გია ხუხაშვილი – “ხელისუფლებამ ოპოზიციას 50.000 ხმა ჩაუდო”

გია ხუხაშვილი - "ხელისუფლებამ ოპოზიციას 50.000 ხმა ჩაუდო"ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” შაბათს ჩატარებულ მეორე ტურზე საუბრობს.

_ ირაკლი კობახიძემ თქვა, 50.000 ადამიანმა მისცა ოპოზიციას ხმა, მაგრამ ჩვენი უპირატესობა იმდენად დიდი იყო, შანსი არ ჰქონდათო…

_ ეს იმდენად სასაცილოა… მაშინ, როდესაც ყველა ოპოზიციური პარტია მოუწოდებდა თავის ამომრჩეველს, არ მიხვიდეთ არჩევნებზეო, ცოტა წარმოუდგენელია, რატომ მივიდა ეს ამომრჩეველი წინასწარ წაგებულ თამაშში მონაწილეობის მისაღებად?!

მე გამიგია ნარკოტიკების ჩადება, იარაღის ჩადება გამიგია, მაგრამ მე ეს ქართული ნოუჰაუა, ხმის ჩადებაც ისწავლა ხელისუფლებამ. 50.000 ხმა ჩაუდეს ოპოზიციას.

_ საუბრობენ ფარულ აგიტაციაზე, ფარული კამპანიის წარმოება შესაძლებელია?

_ ძალიან სასაცილო თემაა. ანუ პარტია ხმამაღლა აცხადებს და თავის ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ არჩევნებზე არ მივიდეს, რადგან თავად ბოიკოტის რეჟიმშია და არ  მონაწილეობს მეორე ტურებში. ამ დროს თურმე მიდიან ჩუმად მათთან და ყურში ეუბნებიან, რომ კი მოგიწოდებთ, რომ არ წახვიდეთ, მაგრამ მაინც წადით არჩევნებზეო.

ეს წარმოუდგენელი იდიოტიზმია, მაგრამ ეს არის ცინიზმი. კობახიძე ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული შემთხვევაა. ისტორიაში ასეთი პერსონაჟი არც მახსოვს. ბევრი გამაღიზიანებელი მინახავს, მაგრამ ასეთი აბსოლუტური ცინიზმი არა. ასე გეზიზღებოდეს საკუთარი ხალხი და ასე ბრიყვებად თვლიდე, რომ რაც არ უნდა თქვა, ყველაფერს „შევაჭმევ“, ეს არის ცინიზმის განსაკუთრებული პროდუქტი.

_ ეს სურათი მთლიანად „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა და მთლიანად მასზეა ეს პასუხისმგებლობა?

_ არა, მთლიანად „ქართულ ოცნებაზე“ არ არის პასუხისმგებლობა. ვერც ოპოზიცია გამოიყურება მაინცდამაინც წელში გამოყვანილად.

ხელისუფლებას სუსტი ლეგიტიმაციის პირობებში აქვს სერიოზული პრობლემები. ამ ყველაფერს აგვირგვინებს პოლიტიკური კრიზისი, რაც რისკებს აათმაგებს.

შეიძლება ითქვას, რომ ტექტონიკური რყევები გვექნება.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა