„სააკაშვილი პრემიერი ვერ გახდება ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშიც კი“

„სააკაშვილი პრემიერი ვერ გახდება ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშიც კი“მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაშიც კი სააკაშვილის პრემიერობა ვერ მოხერხდება და საჭირო იქნება სხვა კანდიდატზე შეჯერება.

– რატომ?

– ჯერ მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს, მერე კანონთან დაკავშირებით უამრავი პროცედურაა, სააკაშვილთან დაკავშირებით და შესაძლოა ამას 6 თვეც კი დაჭირდეს. მთავრობა უნდა არსებობდეს, 6 თვე ხომ ვერ მოიცდის?! სანამ სააკაშვილი ამ პრობლემებებს მოაგვარებს და საქართველოში ჩამოსვლას შეძლებს, ჩვენ ან შევჯერდებით სხვა პრემიერობის კანდიდატზე, რომელიც არ ჩანს, ან მოხდება სამთავრობო კრიზისი.

– ხომ იცოდნენ, რომ სააკაშვილის პრემიერად დასახელება სიტუაციას ჩიხში შეიყვანდა, რატომ დაასახელეს, მაინცდამაინც ის?

– ეს ჰკითხეთ ნაციონალურ მოძრაობას. მე რა ვიცი, რატომ?! გადასარევად იცოდა ყველამ ყველაფერი! ამაზე დამიწყებენ ლანძღვა-გინებას ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, მაგრამ ეს რეალობაა, ხომ?! რეალობას უნდა შეხედო თვალებში, რომ მერე არ მოხდეს საპარლამენტო კრიზისი, რაც გამოიწვევს სამთავრობო კრიზისს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ან ამავე ხელისუფლებამ მოახერხოს მერე მთავრობის შექმნა და უარესი, საჭირო გახდეს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

თუ ოპოზიციური კოალიცია შედგა. იქ უკვე მშვიდად უნდა დასხდნენ და ძალიან ცივ გონებაზე გადაწყვიტონ, რა შეიძლება იყოს. ან სულაც სხვა პარტიის წარმომადგენელი გახდეს პრემიერმინისტრი.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა