სააკაშვილი – “ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარეთ და ასევე მშვიდობიანად გადმოვიბარებთ”

სააკაშვილი - "ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარეთ და ასევე მშვიდობიანად გადმოვიბარებთ"საქართველოს მესამე პრეზიდენტი “მთავარის” გადაცემაში “დღის სტუმარი” ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, სადაც ხელისუფლებამ მეორე ტური მოიპარა, 31 ოქტომბერს ამის საშუალებას არ მისცემენ.

“არ ვაპირებთ, ივანიშვილს არჩევნები მოვაპარინოთ, ჩვენი შეკრებები აუცილებლად გაგრძელდება, ბათუმში იმდენი ხალხი მოვიდა, რამდენიც ამ ქალაქში პოლიტიკურ შეხვედრებზე აქამდე არასდროს გვინახავს, გვექნება შეხვედრა ზუგდიდში, რა თქმა უნდა, მკაცრად დავიცავთ სოციალურ დისტანცია” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ქვეყნის ჩაკეტვას ხელისუფლება 31 ოქტომბრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ რასაკვირველია, ლოკდაუნი მოსალოდნელია.

“მაგრამ ივანიშვილს ეს არ გამოუვა, რადგან ჩვენი შეხვედრები, ასევე, სამობილიზაციო ეტაპებიცაა იმ შემთხვევისთვის, თუ ივანიშვილს არჩევნების მოპარვაზე ხელი წაუცდება. მე მშვიდობიანად გადავაბარე ხელისუფლება და მზად ვართ, ასევე, მშვიდობიანად გადმოვიბაროთ უკან” – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, პანდემიის მიუხედავად, ერთჯერადად არჩევნების დღეს ხალხს უბნებზე მისვლის არ უნდა შეეშინდეს, რადგან ქვეყნის მომავლისთვის ეს აუცილებელია.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პანდემია მთელ მსოფლიოშია, მაგრამ ის კოლაფსი, რაც ახლა საქართველოში ხდება დაავადების მართვის კუთხით, კორუფციის შედეგია, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თან ფულიც გაეკეთებინა.

მესამე პრეზიდენტი წინასაარჩევნო სიტუაციასაც შეეხო და განაცხადა, რომ არჩევნების გადადება უარყოფითად აისახება “ქართული ოცნებაზე”.

“არჩევნები გაზაფხულამდე რომც გადადონ, ისინი 3-4 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებენ, ახლა კი აქვთ შანსი, არჩევნების შემდეგ გახდნენ მთავარი ოპოზიციური ჯგუფი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მთავარი