იაგო ხვიჩია – „პარლამენტში შესვლა მინდა, მაგრამ ვერ შევდივარ“

იაგო ხვიჩია - „პარლამენტში შესვლა მინდა, მაგრამ ვერ შევდივარ“ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე საუბრობს:

_ მე მინდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ ვერ შევდივარ იმის გამო, რომ პარლამენტი არ არის. იმ შენობაში, სადაც გვეუბნებიან – შედით აქ არის პარლამენტიო, იქ შესვლა უხერხულია. ასე მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“ ვითარება. აქედან გამომდინარე ის კი არ არის მთავარი, რომ დაემუქრონ შედით პარლამენტშიო, არამედ დაელაპარაკონ, რათა თავისი ნებით შევიდნენ. იმ პარლამენტში ყოფნა რომ არასერიოზულია, მე მგონი, მაგას ჩემი კომენტარი არ სჭირდება.

_ დროდადრო ასეთი ინფორმაციებიც ვრცელდება ხოლმე, რომ „გირჩი“ ფიქრობს პარლამენტში შესვლაზე. ამაზე რას იტყოდით?

_ მართალია. მეც ვახსენე, რომ პარლამენტში შევლა გვინდა-მეთქი, მაგრამ პარლამენტი არ არის. „გირჩი“ პარლამენტში შესვლისთვის იბრძოდა და იმიტომ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

_ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისთვის, რაც პარლამენტში შესვლაზე დაგითანხმებდათ? 

_ ამ ფორმატით მაგაზე საუბარი არასერიოზულია. ასეთი საკითხები წყდება მოლაპარაკების მაგიდასთან. იქ სხედან ჩვენი წარმომადგენლებიც და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც. ეს საკითხები იქ უნდა გაირჩეს და არა – მედიის საშუალებით.

_ რა შეიძლება იყოს ეს კომპრომისი ოპოზიციისგან?

_ ვერ გეტყვით. ცდილობთ, რაღაცა მათქმევინოთ, მაგრამ, ჯერ ერთი, არც ვიცი, რადგან მოლაპარაკების პროცესი იქ არის და ვერ გეტყვით, რა შეიძლება იყოს კომპრომისი, ეს დამოკიდებულია მოლაპარაკების პროცესზე და არა ის, რომ ვიღაცა კომპრომისზე გამოხატავს მზაობას.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე პარტია მსჯელობთ ბლოკისა და თუ კოალიციის შექმნაზე და მათ შორის დასახელდა „გირჩიც“. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას?

_ არა. რეალური არ არის. ჩვენ ამაზე გავაკეთეთ განცხადებაც. „გირჩი“ არავისთან არ განიხილავს კოალიციის გაკეთებას.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა