ენდიაი – “განმეორებითი არჩევნები უნდა დაინიშნოს იქ, სადაც საჭირო იქნება”

ენდიაი - "განმეორებითი არჩევნები უნდა დაინიშნოს იქ, სადაც საჭირო იქნება"მთავრობამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გაწიოს იმისთვის, რომ სწრაფად და სწორად განიხილოს საჩივრები, ჩაატაროს ხელახალი დათვლა და გამართოს განმეორებითი არჩევნები, სადაც ეს საჭიროა,- ამის შესახებ „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ საქართველოს ოფისის დირექტორმა ალან გილამმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა გამოძებული იყოს ძალადობისა და დაშინების შესახებ გავრცელებული ცნობები და კანონის სრული ძალით გასამართლდნენ მისი დამრღვევები.

„21 ნოემბერს მეორე რაუნდის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ ბევრი უნდა გააკეთოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ არჩევნების მიმართ, საზოგადოებას ნდობა ჰქონდეს.

ყველა მონაწილე მხარემ უნდა გაწიოს ძალისხმევა სიტუაციის დეესკალაციისკენ, შექმნას მშვიდობიანი გარემო და ფოკუსირება მოახდინოს 21 ნოემბერს დანიშნულ მეორე ტურზე. პარტიებმა და კანდიდატებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ დაასაბუთონ საჩივრები, საარჩევნო დარღვევები თუ სახელწიფო რესურსის ბოროტად გამოყენება, ამომრჩეველზე ზეწოლა და ძალადობა, და ამის გამოსასწორებლად ლეგალური პროცედურები გამოიყენონ”, – აცხადებს ალან გილამი.

სანამ ცნობილი არ იქნება საჩივრების განხილვის პროცესის შედეგი, ნაადრევია იმის თქმა, უნდა გაუქმდეს თუ არა ამ არჩევნების ნებისმიერი ნაწილი.

„შემდეგი გამოცდა მეორე ტურია, რომელიც უნდა გაიმართოს მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან გარემოში და შიშისა და დაშინების გარეშე. მთავრობამ და საარჩევნო უწყებების ოფიციალურმა პირებმა დაუყოვნებელი და მდგრადი ნაბიჯები უნდა გადადგან იმის საჩვენებლად, რომ ამომრჩევლის ნებას პატივს სცემენ“, – აცხადებს ალან გილამი, “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

იპნ