“ცესკომ კონსტიტუცია შეცვალა” – გურამ ჩალაგაშვილი

"ცესკომ კონსტიტუცია შეცვალა" - გურამ ჩალაგაშვილი“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ცესკოს დადგენილებას აპროტესტებს.

– რომელ დადგენილებას გულისხმობთ?

– შეიკრიბენ ცესკოში ეს ადამიანები და თქვეს, რომ 26 ოქტომბრამდე ვინც მოასწრებს შესვლას საკარანტინე ზონაში, მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ ვისაც მოუწევს 27-ში, 28-ში, 29-ში ან 30-ში, ამ ადამიანებს ერთმევათ ის უფლება, რომელსაც კონსტიტუცია ანიჭებთ! ცესკომ ჩვეულებრივად შეცვალა კონსტიტუცია! ეს არის სრული მარაზმი და ამის გამო, ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ. კონსტიტუციას ცვლის ცესკოს რამდენიმე წევრი, რომლებიც არიან “ქართული ოცნების” ყურმოჭრილი მონები.

– 27 ოქტომბრის მერე, თუ კარანტინში მოვხვდი, ხმის მიცემის უფლება მერთმევა?

– დიახ, ზუსტად ასეა და ვერაფერს ვეღარ იზამ. ამის უფლებას გართმევენ. კონსტიტუცია შეცვალეს. კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას ართმევენ ადამიანებს.

– საკარანტინე ზონებში და კლინიკებში ათასობით ადამიანია მოთავსებული, ისინი რამდენად შეძლებენ მონაწილეობას და მათი ხმები რამდენად იქნება დაცული?

– საკარანტინე ზონაში ცხადია ჩვენ არავინ მოგვცემს შესვლის უფლებას, სრული ეკიპირებით აღჭურვილი პირები შევლენო. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რასაც უნდათ, იმას იზამენ. რა შედეგსაც უნდათ, იმ შედეგს გამოიტანენ.

მინდა გავაფრთხილო “ოცნება“, რომ თუ ასე მოიქევიან, ეს იქნება ბოლო წერტილი იმისა, რომ საბოლოო განაჩენი გამოუტანონ ამ ხელისუფლებას. ივანიშვილს ამას არავინ არ აპატიებს. ქართველები ამტანები არიან, მაგრამ ამდენ ტყუილს და თვალში ნაცრის შეყრას არავის აპატიებენ.

თუ ჰგონიათ, რომ არჩევნებს გააყალბებენ, ძალიან შემცდარან.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა