომ საქართველო გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე.

მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ სხვები არღვევენ კანონს და არ იყენებენ პირბადეებს, მათ შორის, როდესაც „ქართული ოცნება“ ატარებს გარკვეულ შეხვედრებს მოსახლეობასთან. ეს მიდგომა ორმაგი სტანდარტია. არ ვიცი, რატომ შეიძლება, არ დაუშვა სტადიონზე მაყურებელი და ნერვიულობდე, რომ მაყურებელი არ დაზარალდეს და კორონავირუსი არ გადაედოს, პოლიტიკური აქტივობის შემთხვევაში კი სხვანაირი დამოკიდებულება გქონდეს.

– ანუ, თუ შეზღუდვებია, ყველაფერზე უნდა ვრცელდებოდეს, ამაზე საუბრობთ?

– ბუნებრივია. მით უმეტეს, სტადიონზე შესაძლებელი იყო ამის გაკეთება და უეფას რეგულაციებით ერთმანეთის გვერდით არ დასხდებოდნენ მაყურებლები. „დინამო არენის“ მხოლოდ 30% უნდა შევსებულიყო, რაც დაახლოებით 16.000-მდე მაყურებელს ნიშნავს. შეიძლებოდა ისე განთავსება, რომ ვირუსის გადაცემის რისკი არ ყოფილიყო.

– თუნდაც 10.000 მაყურებელიც რომ დაეშვათ, ესეც რაღაცას ნიშნავდა ჩვენი ნაკრებისთვის.

– კი, რა თქმა უნდა. დღეს განსაკუთრებით სჭირდებათ მხარდაჭერა, იმიტომ, რომ რეალური შანსი არსებობს, ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. აქედან გამომდინარე, არა მგონია, ასეთი მიდგომა კარგი იყოს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა