ირაკლი ბერაია – “ნაცმოძრაობის მოკავშირე კუბილიუსი ქართულ საზოგადოებას აოცებს”

ირაკლი ბერაია - "ნაცმოძრაობის მოკავშირე კუბილიუსი ქართულ საზოგადოებას აოცებს"ნაცმოძრაობის მოკავშირე კუბილიუსი, აგრძელებს ქართული საზოგადოების გაოცებას რეალობას აცდენილი გამონათქვამებით, – ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით.

ბერაიას თქმით, კუბილიუსის კომენტარი სასაცილოა.

„შემაშფოთებელია, როდესაც ის სასაცილოს უწოდებს საქართველოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში ბრალდებულების დაკავებას. საინტერესოა რა რეაქცია ექნებოდა, იგივე რომ მის ქვეყანაში მომხდარიყო. კიდევ უფრო გაუგებარია მისი მხრიდან პანდემიის საწინააღმდეგო ნაბიჯების და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სრულიად უსაფუძვლო, მიკერძოებული შეფასება. კუბილიუსს შევახსენებ, რომ მასზე ბევრად მაღალი რანგის და ბევრად ავტორიტეტული პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები როგორც ევროკავშირში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, აღიარებენ და მაღალ შეფასებას აძლევენ ერთის მხრივ, საქართველოში პანდემიის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობას და მეორეს მხრივ, ქართული ეკონომიკის მდგრადობას. შესაბამისად, ერთადერთი რამ, რაც სასაცილოა, თავად კუბილიუსის კომენტარია”, – განაცხადა ბერაიამ, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა დღეს ტვიტერში დაწერა:

„საქართველოს ხელისუფლებამ “აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის” ორი საჯარო მოხელე დააკავა. შენიშვნისთვის – აღნიშნული მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. “ქართული ოცნება” პოლიტიკურ ოპოზიციას იმის გამო ადანაშაულებს, რომ რეალური პრობლემებიდან – პანდემიის მიმართ ცუდი რეაგირებისა და შეჩერებული ეკონომიკისგან – ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს,“ – წერს ევროპარლამენტარი.

იპნ