გია ხუხაშვილი – „ათენში სააკაშვილზე თავდასხმით „ოცნებამ“ მას რეიტინგი აუწია“

გია ხუხაშვილი - „ათენში სააკაშვილზე თავდასხმით „ოცნებამ“ მას რეიტინგი აუწია“ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” საარჩევნო პროცესში გახშირებულ ძალადობაზე საუბრობს.

_ საარჩევნო კამპანიაში მოიმატა ძალადობის შემთხვევებმა. მანკიერი ტრადიცია გრძელდება?

_ რა თქმა უნდა. რა შეიცვალა? შევცვალეთ ჩვენ რამე? ისევ ისეთივე დაპირისპირებებია და ნეგატიური დღის წესრიგი… ნეგატიური დღის წესრიგი თავისთავად ბადებს ძალადობას. მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლება ყველა არჩევნების წინ მორიგი გადატრიალების თუ სახელმწიფო ღალატის თემას შემოაგდებს ხოლმე და ამით ტემპერატურას კიდევ უფრო ზრდის. სამწუხაროდ, ამით კიდევ უფრო ძალადობრივი და აგრესიული ხდება საარჩევნო სივრცე.

_ სააკაშვილს ჰქონდა საბერძნეთში შეხვედრა 11 ოქტომბერს, რასაც ახლდა ექსცესები. ეს ხელისუფლებისგან მართულია?

_ ეს იყო ჩვეულებრივი ქოცური გამოხდომა, რაც ისევ სააკაშვილის სასარგებლოდ მუშაობს. წარმოიდგინეთ, როგორი ბრიყვი უნდა იყო, ასეთი რაღაცა რომ დაგეგმო?! შეიძლება დაგეგმო კონტრპროტესტი, რაღაცა პლაკატებით გააპროტესტო სააკაშვილის ჩასვლა საბერძნეთში, მაგრამ როდესაც ასეთ კრიმინალურ ხულიგნურ რაღაცას გეგმავ, ეს მხოლოდ სააკაშვილზე მუშაობს და არა _ მის საწინააღმდეგოდ.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ეს შეხვედრა შესაძლოა იმდენად არ გაშუქებულიყო, როგორც გაშუქდა მას შემდეგ, რაც ეს ინციდენტი მოხდა. ხომ ასეა? შესაბამისად, რაც უფრო მეტ სიბრიყვეს გააკეთებს ხელისუფლება, ეს არის სააკაშვილის ინტერესებში. საერთოდ ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს ერთი რაღაცა ახასიათებთ, ისინი ერთმანეთზე მუშაობენ. ანუ, ყველა არჩევნებზე თანხმდებიან, რომ მოდი, მე ვიქნები შენი შტაბის უფროსი და შენ იყავი ჩემი შტაბის უფროსი და პატიოსნად ასრულებენ ამ ფუნქციას.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა