არჩილ თალაკვაძე – “ერთად გადავამოწმოთ ოპოზიციის მიერ დასმული ყველა საკითხი”

არჩილ თალაკვაძე - "ერთად გადავამოწმოთ ოპოზიციის მიერ დასმული ყველა საკითხი"პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან დიალოგის ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი იყო.

“პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. ჩვენ იმთავითვე ვთქვით, რომ დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის არის ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებში. ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან შედეგამდე მივალთ. ჩვენი სურვილია, დავუახლოვოთ პოზიციები. დღევანდელი შეხვედრაც, გარკვეულწილად, ამას ემსახურებოდა. ჩვენ გავცვალეთ არგუმენტები, ყველას ყურადღებით მოვუსმინეთ.

რაც მთავარია, უნდა აღვნიშნო აშშ-ს ელჩის და ევროკავშირის ელჩის მონაწილეობის პოზიტიური მნიშვნელობა, მათ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოხატეს, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი დასრულდეს მნიშვნელოვანი შედეგით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ შემდეგი რაუნდი შედგება უახლოეს დღეებში.

ჩვენი პასუხი და პოზიცია არის მკაფიო – მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი, რომელიც იყო ოპოზიციის მხრიდან დასმული. ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული და გახსნილი პოზიცია, ჩვენ გვსურს მივიდეთ იმ შედეგთან, როცა, საბოლოო ჯამში, ყველა პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი განაგრძობს ფუნქციონირებას კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად.

არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას მოლოდინი, რომ პირველ შეხვედრაზე ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა პოლიტიკური დიალოგის დაწყება პოზიტიურია, გავცვალეთ არგუმენტები და კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ ერთმანეთს. მე მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება,”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რუსთავი 2