„ივანიშვილი ჯერ ჩხარტიშვილს ჩამოიშორებს, შემდეგ – გახარიას“

„ივანიშვილი ჯერ ჩხარტიშვილს ჩამოიშორებს, შემდეგ - გახარიას““ახალი თაობასთან” ინტერვიუში ლადო სადღობელაშვილი ვარაუდობს, რომ ივანიშვილი ჩხარტიშვილს ჩამოიშორებს:

– დღეს ივანიშვილისთვის ჩხარტიშვილი აღარ არის საჭირო. ბიზნესმენთა ნაწილი ხაზარაძის კლანში მოიაზრება, ნაწილი – ვანო ჩხარტიშვილის კლანში და მათი მეფე არის ბიძინა ივანიშვილი. ხაზარაძეს ან ჩხარტიშვილს ბიძინა ივანიშვილის ადგილის დაკავება კი არ უნდათ, არა, მათ უნდათ ბიძინა ივანიშვილის ქოლგის ქვეშ თბილად მოკალათება.

– ივანიშვილის ნებართვის გარეშე, ვანო ჩხარტიშვილის მაკომპრომეტებელი მასალა ვერ გავრცელდებოდა?

– არა, არ არსებობს, ვერ გავრცელდებოდა. ივანიშვილის გარეშე, ჩვენს ქვეყანაში საინფორმაციოც კი არ გადის. მე მარტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს არ ვგულისხმობ, საქმე ეხება ტვ პირველსაც და მთავარ არხსაც.

ჩემი აზრით, ბატონ გახარიას აიძულებენ, რომ წავიდეს თანამდებობიდან. გახარია არის ჩხარტიშვილის კადრი, მოქმედებს მასთან შეთანხმებით და თუ აღარ იქნება ჩხარტიშვილი, აღარ იქნება გახარია!

– ბიძინამ წყალი შეუყენა ჩხარტიშვილს და მის კადრებს?

– ბიძინამ იმაზე კი არ დაიწყო საუბარი და ფიქრი, გახარია როგორ მოვიშოროო, არა ბატონებო. ის საფრთხეს და პრობლემებს უქმნის პირდაპირ მათ მფარველებს და დამფინანსებლებს. როდესაც მას უნდა, პირდაპირ თავს ჭრის. დარწმუნებული ვარ, ბიძინას ხუთიანზე აქვს შესწავლილი ჩხარტიშვილის ბიზნესი და შეიძლება რაღაცაზე ხელებიც ექავება. ასე იყო ხაზარაძის შემთხვევაშიც, დაიახლოვა და შემდეგ დაარტყა მის ბიზნესს. ხომ ვხედავთ, დღეს რა დღეშია ანაკლიის პორტი?! ბიძინა ისეთი ტიპაჟია, რომ, როგორც ჩანს, მის ირგვლივ ვარსკვლავიც კი არ უნდა კაშკაშებდეს, ამას ვერ იტანს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა