“მოღალატეები”, “ბოროტი მასხარა”, “არარაობა”, “უგვანი” – ღარიბაშვილმა პოლიტოპონენტები 3 წუთში ექვსჯერ გალანძღა

“მოღალატეები”, “ბოროტი მასხარა”, “არარაობა”, “უგვანი” – ღარიბაშვილმა პოლიტოპონენტები 3 წუთში ექვსჯერ გალანძღატვ “იმედის“ ეთერში საუბრისას, 3 წუთის განმავლობაში, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექვსჯერ გამოიყენა შეურაცხმყოფელი სიტყვები პოლიტიკური ოპონენტებისა და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.

ყოფილმა პრემიერმა ნაციონალებს “მოღალატეები” და “რუსეთის ინტერესების გამტარებლები” უწოდა, ხოლო რუსეთისთვის მიწერილი წერილის საფუძველზე მოსკოვიდან ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ დავითგარეჯის 1936-38 წწ რუკის ჩამოტანას “სპეცოპერაცია” უწოდა.

ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ბოროტ მასხარად”, დავით ბაქრაძე “სულელად” და “არარაობად”, ხოლო “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “უგვანად” მოიხსენია:

“ამ მოღალატეებმა, რომლებიც თავად არიან რუსეთის ინტერესების გამტარებლები, და ამ ბოროტმა მასხარამ, სააკაშვილმა, რომელმაც 2008 წელს რუსული ჯარი შემოიყვანა საქართველოში, ჩვენ დაგვაბრალა რუსული ინტერესების გატარება, მათ დაიწყეს პანიკა, ისტერიკა, მათმა უგვანმა კაცმა, ვინც არის გვარამია, მთელი ამ გარყვნილებისა და მოღალატეების მთავარი წარმომადგენელი და სახე, თითქოს რაღაცას ვაპირებთ, მერე გამივიდა ის ბოროტი მასხარა სააკაშვილი, რომელმაც ვერსია მისცა პირდაპირ პროკურატურას, რომ 80 მილიონი დოლარი ავიღე გარეჯის გაყიდვაშიო”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ეფესბეს არქივებში მოძიებული დავითგარეჯის რუკები საქართველოში ჩამოიტანა, პროკურატურამ ორი პირი, საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დამდგენი ჯგუფის წევრები ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი დააკავა. საქალაქო სასამართლომ მათ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რაც სააპელაციომ ძალაში დატოვა.