გედი ფოფხაძე – “ხალხს ჩემთან შეხვედრის ეშინია”

გედი ფოფხაძე - "ხალხს ჩემთან შეხვედრის ეშინია"“ჩვენი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გედევან ფოფხაძემ კოვიდ 19 დაამარცხა. ის “ახალ თაობასთან”  საუბრობს.

– თუ განაახლეთ კამპანია, ამომრჩევლებს თუ ხვდებით? 

– დიახ, შეხვედრები დავიწყეთ. ხალხს ცოტათი მაინც ეშინია ჩემთან შეხვედრის, ჰგონიათ, რადგან კორონა მქონდა, რაღაც საფრთხის მატარებელი ვარ. ორგანიზაციულად შტაბი მაინც ვერ არის გამართული. თუმცა მე მაინც იმედიანად ვარ, რომ “ჩვენი საქართველო” ამ არჩევნებში იტყვის თავის სიტყვას.

  – დაინფიცირებულების რაოდენობა 500-ს გადასცდა, თუმცა განსაკუთრებული ზომების მიღებაზე არ არის საუბარი, მაშინ როდესაც 20 შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამას რით ხსნით, არჩევნებს უკავშირებთ?    

– იმდენად ეწინააღმდეგება პირველი ტალღის მიმართ დამოკიდებულებას ახლანდელი დამოკიდებულება, რომ აქ ლოგიკის პოვნა ძალიან რთულია. თუ 10 ადამიანის დაინფიცირების შემთხვევაში ქვეყანა იკეტება, 500 გამოვლენილზე რაღაც ისეთი რეგულაცია მაინც უნდა ამოქმედდეს, რომ ეს ვითარება არ გააუარესოს მაინც. მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ პირველი ტალღის დროს მიღებული რეგულაციები იყო გადაჭარბებული.

არასწორი პროპაგანდის შედეგად დაითესა შიში. შიშსა და სიფრთხილეს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ხელისუფლებამ ამჯობინა, რომ ეს პროპაგანდა ხალხის დაშინებით წაეყვანა.

– შეშინება რაში აწყობდათ? 

– ვფიქრობ, პოლიტიკურ მიზანს უფრო ემსახურებოდა, ვიდრე ჯანდაცვას.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა