გია ხუხაშვილი – „100 დეპუტატი თუ არ იქნა, პარლამენტის სხდომა ვერ ჩატარდება, „ოცნება“ კი 100 მანდატს ვერ იღებს“

გია ხუხაშვილი - „100 დეპუტატი თუ არ იქნა, პარლამენტის სხდომა ვერ ჩატარდება, „ოცნება“ კი 100 მანდატს ვერ იღებს“ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება:

_ პარლამენტი რომ შედგეს, მინიმუმ 100 წევრი უნდა იყოს. მიუხედავად ამდენი ძალისხმევისა, „ოცნება“ 100 წევრს ვერ აგროვებს.

_ მე ვესაუბრე კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს და მან თქვა, რომ კონსტიტუციაში არ არის კონკრეტული ჩანაწერი და ორ ნაწილად იყოფა კონსტიტუციონალისტების აზრი.

_ დიდი ბოდიში. ჩანაწერი რომ არ არის, ერთია, მაგრამ მეორეა ის, რომ ჩიხია. რა შუაშია კონსტიტუციაში ჩანაწერი?! თუ 100 კაცი არ შევიდა პარლამენტში, მაშინ სხდომა ვერ გაიხსნება, შესაბამისად, ყველაფერი პარალიზებული იქნება. სხვა გზა რა რჩება, გარდა რიგგარეშე არჩევნებისა. შეუძლებელი იქნება, პარლამენტი ვერ შედგება. კონსტიტუციაში არის ჩანაწერი თუ არა, მაგას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. პრაქტიკულად მივიღებთ სიტუაციას, როდესაც პარლამენტი ვერ იმუშავებს.

_ როგორც მინიმუმ, საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მოხდება.

_ რა თქმა უნდა, ვერც საკონსტიტუციო ცვლილებები მოხდება და უფრო მეტიც სხდომას ვერ ჩაატარებს უმრავლესობა. სხდომა რომ გაიხსნას, მას 100 დეპუტატი უნდა ესწრებოდეს. 2/3 თუ არ იქნება, მაშინ პარლამენტი მუშაობისთვის უფლებამოსილი ვერ იქნება. ამაშია პრობლემა.

კი ბატონო, შესაძლოა პირდაპირი ჩანაწერი არ არის, რომ თუ 100 პარლამენტარი არ იქნება, მაშინ რიგგარეშე არჩევნები ინიშნება, მაგრამ თუ პარლამენტმა მუშაობა არ დაიწყო, მაშინ რიგგარეშე არჩევნების გარდა სხვა რა გამოსავალია?!

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა