გია ვოლსკი – “ქართველები მიტინგებს აწყობენ იმაზე, რომ ტერიტორია აზერბაიჯანისაა და არა საქართველოსი”

გია ვოლსკი - "ქართველები მიტინგებს აწყობენ იმაზე, რომ ტერიტორია აზერბაიჯანისაა და არა საქართველოსი"პირველად ვნახე, ადვოკატები და პოლიტიკოსები, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან და მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის დაკავებული წევრების თაობაზე დასმულ კითხვას.

ვოლსკიმ განაცხადა ისიც, რომ “სამწუხაროა, ასეთ დარღვევაში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ, რომელთაც განსასჯელის სკამიდან, შესაძლოა სასჯელაღსრულების სისტემაში გადაინაცვლონ“.

“როდესაც სახელმწიფო მნიშვნელობის თემაა, არავის, მათ შორის არც პროკურატურას არა აქვს იმის უფლება, რომ საკითხის შესწავლა რაღაც პოლიტიკური მოსაზრებებით გადადოს. პირველად ვნახე, ადვოკატები და პოლიტიკოსები, რომლებიც ასე გააფთრებით იბრძვიან, მიტინგებს აწყობენ იმის თაობაზე, რომ ტერიტორია ეკუთვნის აზერბაიჯანს და არა საქართველოს. ეს არის გასაოცარი და ასეთი გააფთრება გამოწვეულია იმისგან, რასაც წინასაარჩევნო პერიოდი ჰქვია.

სახელმწიფო საკუთარ თავსა და ინტერესებს უნდა იცავდეს და არა კონკრეტული ადამიანის ან პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს. ეს არის აქსიომა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

იგი იმასაც ამბობს, რომ “მოხდა უბედურება, როცა საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ტელევიზიებით განაცხადეს, რომ დავით-გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის და სულ ცოტა ხანში გაუქმდა კანონი, რომელიც სახელმწიფო ინტერესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობას კისრულობს“.

“ეს არის ფაქტი, რომელსაც უნდა პასუხობდეს იმ პერიოდის პარლამენტის თავმჯდომარე და პოლიტიკური ძალები“, – დასძინა გია ვოლსკიმ.

იპნ