“ივანიშვილი 1 მილიონს აძლევს ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, ვინც პარლამენტში შევა“

"ივანიშვილი 1 მილიონს აძლევს ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, ვინც პარლამენტში შევა“შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში? – ამ საკითხზე “ახალ თაობასთან” “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი საუბრობს.

– ოპოზიციიდან შევა ვინმე პარლამენტში? არის მოწოდება დასავლეთიდან, რომ შევიდეს ოპოზიცია, ელჩებიც გულმოდგინეთ ცდილობენ, რომ რაღაც შეთანხმება შედგეს, გამოვა რამე აქედან?

– აბა ელჩები სხვას რას იზამენ?! თუ ვინმეს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ელჩები გამოვიდოდნენ და იტყოდნენ არ შეხვიდეთ პარლამენტში და გააგრძელეთ პროტესტიო, ძალიან შემცდარა. ეგ მათი მოვალეობაა, რომ მეტ-ნაკლებად მშვიდი და სტაბილური სიტუაცია შექმნან და სტაბილურ ქვეყანაში მოუწიოთ საქმიანობა.

ყველა თანხმდება იმაზე, “ქართული ოცნების” გარდა, რომ ეს არჩევნები კანონმდებლობასთან მიახლოებითაც კი არ ჩატარებულა. მიუხედავად იმისა, რომ იყო უხეში დარღვევები, მაინც რასაც უნდათ, იმას აკეთებენ.

პარლამენტში შესვლა ნიშნავს იმას, რომ ეს არჩევნები ჩატარებულად უნდა აღიაროს ოპოზიციამ, მაგრამ რაც არ ჩატარებულა, იმას ვერ აღიარებს.

– მაინც არის მოლოდინი, რომ შევლენ ოპოზიციის წევრები პარლამენტში.

– ადამიანები, რომლებიც არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც მართლა ამ ქვეყნის მომავალი და თავისი შვილების ბედი აწუხებს, ამ პარლამენტში არ შევლენ.

გავრცელდა ინფორმაცია, პარლამენტში შესულ თითო ოპოზიციურ დეპუტატში ბიძინა ივანიშვილი თავიდან ერთ მილიონს იხდიდა და ახლა კიდევ გაზარდა საფასურიო. მათი გადასაწყვეტია, ვინც ივანიშვილის მილიონებს აიღებს. თუმცა ერთი და ორი ოპოზიციონერი დეპუტატი რომც შევიდეს პარლამენტში, ამით მაინც ვერ მოხდება ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა