სალომე სამადაშვილი – “31 ოქტომბერი იქნება ძალიან მწარე „ოცნებისთვის“

სალომე სამადაშვილი - "31 ოქტომბერი იქნება ძალიან მწარე „ოცნებისთვის“8 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ 63%-ს აიღებს. “ახალი თაობა” ნაციონალების ერთ-ერთ ლიდერს, სალომე სამადაშვილს, ესაუბრა:

_ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ მას და მის პარტიას დაკარგული აქვს საზოგადოებაში რეპუტაციაც და მხარდაჭერაც. სწორედ ამიტომ დადგა სპექტაკლი, რომელსაც, სამწუხაროდ, ორი ადამიანის ცხოვრება ეწირება. მხედველობაში მაქვს „კარტოგრაფების საქმე“.

არჩევნების წინ მას სჭირდება, რომ საკუთარ მომხრეებს გაუმაგროს ზურგი. სწორედ ამიტომ ავრცელებს ასეთი შინაარსის განცხადებას, მაგრამ რეალურად ამ ხალხს ატყუებს ბიძინა ივანიშვილი.

_ რატომ აირჩია მან წერილობითი განცხადების გზა, განსხვავებით წინა არჩევნებისგან, როდესაც კონტროლირებადი ტელეარხების საშუალებით მიმართავდა ხოლმე მაყურებელს?

_ ჩვენ ვნახეთ ივანიშვილი, რომელმაც მიმართა სიტყვით ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ შეკრებაზე. მან ფაქტობრივად იმითაც აღარ შეიწუხა თავი, რომ რაღაცა ახალი დაპირებები გაეცა და მოეტყუებინა ამომრჩეველი. ძირითადად ეს იყო ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის ლანძღვა კიდევ ერთხელ. ის არის მოწყვეტილი რეალობას, არ აქვს არაფერი სათქმელი.

ივანიშვილმა წერილობითი ფორმით დაიწყო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, სანამ ის მედიაში გამოჩნდებოდა. შესაძლოა, პოლიტიკიდან წასვლასაც ამ ჟანრით ფიქრობს.

_ მას უკვე მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა?

_ მე დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერი იქნება ძალიან მწარე „ოცნებისთვის“ და ძალიან მწარე მარცხს განიცდიან საპარლამენტო არჩევნებში. არავინ აპირებს, რომ მას მისცეს შესაძლებლობა, რომ წავიდეს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა