“კალაძემ პირდაპირ თქვა, რომ არჩევნებს გააყალბებენ”

"კალაძემ პირდაპირ თქვა, რომ არჩევნებს გააყალბებენ"ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში 2020-ის არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს.

– ძალიან მაღალი პროცენტია გადაუწყვეტელი ხმების, ვისაც არც ერთი პარტია არ მოსწონს. რა მოხდება არჩევნების დღეს, სახლში დარჩება ეს ამომრჩეველი თუ რაიმე სიურპრიზს უნდა ველოდოთ?

– მე მაქვს უტყუარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს პერიოდში კორონავირუსის გამო ისევ სახლებში გამოგვკეტავენ, ჩაკეტავენ საზღვრებს, შეგვზღუდავენ გადაადგილებაში. ეს ყველაფერი კი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, ასევე არ ჩამოვიდნენ უცხოელი დამკვირვებლები. მათი ძირითადი მიზანია, რაც შეიძლება ცოტა ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, შემდეგ კი თავიანთი 38% უფრო მაღალ პროცენტად აქციონ.

– კალაძემ ღიად განაცხადა, რომ ისინი პროპორციულ ნაწილში ელიან 60%-ს, ხოლო მაჟორიტარების უმრავლესობას პირველივე ტურში მოიგებენ. რას ნიშნავდა მისი ნათქვამი?

– ეს იყო პირდაპირ ნათქვამი, ჩვენ არჩევნებს გავაყალბებთო. პირდაპირ იყო საუბარი იმაზე, რომ არჩევნების გაყალბება იგეგმება. გააყალბებენ როგორც პირდაპირი გაგებით, ასევე იქნება მანიპულაცია ამ რაოდენობიდან გამომდინარე. მე მივმართავ ოპოზიციურ პარტიებს, თუ მართლა რამის თავი აქვთ, გამოვიდნენ, სანამ დროა და რაღაც იღონონ. თუმცა მათი მოქმედებები ცხადყოფს, რომ ესენი არიან შეკრულები მმართველ ძალასთან. ეს ადამიანები არიან ნაყიდი!

– ბიძინას მიერ?

– რა თქმა უნდა! “ქართული ოცნების” მამის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, იმიტომ, რომ ხმას არ იღებენ. ბიძინასა და “ოცნებას” აღარავინ ახსენებს, ერთმანეთის ჭამაზე არიან გადასული, მთავარ აქცენტებს კი არავინ სვამს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა